Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ახალი წლის დადგომისთანავე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006 წელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კვლავ რთული და პრობლემური იქნება.

1 იანვრიდან საქართველოსთვის რუსული გაზის ფასი გაორმაგდა. პარალელურად რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ანტირუსულ კამპანიას ეწევა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთ-საქართველოს ე.წ. დიდი ხელშეკრულების ხელმოწერის მიზანშეწონილობას.

3 იანვარს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. დიდი ხელშეკრულება მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოგვარების შემდეგ იქნება ხელმოწერილი. კარასინის შენიშვნით, ხელშეკრულების ხელმოწერამ, უპირველესად, უნდა შექმნას მეზობელი ქვეყნების ურთიერთობის ახალი საფუძველი. ეს კი შეუძლებელია იმ პირობებში, როცა, „სამწუხაროდ, თბილისში, სხვადასხვა დონეზე, ანტირუსული კამპანია გრძელდება“, რაც, რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნის თქმით, არ დააჩქარებს იმ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლის სრული დასახელება ასე ჟღერს: “ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ”. აქვე დიპლომატი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა კავშირში არ არის შეთანხმებასთან, რომელიც 2008 წლის ბოლოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესის დასრულებას ითვალისწინებს.

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე თანხმობას რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ წარუმატებლობად ასახელებს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი მიხეევი, რომელმაც წლის შედეგების შეფასებისას „ნეზავისიმაია გაზეტას“ განუცხადა, რომ თუ კრემლი ამ დათმობაზე წავიდოდა, გაუგებარია, რა საჭირო იყო წლების განმავლობაში მჯიღის გულში ცემა და ძახილი - ბაზებს საქართველოდან არ გავიყვანო. რაც შეეხება წარმატებას, მიხეევის აზრით, ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში პრაგმატული პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაც რუსეთის გაზის საფასურის ზრდით გამოიხატა.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ კიდევ ერთი ექსპერტი, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი ალექსანდრე სკაკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ამბობს: „2005 წელს საბოლოოდ გაირკვა, რომ ფერადი რევოლუციების სცენარი აღარ მუშაობს. საქართველოსა და უკრაინის მოვლენებით გამოწვეული ეიფორია დასრულდა.“

კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის უკრაინის განყოფილების უფროსი კირილ ფროლოვი, რომლის განცხადებითაც, რუსეთის ძლევამოსილების საკითხი უკრაინაში წყდება: „ან უკრაინა 2006 წელს ნატოს წევრი გახდება, ან რუსეთი უკრაინაზე რევანშს იღებს.“
XS
SM
MD
LG