Accessibility links

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 68-ე ადგილზეა


ამ დღეებში ”უოლტ სტრიტ ჯოურნალმა” და ”ჰერიტიჯის” ფონდმა ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგები, 161 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, გამოაქვეყნეს.

ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს 68-ე ადგილი უკავია, მალაიზიასა და კამბოჯასთან ერთად. 2003 წელს გამოქვეყნებული ანალოგიური ინდექსის მიხედვით, საქართველოს მეასე ადგილი ეკავა. რას ნიშნავს საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება და რამდენად სანდო და ობიექტურია ამ კვლევის შედეგები?


”უოლტ სტრიტ ჯოურნალში” გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საუკეთესო შეფასება ჰონგ კონგმა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო 161-ე ადგილი წილად ხვდა ჩრდილოეთ კორეას. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 0,31 ერთეულითაა გაუმჯობესებული და ის საგრძნობლად უსწრებს რუსეთს, რომელსაც 122-ე ადგილი უკავია. რუსეთის შემდეგ მოდის საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი მათაც უსწრებს და საქართველოსაც და, ეკონომიკის თავისუფლების ხარისხით, 27-ე ადგილზე იმყოფება. მე ამ მონაცემების კომენტირება ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს ვთხოვე.


[პაატა შეშელიძის ხმა] ”სათითაოდ ყველა პუნქტთან გვქონდა შენიშვნები. ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპში არ ვეთანხმებით. უბრალოდ, იყო შენიშვნები. მეტსაც გეტყვით, ეს გამოკვლევა ეყრდნობა ფორმალურ მონაცემებს და, ამ სტატისტიკის დონიდან გამომდინარე, ეს მონაცემები მიიღება. აბსოლუტურად სხვა საკითხია რამდენად სწორია ის სტატისტიკა.”


ალბათ, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სომხეთისგან განსხვავებით, წარმატებული ეკონომიკური რეფორმებით ცნობილი პოლონეთი მხოლოდ 41-ე ადგილზეა. ეკონომიკის ექსპერტს დევი ხიჩინაშვილს სხვა მონაცემებიც აეჭვებს. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ფისკალური წნეხის მაჩვენებელი:


[დევი ხიჩინაშვილის ხმა] ”აღებულია წლევანდელი 2005 წლის საგადასახადო მონაცემები, რომლებიც ნამდვილად უკეთესია, ვიდრე შარშან. რაც საქართველოში რევოლუციის შემდეგ მართლაც მოხდა, ეს არის სახელმწიფო ხარჯების ასტრონომიული გაზრდა. ამათ კი აღებული აქვთ 2002 – 2003 წლის, ანუ შევარდნაძის, ბიუჯეტის მონაცემები და ამბობენ, რომ ბიუჯეტური ხარჯები შემცირდა.”


მისივე აზრით, საკამათოა ინფლაციის მაჩვენებელიც და კიდევ სხვა მონაცემებიც. ამ და სხვა სახის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს “ჰერიტიჯის” ფონდის წარმომადგენელს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ავტორს, რომელიც საქართველოს მაისის თვეში ესტუმრება.


მე ამ ინდექსის მნიშვნელობითაც დავინტერესდი. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს მოვუსმინოთ.


[პაატა შეშელიძის ხმა] ”ეს, უბრალოდ, არის იმის საშუალება, რომ შეაფასო განვლილი პერიოდი, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ. ადამიანს, რომელიც ამას წაიკითხავს, წარმოდგენა ექნება ქვეყნის სისტემაზე. მაგალითად, ადამიანს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციაზე და რაღაც დასკვნები გააკეთოს, ძალიან საინტერესოა ასეთი გამოყენებითი თვალსაზრისით.”


მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მეასედან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა, ამით საქართველოში საინვესტიციო აქტივობა სულაც არ გაზრდილა.


შეგახსენებთ, რომ 2005 წლის მიწურულს ამერიკის სავაჭრო პალატისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე უცხოელი ექსპერტები თუ მეწარმეები საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესების შესახებ ალაპარაკდნენ. ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2005 წლის მანძილზე მნიშვნელოვნადაა შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.
XS
SM
MD
LG