Accessibility links

,,მზე”, რომელიც ,,რუსთავი 2”-ში ჩავიდა

  • ნინო როდონაია

საქართველოში ახალი მედიაჰოლდინგი იქმნება. მასში გაერთიანდებიან სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2” და ტელეკომპანია ,,მზე,” რომელთა მფლობელებმა აქციების

ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება უკვე გააფორმეს. ორი ტელეარხის ერთ ჰოლდინგად გარდაქმნის მიზეზად ბიზნესინტერესი, კერძოდ, ქართულ სარეკლამო ბაზარზე პოზიციების გაძლიერება დასახელდა.

ორიდან ერთი ტელეკომპანიის მომავალი ფორმატი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა, მოქმედი კანონის თანახმად, ერთ-ერთ მათგანს ფორმატის შეცვლა აუცილებლად მოუწევს.

,,რუსთავი 2”-ისა და ,,მზის” შესაძლო გაერთიანების ჯერ კიდევ შარშანდელი ინფორმაცია ოფიციალურად ახალი წლის პირველ კვირაში დადასტურდა. ორი არხისგან წარმოქმნილი ერთი ჰოლდინგის აქციათა 78% ,,რუსთავი 2”-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განკარგულებაში იქნება, 22% კი - ,,მზის” უკვე ყოფილი მეპატრონის, დავით ბეჟუაშვილის. ამგვარ პროპორციას ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი რეზო საყევარიშვილი მხარეთა მიერ პოტენციური მოთხოვნიდან გარკვეული პროცენტის დათმობის შედეგს უწოდებს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ საქართველოში, როგორც წესი, აქციათა მცირე ნაწილის მფლობელი ბაზარზე ზეგავლენას ვერ ახდენს:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ,,აქედან გამომდინარე, ეს პროცენტული გადანაწილებაც, ალბათ, უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად გულისხმობს იმას, რომ ერთი მფლობელი თეორიულად აღიარებს მეორის უფლებას. რაც შეეხება საქმის რეალურ ვითარებას, ნუ, აქ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოს მედიაბაზარს ერთი მედიამაგნატი გამოაკლდა და მისი, ასე ვთქვათ, სიძლიერე და გავლენის ხარისხი მეორემ შეიმატა და გაიზარდა.” (სტილი დაცულია)

,,რუსთავი 2”-ის მიერ ,,მზის” შეძენის მიზეზად სარეკლამო ბაზარზე პოზიციების გაძლიერება დასახელდა. ექსპერტები ამ არგუმენტს ლოგიკურად მიიჩნევენ. სარეკლამო ბაზრის ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტი არ გაზრდილა:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ,,ყველა იმ სარეკლამო კომპანიამ, რომელიც სპეციალიზებულია სარეკლამო დროის გაყიდვაზე არა მხოლოდ ტელესექტორში, არამედ ბეჭდური მედიის სექტორშიც, მთელი 2005 წლის განმავლობაში ითამაშა დემპინგური თამაშის წესებით, რის გამოც სარეკლამო ბაზარზე ფასები არის რეალურზე მეტად დაცემული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, იყოს ლოგიკა იმაში, რომ ხდებოდეს გამსხვილება ბაზარზე იმისათვის, რომ სარეკლამო ბაზრიდან რაც შეიძლება მეტი წილი იქნას გადაქაჩული საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ.” (სტილი დაცულია)

თუმცა რეზო საყევარიშვილი ამბობს, რომ ორი ტელეარხის მხოლოდ ეკონომიკური მოტივით გაერთიანებაზე საუბარი საკმაოდ რთულია:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე კომპანიის სათავეში ხელისუფლების სხვადასხვა დაჯგუფებებთან დაახლოებული ადამიანები დგანან, შესაძლოა, გვქონდეს საქმე ამ რესურსის მობილიზაციასთან. რომ არ მოხდეს შემდგომში მისი უფრო მეტად გაბნევა და რეალურად უფრო იოლი იყოს მისი კონტროლირება და რაღაც კალაპოტში მოქცევა.” (სტილი დაცულია)

დღემდე ,,რუსთავი 2” და ,,მზე” კანონმდებლობით განსაზღვრული საერთო საეთერო ტელევიზიების კატეგორიას განეკუთვნებიან და თავის დროზე ლიცენზიაც სწორედ ამ სტატუსით მიიღეს. გაერთიანების შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ფორმატის შეცვლა მოუწევს:

[დავით პატარაიას ხმა] ,,დაუშვებელია, რომ პირს დამოუკიდებლად ან ურთიერთდაკავშირებულ პირთან ერთად ჰქონდეს არაუმეტეს ერთი საერთო საეთერო სატელევიზიო და ერთი საერთო საეთერო რადიო მაუწყებლობის ლიცენზია თითო მომსახურების ზონაში.” (სტილი დაცულია)

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დავით პატარაიას განმარტებით, მაუწყებლობის კანონის შესაბამისად, ორიდან ერთს სპეციალიზებულ არხად გარდაქმნა მოუწევს. ამ კატეგორიის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ ტელეკომპანიებისთვის, რომლებსაც საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები არა აქვთ. წინასწარი მონაცემებით, ასეთ არხად ტელეკომპანია ,,მზე” გადაკეთდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ ტელესივრცეში არსებულ გართობის ტენდენციას. იმავე ,,რუსთავი 2”-ის ბადე, თუკი საინფორმაციო პროგრამებსა და ერთ, მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ, თოქ-შოუს არ ჩავთვლით, ძირითადად, სწორედ გართობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ქართული ტელევიზიის მხოლოდ შოუბიზნესად გარდაქმნის ნიშნებზე მიუთითებს:

[ზვიად ქორიძის ხმა] ,,ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ გასართობ პროგრამებზე იქნებიან ორიენტირებული და თუ ყველა ტელევიზია ასეთი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია იქნება მხოლოდ შოუბიზნესის ნაწილი. კი ბატონო, ეს ყველას არჩევანია და თუ ამ არჩევანს გააკეთებენ ქართული ტელეარხები, მაშინ მათ უნდა იბრძოლონ ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის. არ ვითხოვ ვინმეს დათანხმებას, მაგრამ, მე მგონი, ტელევიზიის ფუნქცია გაცილებით სხვა რამ არის, ვიდრე მხოლოდ შოუბიზნესი.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ტელეკომპანია ,,მზის” შემთხვევაში, მისთვის ფორმატის შეცვლას ოფიციალურად ერთი მყარი არგუმენტი ექნება - კანონი.
XS
SM
MD
LG