Accessibility links

logo-print

უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის თაობაზე დავა შეწყდა


4 იანვარს რუსეთმა და უკრაინამ ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს შეთანხმებას გაზის ფასებთან დაკავშირებით.

შეთანხმება ხუთწლიანია. ამ შეთანხმებით, უკრაინა 95 დოლარს გადაიხდის ათასი კუბური მეტრი გაზისთვის. სიახლე ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომსა" და უკრაინას შორის გაზის თაობაზე გარიგებაში მონაწილეობას მიიღებს კომპანია "როსუკრენერგო", რომელსაც ნაწილობრივ "გაზპრომი" ფლობს.

ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმება უკანა რიცხვით, 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. როგორც "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გამოაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, მან და მისმა კოლეგამ, უკრაინის "ნაფტოგაზის" შეფმა ოლექსი ივჩენკომ ღამის სამის ნახევარზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ორივე მხარის მოთხოვნებს.

[მილერის ხმა] "დარწმუნებული ვართ, რომ შეთანხმებები, რომელთაც მივაღწიეთ, უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის და კარგ საფუძველს წარმოადგენს გაზის სექტორში რუსეთ-უკრაინის თანამშრომლობის განვითარებისთვის საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით."

თავის მხრივ, ოლექსი ივჩენკომაც მოიწონა გაზის სფეროში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საბაზრო მექანიზმებზე დამყარება.

[ივჩენკოს ხმა] "ამგვარად, ჩემის აზრით, მთლიანად საბაზრო ურთიერთობებზე გადავდივართ და ეს საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ის მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი კომპანიებისთვის."

გარიგება საკმაოდ რთულ სისტემაზეა დამყარებული. გაზპრომი გაზს მიჰყიდის როსუკრენერგოს 230 დოლარად (ეს ის თანხაა, რომელსაც გაზპრომი უკრაინისგან ითხოვდა). შემდეგ როსუკრენერგო ამ გაზს შეურევს ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან მიღებულ გაზს და საბოლოოდ უკრაინას მიაწვდის 95 დოლარად.

კომპანია როსუკრენერგო 2004 წლის ივლისში შეიქმნა გაზპრომბანკისა და კერძო ინვესტორთა ჯგუფის მიერ, უკრაინისთვის თურქმენეთის გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ოთხშაბათსვე მილერმა და ივჩენკომ გამოაცხადეს, რომ დღესვე მიღწეულია შეთანხმება რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების თაობაზე.

ამ სქემის მიხედვით, გაზპრომი "ნაფტოგაზ უკრაინი"-ს 1,6 დოლარს გადაუხდის ყოველ ას კილომეტრზე ათასი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებისთვის. ამჟამად უკრაინის კომპანია რუსეთისგან 1,09 დოლარს იღებს.

ცვლილებაა გადახდის წესშიც. ტრადიციულად საფასურის გადახდა ხდებოდა ნაწილობრივ ნაღდ ფულად, ნაწილობრივ ბარტერის სახით. ამიერიდან ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით მოხდება.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მილერმა და ივჩენკომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სატრანზიტო ფასებს კავშირი არ ექნება "გაზპრომის" მიერ როსუკრენერგოსთვის მიყიდული გაზის ფასებზე.

დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ენერგეტიკის მესვეურები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მაგრამ შეხვედრის კულუარებში უკვე გაისმის შეკითხვა: რამდენად დასაშვებია, რომ ევროპის კონტინენტი რუსეთის ენერგომატარებლებზე იყოს დამოკიდებული?

ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კომისარმა ანდრის პიებალგსმა დამსწრეთ შეახსენა, რომ დროა, ევროკავშირმა ენერგიის სფეროში ერთიანი სტრატეგია შეიმუშაოს.

ავსტრიის ეკონომიკის მინისტრის, მარტინ ბარტენშტაინის თქმით, მისი ქვეყანა, რომელმაც გადაიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა, უახლოეს თვეებში ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

მაგრამ რამდენად იოლია რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება?

ექსპერტთა აზრით, მრავალ ქვეყანაზე გაზსადენის გატარება თავის თავში შეიცავს რისკს, რომ რომელიმე მონაკვეთზე დესტაბილიზაციამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას მთელ სადენს.

ამიტომაც დათანხმდა გერმანია სადაო პროექტს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის გატარებას ბალტიის ზღვის ფსკერზე პირდაპირ რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში.

არსებობს სხვა ალტერნატივაც - გაზის გათხევადება და ტანკერებით ტრანსპორტირება პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე.

კიდევ ერთი ალტერნატივაა ბირთვული ენერგია. ფინეთმა, მაგალითად, უკვე დაიწყო მსოფლიოში უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა, ვინაიდან იგი 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე.

ევროკომისარი პიებალგსი კი ფიქრობს, რომ ყველაზე ბრძნული გზაა ევროპაში ენერგიის მოხმარების შემცირება და ენერგიის განახლებად წყაროებზე მუშაობის გაგრძელება, თუკი ევროპას სურს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული გარე სამყაროზე.
XS
SM
MD
LG