Accessibility links

logo-print

ახალი საგადასახადო კოდექსი ერთი წლის ხდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებიდან ერთი წელი სრულდება. ამ დოკუმენტზე როგორც ხელისუფლება, ისე ბიზნესი დიდ იმედებს ამყარებდა,

თუმცა კოდექსის მიღებიდან ერთი წლის თავზე ცხადი ხდება, რომ ქვეყნის მთავარმა ფისკალურმა კანონმა იმედები მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. მინდა საგადასახადო კოდექსის ავკარგიანობის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ზარ-ზეიმით მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ პრეტენზიებს ერთი წლის თავზე ვეღარც ხელისუფლება მალავს და ამ დოკუმენტში ცვლილებების პაკეტს ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები კოდექსს იმთავითვე ჰყავდა, ქვეყნის მთავარი ფისკალური კანონით თავის დროზე ხელისუფლება თავს იწონებდა და მას მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ საგადასახადო კოდექსად აცხადებდა. დიდი ხნის განმავლობაში მთავრობა ამ პოზიციაზე ჯიუტად რჩებოდა და იგნორირებას უკეთებდა ექსპერტებისა თუ მეწარმეების წინადადებას ერთობლივად გადაეხედათ კანონის არაეფექტური დებულებებისთვის. მთავრობა ოპონენტებთან რეალურ დიალოგზე მხოლოდ ორი თვის წინ წავიდა და დღეს უკვე თავად პრეზიდენტი აღიარებს, რომ რევოლუციურად წოდებულ საგადასახადო კოდექსში ყველაფერი მთლად ისე საამური არ არის, როგორადაც მას აქამდე წარმოაჩენდნენ. ამიტომ პრეზიდენტი ცოტა ხანში საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის შეტანას გეგმავს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ უახლოეს ერთ თვეში შევიტანოთ კანონპროექტების პაკეტი მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. პირველი ეს არის საგადასახადო კოდექსის შემდგომი გამარტივება - მაგალითად, გაუქმება ჟურნალისა, რომელიც მიმაჩნია, რომ ზედმეტი, მეხუთე ბორბალი არის ამ რგოლში. მეორე, ეს არის ექსპორტ-იმპორტის პროცედურების გამარტივება, იმიტომ რომ დღეს არის საოცრად რთული ბევრი რამ. საერთოდ, ექსპორტ-იმპორტის პროცედურა უნდა იყოს უკიდურესად მარტივი, უკიდურესად იოლი გასაკეთებელი, უკიდურესად გამჭვირვალე და უკიდურესად შემჭიდროებული დროში.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე მიდის და საგადასახადო კოდექსის ცალკეულ ოდიოზურ დებულებებს ცვლის, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თავად კონცეპტუალური მიდგომებია შესაცვლელი. მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ ახალმა საგადასახადო პოლიტიკამ განსაკუთრებით დააზარალა რეგიონები, რომელთაც მინიმალური ფინანსური დამოუკიდებლობაც კი დაკარგეს:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”თვითონ ხელისუფლებამ თვითმმართველობის ორგანოებს არ დაუტოვა არანაირი ფუნქციები: ადრე თუ გადასახადების გარკვეული ნაწილი რჩებოდა ადგილზე და ამით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - იმავე საკრებულოს, იმავე გამგეობებს -ჰქონდათ რაღაც შემოსავლები და ამით ადგილზე რაღაც ღონისძიებებს ახორციელებდნენ, დღეს უკვე ყველაფერი ეს მოდის ცენტრში და მხოლოდ ტრანსფერის იმედზე არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.”

შენიშვნებისა და პრეტენზიების მიუხედავად, მთავრობა თავს იმით იმშვიდებს, რომ ყველა ოპონენტი აღიარებს ახალი საგადასახადო კოდექსის პროგრესულობას ძველთან შედარებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, შედარება ცუდსა და უფრო უარესს შორის ხდება, საგადასახადო კოდექსის ეფექტურობის პირველი ინდიკატორი კი, სამეწარმეო გარემო, ამ დოკუმენტის მიღებიდან ერთი წლის თავზე უკეთესობისკენ არ შეცვლილა.
XS
SM
MD
LG