Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვითარებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში


თითქმის ორი კვირაა, საზოგადოების ყურადღება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებისკენაა მიმართული.

მართალია, უკანასკნელი ორი-სამი დღის განმავლობაში მოშიმშილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ, როგორც პატიმართა ნათესავები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, საპატიმროებში კვლავ მძიმე ვითარეებაა - კვლავ აქვს ადგილი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

4 იანვარს, საპატიმროებში მღელვარების დაწყების შემდეგ, ადვოკატებს პირველად მიეცათ დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების მონახულების საშუალება. ლალი აფციაური, ადვოკატი და ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „საქართველოს პატიმართა თანამეგობრობა“, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნომერ მეშვიდე იზოლატორში იმყოფებოდა.

[ლალი აფციაურის ხმა] „შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირს. ისინი არიან გაწამებული, დათრგუნული, უსასტიკესად ნაცემები. ერთ-ერთ მათგანს აქვს მოტეხილობა, მეორეს - ტვინის შერყევა. მე ვერ შევძლებდი მათ გასინჯვას, მაგრამ ემჩნევათ, რომ არიან ნაწამები.“(სტილი დაცულია)

ლალი აფციაურის თქმით, მღელვარების დაწყებიდან დღემდე საქართველოს ციხეებში სამი პატიმარი გარდაიცვალა. ვერ ხერხდება კიდევ სამი ადამიანის ასავალ-დასავლის მიგნება. ადვოკატი ეჭვობს, რომ გაუჩინარებული პატიმრები ცოცხლები აღარ არიან, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი მეურმიშვილი.

[გიორგი მეურმიშვილის ხმა] „ქუთაისში დაიღუპა ერთადერი პატიმარი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს გადაყვანის დროს. ერთადერთი ეს შემთხვევა გვქონდა. დაკარგვით, არავინ დაკარგულა. დღესდღეობით ყველა პატიმარი სახეზეა.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ციხეებში მღელვარება ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდების“ შევიწროებამ გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „რეკეტისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს“, რომლის ამოქმედებით, კრიმინალური სამყარო მნიშვნელოვან შემოსავალსა და დასაყრდენს დაკარგავს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა დაადგინოს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მათ ჩამოერთვათ ქონება და ეს ქონება გადაეცეს სახელმწიფოს და საშუალებას იძლევა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები დავშალოთ, ხოლო მათი ხელმძღვენელები მხოლოდ იმის გამო დაისაჯონ, რომ ისინი ორგანიზებას უკეთებენ დანაშაულს.“(სტილი დაცულია)

თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, დარწმუნებულია, რომ მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები ქურდებისთვის წილის წაგლეჯას ცდილობენ. ბაღათურია ხელისუფლებას ბრძოლის მეთოდებსაც უწუნებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „ეს რომც იყოს სისტემასთან ბრძოლა, გამოყენებულ მეთოდებს არანაირი გამართლება არა აქვს. წამებით სისტემას და იდეოლოგიას არ ებრძვიან. იდეოლოგიას იდეოლოგია და პროპაგანდა უნდა დაუპირისპირო. და, საერთოდ, ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი მაგალითი.“

რა მაგალითს იძლევა ხელისუფლება? პატიმართა უფლებების დამცველთა მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებით, მე-7 იზოლატორში, სადაც თითქმის ყველა კრმინალური ავტორიტეტია გადაყვანილი, უმიზეზოდ სცემენ და აწამებენ პატიმრებს:

[ლალი აფციაურის ხმა] „გავვარდი იმ მიმართულებით, საიდანაც მესმის ღრიალის ხმა. საკნიდან გამოჰყავდათ პატიმარი. იმ დროს დავადექი თავზე, როცა ჰყავდათ დაგდებული და ურტყამდნენ სპეცნაზელები და თან უყვიროდნენ, შენი ხმა არ გავიგოთო.“

სულ სხვა ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც ასევე მოინახულა მეშვიდე იზოლატორში გადაყვანილი პატიმრები:

[სოზარ სუბარის ხმა] „თითქოს იქ პატიმრებს სცემენ, აწამებენ, „კანონიერ ქურდებს“ აიძულებენ უარი თქვან ქურდობაზე, აიძულებენ შეაგინონ ქურდებს... მსგავსი არაფერი ხდება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. სამ ადამიანს აქვს დაზიანებები მიღებული და ისიც იმის გამო, რომ წინააღმდეგობა გაუწიეს სპეცრაზმელებს, როცა ეს უკანასკნელნი შემოწმებას ატარებდნენ.“(სტილი დაცულია)

პატიმართა უფლებების დამცველები ომბუდსმენს უნდობლობას უცხადებენ, ხოლო ლალი აფციაური სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივის, თუმცა მას და პატიმართა ნათესავებს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG