Accessibility links

logo-print

მოსკოვი კიევს გაზის მოპარვაში ადანაშაულებს


მოსკოვსა და კიევს შორის წარმოშობილი დავა უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების ტარიფებთან დაკავშირებით არათუ არ ცხრება, არამედ, პირიქით, სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს.

თანაც, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ფართოვდება ამ კონფლიქტით მეტ-ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების სია. მიუხედავად "გაზპრომის" თავდაპირველი მტკიცებისა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის შემცირება გავლენას არ მოახდენდა დასავლეთი ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდებაზე, პოლონეთმა, უნგრეთმა, ავსტრიამ და სლოვაკეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის შემცირებაზე საუბრობენ.

დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ორშაბათს გამოთქმული ბრალდება, უკრაინა გაზს იპარავსო. "გაზპრომი" სწორედ ამით ხსნის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ მილსადენში, რომლითაც ბუნებრივი აირი დასავლეთი ევროპის ქვეყნებს მიეწოდებათ, წნევა დაეცა.

"იმისთვის, რათა ევროპელი მომხმარებელი არ დავაზარალოთ, ვუზრდით გაზის მიწოდების მოცულობას იმ ქვეყნებს, რომლებსაც ბუნებრივი აირი უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით მიეწოდებათო" - აცხადებს "გაზპრომი". თუმცა, როგორც კომპანიის პრესმდივანი სერგეი კუპრიანოვი დასძენს, "გაზპრომის" სულგრძელობასაც აქვს საზღვარი.

[სერგეი კუპრიანოვის ხმა] "უკრაინა განაგრძობს გაზის მოპარვას. ხელთ გვაქვს კიდევ ერთი დღე-ღამის ოპერატიული მონაცემები: 2-დან 3 იანვრამდე მოპარულ იქნა 118,7 მილიონი კუბმეტრი გაზი. "გაზპრომი" ევროპელ მომხმარებელს უნაღზაურებს გაზის იმ მოცულობას, რომელსაც არასანქცირებულად ტუმბავს უკრაინა. მაგრამ ეს არ შეიძლება, უსასრულოდ გრძელდებოდეს. და ადრე თუ გვიან უკრაინას მაინც მოუწევს ფულის გადახდა."

ამ ბრალდებებებს კიევი არა მხოლოდ უარყოფს, არამედ "გაზპრომს" სიცრუეშიც ადანაშაულებს. აი, რა თქვა დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ნავთობკომპანია "ნაფტოგაზის" პრესმდივანმა ედუარდ ზანიუკმა:

[ედუარდ ზანიუკის ხმა] "აშკარაა, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელობა ცრუობს. გაზის არასანქცირებულ ამოტუმბვას ჯერ კიდევ მაშინ დაესვა წერტილი, როცა ვიქტორ იუშჩენკო პრემიერ-მინისტრად მუშაობდა."

უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 1999-2001 წლებში ეკავა. ანუ, უკრაინის მტკიცებით, გაზის არასანქცირებული ამოტუმბვა ხუთი-ექვსი წელია, აღარ ხდება, რაც მოსკოვს სიცილად არ ჰყოფნის.

ამ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემყურე დასავლეთევროპელები თანდათან სულ უფრო აქტიურად ერთვებიან თამაშში. ჯერ იყო და გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ავსტრიამ მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდეს კიევსა და მოსკოვს, შემდეგ ამავე შინაარსის განაცხადება გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ.

დღესვე, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროპის კომისიის პრესმდივანმა იოჰანეს ლაიტენბერგერმა განაცხადა:

[იოჰანეს ლაიტენბერგერის ხმა] "ევროპის კომისია მოუწოდებს დავაში დაპირისპირებულ მხარეებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. უთანხმოების მოგვარების საუკეთესო გზა მათთვის უდავოდ ერთმანეთთან საუბარი იქნებოდა."

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ კი - მოლაპარაკების განახლებისკენ მოწოდების გარდა - აღნიშნა: ეს კონფლიქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ევროპის კავშირს სასწრაფოდ ესაჭიროება ენერგეტიკის სფეროში თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებაო.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ენერგეტიკულ-ეკონომიკური კონფლიქტი სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკურ ხასიათს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები იმთავითვე ადანაშაულებდნენ მოსკოვს კიევზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაში, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს. დღეს, მოსკოვში მოწყობილ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მიხაილ კამინინმა სწორედ იმაზე ილაპარაკა, რომ მოსკოვს სულაც არ უნდა გაზის საკითხის პოლიტიზება.

[მიხაილ კამინინის ხმა] "კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ რუსეთის მხარე დაინტერესებულია უკრაინასთან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობის განვითარებით და არ სურს უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების საკითხის პოლიტიზება."

დასავლეთ ევროპაში გაზის იმპორტის მეოთხედი რუსეთზე მოდის, ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი ევროპის ქვეყნებს უკრაინაზე გამავალი მილსადენით მიეწოდებათ.
XS
SM
MD
LG