Accessibility links

ორი წლის წინ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა


ორი წლის წინ, 2004 წლის 4 იანვარს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ექვსი პრეტენდენტიდან ყველაზე მეტი ხმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ვარდების რევოლუციის“ მთავარმა შემოქმედმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მას მხარი 1 მილიონ 900 ათასმა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 96 პროცენტმა, დაუჭირა. როგორი იყო უკანასკნელი ორი წელიწადი საქართველოსთვის და რას ფიქრობენ თბილისელები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შესახებ?

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლით გაიმარჯვა. მიხეილ სააკაშვილის კონკურენტებს მხარი აქტიური ელექტორატის მხოლოდ 3 პროცენტმა, ანუ 50 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა. ქვეყნის ახალმა პოლიტიკურმა ლიდერმა საკუთარ წარმატებას ასეთი ახსნა მოუძებნა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ამ ხალხის იმედი ახლა ვარ მე. ამათი იმედის გაცრუებას მართლა სჯობია სიკვდილი.“

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ამომრჩეველს იმედი არ გაუცრუვდეს, მაგრამ პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად, იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ყურადღებას რესპონდენტთა მესამედი ამახვილებს. თუმცა უმჯობესია მოვუსმინოთ თავად თბილისელებს, რომლებიც,
ჩემი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ორ წელს აჯამებენ.

[მამაკაცის ხმა] „რა თქმა უნდა, კარგს აკეთებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის შემოერთებასთან დაკავშირებით. საქართველო უნდა გაერთიანდეს. სხვანაირად ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ!“

[ქალბატონის ხმა] „პირველ რიგში, უნდა ამუშავებულიყო საწარმოები, რათა დასაქმებულიყვნენ ადამიანები. ისევ არის უმუშევრობა, ისევ გარბის ქართველობა. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი და სიძე ამ პერიოდში საზღვარგარეთ წავიდნენ, იმიტომ რომ აქ ვერ დასაქმდნენ.“

[მამაკაცის ხმა] „ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი 5 წლით. ამიტომ ცუდია, როცა ზოგიერთი ახლავე გამოთქვამს უკმაყოფილებას. მეტი დაფიქრება გვმართებს. სანამ ურნასთან მიხვალთ, უნდა დაფიქრდეთ, ვის აძლევთ ხმას. თუ მიეცით ხმა, 5 წელი მხარიც უნდა დაუჭირო.“

ორი წლის წინ საარჩევნო ურნასთან არ მისულა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც 2009 წლამდე, ანუ მომავალ არჩევნებამდე, მოცდას არ აპირებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენ ყოველ წუთს მზად ვართ შევცვალოთ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი მაქსიმალურად მშვიდობიანი საშუალებებით. მთავარია ხალხის ორგანიზება, ხალხის მობილიზება და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მზადყოფნა იმისათვის, რომ არ დაიხიონ უკან და არ დაჯდნენ სახლში ტელევიზორთან.“(სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვისებრივად ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას ცდილობს, თუმცა ჩემს რესპონდენტს დემოკრატიის თვალშისაცემი დაკნინება აშფოთებს:

[გია ნოდიას ხმა] „დემოკრატიის არსი ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების გამიჯვნა ურთიერთისგან, შეფარდებითი დამოუკიდებლობა და ერთმანეთის გაწონასწორება. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მმართველობის სისტემა ძალიან შორს არის დემოკრატიულისგან. ფაქტობრივად, საქართველოში რაც ხდება, მთლიანად არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ მცირე ჯგუფზე.“

გია ნოდიას ნათქვამს ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებით კმაყოფილ ადამიანთა რიცხვი განუხრელად მცირდება. თავად განსაჯეთ: 2004 წლის ოქტომბერში გამოკითხულთა 68 პროცენტი ამბობდა, რომ კმაყოფილია დემოკრატიის განვითარებით. ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 52 პროცენტამდე დაეცა.
XS
SM
MD
LG