Accessibility links

logo-print

უთოვლოდ დარჩენილი ბაკურიანი და მოწყენილი დამსვენებლები


საქართველოს ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში - ახალი წლის დღეებში ბევრმა დამსვენებელმა მოიყარა თავი. მათ შორის სულ უფრო მეტია

უცხოელი ტურისტი. თუმცა 2006 წელს თხილამურის მოყვარულებს გუდაურში უფრო გაუმართლა, ვიდრე ბაკურიანში. რატომ?

25 დეკემბრის შემდეგ ბაკურიანში არ უთოვია, რის გამოც ზამთრის კურორტზე დასასვენებლად და სათხილამუროდ ამოსული ადამიანები მალ-მალე იყურებიან ცისკენ და გაფაციცებით უსმენენ ამინდის პროგნოზს, რომელიც მათ ჯერჯერობით ვერაფერს სასიკეთოს ვერ ჰპირდება. მაგრამ ადამიანები იხტიბარს მაინც არ იტეხენ და სანამ ძველი თოვლი არ დამდნარა, სათხილამურო ტრასებზე მოწყობილ ბიგელებთან კვლავ დიდ რიგებს ნახავთ. 10 წლის გიორგი სალია დილის 10 საათზე უკვე ე.წ. 25 მეტრიანზეა, რათა ურიგოდ მოასწროს სრიალი.

[გიორგი სალიას ხმა]

ის, ვინც ბაკურიანში ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად ისვენებს, წელს რამდენიმე სიახლეს აღმოაჩენს. სახელგანთქმულ კურორტზე სასტუმროების მშენებლობის ბუმია. წელს ბაკურიანში ორი ახალი სასტუმრო გაიხსნა: “თბილისი” და “ვილა პალასი”. ორივე სასტუმრო გადავსებულია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ღამე აქ საკმაოდ ძვირი ჯდება.

[სასტუმროს თანამშრომლის ხმა]

ბაკურიანში წელს თვალშისაცემია უცხოელების სიმრავლე. თუ გუდაურში რუსი და უკრაინელი ტურისტები ჭარბობენ, ბაკურიანს უფრო საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთული დიპლომატიური მისიებისა და ორგანიზაციების თანაშრომლები ეტანებიან. მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ბაკურიანში შეხვდა ახალ წელს რუმინელი ანტონელა ბადი, რომელიც აღაფრთოვანა ქართული კურორტის ბუნებამ.

[ანტონელა ბადის ხმა] “ორი კვირის წინ ჩამოვედი და ძალიან მოხარული ვარ ბორჯომისა და ბაკურიანის ხილვით. ამინდი არაჩვეულებრივია. ასეთი სიამოვნება ბავშვობის შემდეგ არ განმიცდია. მე ვფიქრობ, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ცხოვრებით, თქვენს ხალხს ბუნებამ ბევრი უპირატესობა მიანიჭა.”

ბაკურიანში წელს სასტუმროდ გადაკეთებულ კიდევ უფრო მეტ სახლს ნახავთ, სადაც ერთი საწოლის დაქირავება, კვების გარეშე, საშუალოდ 15-20 ლარი ღირს. თუმცა მათთვის, ვინც წინასწარ არ დაიჭირა თადარიგი, ახალი წლის შემდეგ ასეთი ოთახების მოძებნაც კი საკმაოდ ჭირს. მით უფრო, რომ ბაკურიანში კიდევ ერთი სათხილამურო ტრასა უნდა გაიხსნას, რისთვისაც კურორტზე წელს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს ელოდებიან, - ამბობს ბაკურიანელი არტურ მკრტიჩიანი, რომელიც 25 მეტრიან ტრასაზე თხილამურებს აქირავებს.

[ არტურ მკრტიჩიანის ხმა]

და კიდევ, ბაკურიანში ამოსული ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი გართობა თოვლის ველოსიპედებით, ე.წ.“ბურანებით”, გასეირნებაა. ბაკურიანში წელს “ბურანების” მოყვარულებისათვის ახალი, გაცილებით უფრო დიდი ფართობის, ტერიტორია გამოიყო, თუმცა “ბურანების” მეპატრონეები მაინც ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც ხალხმრავლობაა.

[ბურანების ხმა]

“ბურანებით” გასეირნება მეც ვცადე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დამწვარი საწვავის ბოლი ბლომად ვყლაპე, ისევ თხილამურებისაკენ გადავინაცვლე. საერთოდ, ეკოლოგიის თვალსაზრისით, სამთო კურორტზე ბევრი არაფერი შეცვლილა. ბაკურიანისაკენ მიმავალი ულამაზესი გზის გაყოლებაზე კვლავ ხშირად ნახავთ მოჭრილ ნაძვებს და ხალხიც ნაგავს ძველებურად ისევ მდინარის კალაპოტში ყრის. უბრალოდ, ზამთარში - თოვლში - ეს ყველაფრი ისე საზარლად არ მოჩანს, როგორც ჩვეულებრივ.
XS
SM
MD
LG