Accessibility links

logo-print

დასჯილი მოსამართლეები თავს კომედიის გმირებად გრძნობენ

  • ნინო როდონაია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებმა, რომელთა მიმართ სადისციპლინო კოლეგიამ სანქციები გასული წლის ბოლოს აამოქმედა, ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება ვერც სამშაბათს მიიღეს.

კოლეგიის წევრები კანონით დადგენილი ვადის დარღვევაში მოსამართლეებმა ორშაბათს დაადანაშაულეს და პასუხად წლის პირველსავე სამუშაო დღეს, ანუ სამ იანვარს, დასკვნის ჩაბარების პირობა მიიღეს.

დასჯილმა მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს შენობიდან, წერილობითი დასკვნის ნაცვლად, სამშაბათს რამდენიმე ახალი ზეპირი ინფორმაცია გამოიტანეს. მინდა მათ შინაარსსა და მოსამართლეთა დამატებით პრეტენზიებზე მოგითხროთ.

სამშაბათს, დღისით, იუსტიციის საბჭოში ამ ორგანოს სადისციპლინო კოლეგიის ვერდიქტის წერილობითი ვარიანტის წამოსაღებად მისულ მოსამართლეებს ოფიციალური გადაწყვეტილება კვლავ არ დაახვედრეს და განუმარტეს, რომ დასკვნა ასლების გადასაღებად გაიგზავნა:

[მერაბ ტურავას ხმა] ,,თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც ამ შენობაში გადაწყვეტილება არა აქვს ჩვენ მიმართ გამოტანილი. და გვეუბნებიან, ვადებთან დაკავშირებით არა ხართ დასჯილებიო, იმიტომ, რომ ვადებთან დაკავშირებით კუბლაშვილსაც ჰქონდა პრობლემები და სადისციპლინო კოლეგიასაც ჰქონდა პრობლემები. თუ ვადები მოხსნეს, რა დატოვეს და რისთვის გაგვათავისუფლეს სამსახურიდან, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუგებარია ჩემთვის.” (სტილი დაცულია)

მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელიც სიტუაციას კომიკურს უწოდებს, კიდევ სამ კოლეგასთან ერთად, სადისციპლინო კოლეგიამ უფლებამოსილება დეკემბრის ბოლოს შეუჩერა, საპროცესო ვადების დარღვევის ბრალდებით. ზეპირ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათდამი ეს პრეტენზია აღარ არსებობს, საქმეთა განხილვას ჩამოშორებული მოსამართლეები არ ენდობიან და ოფიციალურ წერილობით დასკვნას მოითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნა აქვს დავით სულაქველიძესაც, რომელსაც, დანარჩენი 4 მოსამართლისგან განსხვავებით, მხოლოდ შენიშვნა გამოუცხადეს. მიუხედავად მსუბუქი სასჯელისა, სულაქველიძე კოლეგიის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

[დავით სულაქველიძის ხმა] ,,უდანაშაულო კაცი, მოგეხსენებათ, ვერც პირობით მსჯავრს შეურიგდება და ვერც თავისუფლების აღკვეთას, როცა მას დანაშაული არ ჩაუდენია. იმავე მდგომარეობაში ვარ ახლა მე.” (სტილი დაცულია)


მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ კანონი კონკრეტულ საპროცესო ვადას არ უწესებს, განსხვავებით სადისციპლინო კოლეგიისგან, რომელსაც მოსამართლეებისთვის წერილობითი დასკვნის გაგზავნის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. ოფიციალური გადაწყვეტილება დასჯილ მოსამართლეებს გასაჩივრებისთვის სჭირდებათ. ამ პროცედურის საწყისი ინსტანცია კი კვლავ სადისციპლინო საბჭოა. მის იმ შემადგენლობას, რომელმაც მოსამართლეები უკვე დასაჯა, საჩივრის განხილვისას მხოლოდ ორი ახალი წევრი შეემატება. ამ პროცედურას მოსამართლე ნინო გვენეტაძე უკანონოს უწოდებს:


[ნინო გვენეტაძის ხმა] ,,არასამართლებრივია, მაგრამ რა ვქნათ?! ეს სადისციპლინო სამართალწარმოების კანონში უკვე დევს და ჩვენ ამ კანონს ახლა არავინ შეგვიცვლის. ძალიან სამწუხაროა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ჩვენ ამაზე ხშირად გაგვიმახვილებია ყურადღება, - რომ ის 4, ვინც შენ წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო, არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და 2 წევრი დაემატება თუ არა მას, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. იმ ორ წევრს რომც ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, გადაწყვეტილება არ შეიცვლება.” (სტილი დაცულია)


დასჯილმა მოსამართლეებმა ზეპირი სახით სადისციპლინო კოლეგიაში შეიტყვეს, რომ წერილობით დასკვნაში მათდამი პრეტენზიებად რჩება ბრალდებულთა მდგომარეობის არასათანადოდ შესწავლა და მეუღლის ცნების არასწორი ინტერპრეტაცია. იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა ოფიციალური გადაწყვეტილება დღემდე ვერ მიიღეს, სამშაბათს მათი უფლებების დასაცავად გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრ თამარ გურჩიანს დასკვნის გამოქვეყნების გაჭიანურება არ უკვირს:

[თამარ გურჩიანის ხმა] ,,საერთოდ, გადაწყვეტილება რაც უფრო აბსურდულია, მით უფრო ძნელია მისი დასაბუთება. სამოტივაციო ნაწილი და მისი არგუმენტაციების წყობა უნდა იყოს აბსოლუტურად დამაჯერებელი და აბსოლუტურად დამაჯერებელი ვერ იქნება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ერთი ეპიზოდის გარდა, ბრალდება დავით სულაქველიძისა და გვენეტაძე-ტურავასი ერთნაირი იყო. დავით სულაქველიძის სასჯელი შემოიფარგლა შენიშვნით, ხოლო მათი - გათავისუფლებით. ანუ აქ თანაბარზომიერება ეჭვქვეშ დგება, მიუხედავად იმისა, რომ დავით სულაქველიძე შენიშვნასაც კი არ იმსახურებდა სადისციპლინო კოლეგიისგან.” (სტილი დაცულია)

სადისციპლინო კოლეგიისგან წერილობითი დასკვნის მიღებისა და ამავე კოლეგიაში გასაჩივრების შემდეგ, მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს -უარყოფითი შედეგის შემთხვევაში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს - მიმართავენ. წერილობითი დასკვნის დაგვიანების მიზეზი ჟურნალისტებმა უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ვერ შევიტყვეთ, რადგან იუსტიციის საბჭოს შენობაში სამშაბათს საშვი მხოლოდ დასჯილი მოსამართლეებისა და მათი ადვოკატისთვის დაუშვეს. გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დასკვნას ხელს კოლეგიის ერთ-ერთი წევრი არ აწერს, ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
XS
SM
MD
LG