Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეცნიერები პრეზიდენტისგან ახალი კანონის შეჩერებას ითხოვენ


მეცნიერთა ერთმა ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებათა ამოქმედების შეჩერება ითხოვა.

საუბარია ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების კანონის” იმ დამატებაზე, რომელიც აკადემიური სამეცნიერო სისტემის რეორგანიზაციას ითვალისწინებს. ამ გეგმას წერილის ავტორები საქართველოში არსებულ სამეცნიერო დაწესებულებათა გაუქმების დასაწყისად აფასებენ.

პრეზიდენტისადმი ღია წერილს ხელს აწერენ ის მეცნიერები, რომლებმაც გასულ წელს შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის.” ამ ორ სფეროში მიმდინარე პროცესებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი მოძრაობის ინიციატორებს არაერთხელ გამოუთქვამთ და ერთადერთ მიღწეულ შედეგად იმას მიიჩნევენ, რომ “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების” შეცვლილი კანონი, თავდაპირველი პროექტისგან განსხვავებით, მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობას და სამეცნიერო ფონდების საქმიანობაში მეცნიერთა უპირატეს მონაწილეობას აღიარებს. მიუხედავად ამისა, ღია წერილის ავტორები პრეზიდენტისგან კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თემურ ნანეიშვილი შეშფოთების რეალურ საფუძვლად მიიჩნევს აკადემიური სამეცნიერო სისტემის რეორგანიზაციის იმ გეგმას, რომელსაც კანონი ითვალისწინებს:

[თემურ ნანეიშვილის ხმა] ,,გვინდა, რომ ვეტო დაედოს ამ კანონს, რამეთუ - იცით, ხშირად ვამბობ ხოლმე - ფოჩიანი კანფეტების დარიგებას ჰგავს ესა. იმიტომ რომ საბოლოო მიზანი თითქოს კეთილშობილურია, მაგრამ სინამდვილეში არ არის გაწერილი და ჩვენთვის ცნობილი, როგორ მოხდება ეს რეორგანიზაცია.” (სტილი დაცულია)

რეორგანიზაციის თანახმად, სამეცნიერო ინსტიტუტებს ეყოლებათ დირექტორის მოვალეობათა შემსრულებლები, რომლებსაც, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს:

[თემურ ნანეიშვილის ხმა] ,,ეს იქნება ფაქტიურად კომისარი, მათი დანიშნული. ეს საქართველომ გაიარა უკვე.” (სტილი დაცულია)

თემურ ნანეიშვილს, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში განვითარებულ ანალოგიურ პროცესსა და მის შედეგებს იხსენებს, ეჭვი ეპარება, რომ მოსალოდნელი კონკურსების გამოცხადებისა და ახალი ხელმძღვანელების დანიშვნისას ვინმე თავად ინსტიტუტების თანამშრომელთა აზრს გაითვალისწინებს. მეცნიერთა ამ ეჭვს რეალური საფუძველიც აქვს:

[თემურ ნანეიშვილის ხმა] ,,ვეჭვიანობთ იმას, რომ პირდაპირ გვითხრეს პარლამენტშიც და სხვაგანაც - თქვენ არ გენდობიან. რას ჰქვია, ჩვენ არ გვენდობიან?! ჩვენ რომანტიკოსები, მეცნიერები, რომლებიც 30 ლარად ვმუშაობდით ამდენი ხნის განმავლობაში და ეს 15 გაუსაძლისი წელი დღემდე მოვიტანეთ მეცნიერება. არ არის ისე საქმე, როგორც ლაპარაკობენ, რომ არ არის მეცნიერებაო. სკალირება რომ უყვართ ძალიან, ეს სიტყვა, შეადარეთ ერთი როგორ ფინანსდება ჩვენი მეცნიერება და რა პროდუქცია გვაქვს.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტისადმი მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონით განსაზღვრული რეორგანიზაცია საქართველოში აკადემიურ სამეცნიერო სისტემას დაშლის და, ფაქტობრივად, გააუქმებს ტრადიციულ სამეცნიერო დაწესებულებებს. ახალი კანონით, ინსტიტუტები მეცნიერებათა აკადემიის სისტემას ჩამოაშორეს და საჯარო სამართლის პირის სტატუსი მიანიჭეს. წერილის ავტორები განმარტავენ, რომ მათი შეშფოთების მიზეზი არა უშუალოდ აკადემიის, არამედ მეცნიერების მომავალია. ამასთან, მათთვის მიუღებელია ხელისუფლებისეული მუდმივი განმარტებები იმის თაობაზე, რომ მეცნიერებათა აკადემია კომუნისტური გადმონაშთია. მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ივანე კიღურაძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მეცნიერებათა აკადემიას განსაკუთრებული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, სტატუსი აქვს, იქ კი, სადაც ინსტიტუტები აკადემიას გაუმიჯნეს, კანონიც შესაბამისი მიიღეს:

[ივანე კიღურაძის ხმა] ,,ბალტიისპირეთში ეს ერთიანი სისტემა დაიშალა. გამოიყვანეს აკადემიიდან და ცალკე ინსტიტუტები არის, მაგრამ იმათ კანონი იცავს. იქ შემოიღეს ცნება სახელმწიფო-კვლევითი ინსტიტუტისა. განმარტებაში წერია: ესაა სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია საკმარისი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სტრუქტურას და დამოუკიდებლად განკარგავს სუბსიდიებს.” (სტილი დაცულია)

სამეცნიერო ინსტიტუტებს დამოუკიდებლობას საქართველოს ხელისუფლებაც ჰპირდება, თუმცა, ახალი კანონის შინაარსისა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მეცნიერებს ეჭვის რეალური საფუძველი რჩებათ. ისინი აცხადებენ, რომ სახელისუფლებო წრეებთან რაციონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა ამოწურეს და პირადად პრეზიდენტს სწორედ ამ მიზეზით მიმართავენ:

[თემურ ნანეიშვილის ხმა] ,,ვერც ერთხელ ვერ შევხვდით პრეზიდენტს, ვერ დაველაპარაკეთ. ცალმხრივად იღებს ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ შარაძის და ვიღაცა კიდევ ოდიოზური პარტიის წევრები ვართ. არავის პარტიის წევრები არ ვართ. ჩვენ ვართ მეცნიერების რიგითი მსახურები.” (სტილი დაცულია)

თემურ ნანეიშვილი და პრეზიდენტისადმი მიმართვის ხელმომწერი კიდევ 29 მეცნიერი მიხეილ სააკაშვილისგან, ახალი კანონის ამოქმედების შეჩერებასთან ერთად, მისი პირადი ზედამხედველობით ექსპერტ-მეცნიერთა კომპეტენტური კომისიის შექმნას და ამ გზით კანონის შესწორებას ითხოვენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG