Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 625-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში "მეათე სტუდიაში" გიწვევთ. რადიოჟურნალის 625-ე გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, რას უქადის გაზის გაძვირება საქართველოს; გიამბობთ ხუდადოვის ტყეში ნაგავსაყრეალად ქცეულ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაოზე; გავიხსენებთ ერთ ძველ ამერიკულ ფილმს, რომელიც ახალი წლის დღესასწაულის ატრიბუტად იქცა; რადიოჟურნალის მეორე ნაწილი უფრო მუსიკალური ხასიათის იქნება, რაც ორმა იუბილემ განაპირობა - ლეგენდარული "ბიტლზის" პროდიუსერ ჯორჯ მარტინისა და გერმანელ პიანისტ ალფრედ ბრენდელისა; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

რას უქადის გაზის გაძვირება საქართველოს?

დავით კაკაბაძე:
ორიოდე დღის წინ კიევი და მოსკოვი, როგორც იქნა, შეთანხმდნენ უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების პრობლემურ საკითხებზე. როგორც ჩანს, უკრაინის მხარემ საუძვლიანი არგუმენტები წარუდგინა რუსეთის კომპანია “გაზპრომს”, რადგან თავდაპირველი 230 დოლარის სანაცვლოდ, ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში კიევი 95 დოლარს გადაიხდის. საქართველოს, როგორც ცნობილია, 2006 წლის პირველ კვარტალში მოუწევს, დაუბრუნდეს "გაზპრომთან" მოლაპარაკებას. ჯერჯერობით პირობა ასეთია: 2006 წლის მანძილზე ყოველ ათას კუბურ მეტრს ქვეყანა 110 დოლარად მიიღებს, 2007 წლიდან კი, თუ საქართველო "გაზპრომს" მაგისტრალურ გაზსადენს არ დაუთმობს, 1000 კუბური მეტრის ფასი 200 დოლარი გახდება. თუ დაუთმობს, მაშინ 110 დოლარს კიდევ 10 წლის მანძილზე გადაიხდის. ამ პერსპექტივასთან დაკავშირებულ რამდენიმე საფრთხეზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
რუსეთმა 10 წლიანი პერსპექტივა დაანახვა საქართველოს, თუ ეს უკანასკნელი “გაზპრომს” მაგისტრალურ გაზსადენს მიჰყიდის. დავუშვათ და, მართლაც, მიჰყიდა, რა შეიძლება მოხდეს 10 წლის შემდეგ? რა ფასი დაედება რუსულ გაზს, რომელზეც მთელი ამ ხნის მანძილზე დამოკიდებული იქნება საქართველო? მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვით ხომ ქვეყანა თანხმდება, გაზი მიიღოს ერთადერთი, მონოპოლისტი მომწოდებლისაგან. დღეს საქართველოს “გაზპრომი” აწვდის ცენტრალურ აზიაში შედარებით იაფად ნაყიდ გაზს. მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტიც. ეკონომიკის ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ გოჩიტაშვილი ასეთ გათვლას გვთავაზობს:

[გოჩიტაშვილის ხმა] “რუსეთის საექსპორტო გაზის 90% მოდის აღმოსავლეთ ციმბირიდან. იგი, საქართველოს საზღვართან მოტანილი, მინიმუმ 90 დოლარი უკვე ღირს. თუ ჩვენ “გაზპრომთან” ხანგრძლივი ხელშეკრულებით შევიკვრებით, რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად სამართლიანი იქნება რუსეთის მხრიდან, რომ თქვას, მე ცენტრალური აზიის გაზს კი არ მოგაწვდი, რომელსაც იაფად ვყიდულობ. მე ჩემი გაჭირვებული მოსახლეობა მყავს, ამ იაფ გაზს მე მივაწვდი ჩემს ხალხს და შენ მოგაწვდი ციმბირის გაზს. 130 დოლარი უკვე მისი თვითღირებულება იქნება და სრულიად სამართლიანად დაგვიწესებს 200 დოლარს. აი, საიდან გამოჩნდა ის 200 დოლარი.”

გაზის გაძვირება პირველად რომ გაცხადდა, საქართველოს მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ისინი ისედაც 110 დოლარს იხდიდნენ 1000 კუბურ მეტრში. გაძვირება შეეხებოდა საწარმოებსა და ენერგოობიექტებს, რომელთა პროდუქცია, ხსენებული ფასის გადახდის შემთხვევაში, მკვეთრად გაძვირდებოდა. უფრო ზუსტად, რას დაეტყობა სიძვირე გაზის გაძვირების შედეგად საქართველოში? თეიმურაზ გოჩიტაშვილის თქმით, 110 დოლარის დადება ნიშნავს გაზის გაძვირებას 69%-ით. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ოჯახი საქართველოში ენერგეტიკაზე 14%-ით მეტს დახარჯავს, ვიდრე დღემდე ხარჯავდა. თბოელექტროსადგურებში ენერგიის გენერაციას 46%-ით მეტი ხარჯი დასჭირდება, თუმცა ელექტროენერგიის შეწონილ ტარიფს მხოლოდ 5%-ით გაზრდის, რასაც განაპირობებს საქართველოს იაფი ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია.

[გოჩიტაშვილის ხმა] “მაგრამ ქიმიურ ინდუსტრიაში, მაგალითად, აზოტში, გაზის წილი ძალიან დიდია და პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 25%-ით გაიზრდება. სამშენებლო მასალები, კერძოდ, ცემენტი 15%-ით გაიზრდება, პური დაახლოებით 4%-ით. ეს ასატანია.”

ასატანი, თემურ გოჩიტაშვილის აზრით, მხოლოდ პურის გაძვირებაა. სამაგიეროდ, მეტალურგიის დანახარჯები გაიზრდება 30%-ით, რაც ნიშნავს, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, არსებული ტექნოლოგიებით, აღარასოდეს აღორძინდება.

[გოჩიტაშვილის ხმა] “არავითარი აზრი არა აქვს იმის აღდგენას, რაც იყო, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი პროდუქცია იქნება. ერთადერთი ვარიანტია მთლიანი გადაიარაღება, ევროპული ტექნოლოგიების შემოტანა, რომელიც დაახლოებით სამჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს იმავე ფოლადის წარმოებაზე, ვიდრე ეს ჩვენი ძველი საბჭოთა ქარხანა. ამას კი უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება. ამიტომ მე ძალიან მეეჭვება შავი მეტალურგიის მომავალი საქართველოში.”

ასევე არაკონკურენტუნარიანი ხდება “აზოტის” პროდუქცია, რომელსაც ჩრდილოკავკასიის ქალაქ ნევინომინსკის ანალოგიური ქარხნის ნაწარმი დაჯაბნის. მას რუსული გაზი გაცილებით იაფად მიეწოდება. აზოტის პროდუქცია, შესაძლოა, საქართველოშიც კი ვეღარ გაიყიდოს. იგივე ბედი მოელის საქართველოში წარმოებულ ცემენტს, რომელიც ვერ გაეჯიბრება იაფ რუსულ გაზზე მომუშავე სომხეთის ქარხანაში დამზადებული ცემენტს. ამ უკანაკსნელის ფასი 60 დოლარია, ქართულისა კი 72 დოლარი იქნება. გამოსავალი, ალბათ, ერთია - გაზის ფასი სომხეთშიც უნდა გაიზარდოს.

საერთოდ კი, როგორ უნდა მოევლოს პრობლემას, ცნობილია: საქართველომ უნდა მოახერხოს ენერგორესურსებისა და თავად ენერგიის სახეობათა დივერსიფიკაცია, ანუ არ დარჩეს “გაზპრომის” ამარა, გავიდეს გაზის სხვა მომწოდებლებზე, გამოიმუშაოს ენერგია წყლის, მზისა და ქარის რესურსებით.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ხუდადოვის ტყეში ნაგავსაყრეალად ქცეული რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო

დავით კაკაბაძე:
ზუსტად ასი წლის წინ მთელს რუსეთის იმპერიაში და, შესაბამისად, მის შემადგენელ ნაწილში - საქართველოშიც - პირველ რევოლუციად მონათლული მოვლენები კულმინაციას აღწევდა. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მუშათა მანიფესტაციები ბევრ შემთხვევაში შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო ნაძალადევში, ექიმ ხუდადოვის ინიციატივით დაარსებული და მისივე სახელობის პირველი ხელოვნური ტყე-პარკი. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ ამ ადგილას ობელისკი აღმართა, იქვე დაარსდა რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო, სადაც პირველ რიგში 1905 წელს, მეფის ჯართან შეტაკებაში დაღუპული 9 მუშა დაკრძალეს. ახლახან ეს მივიწყებული და ბოლო პერიოდში ნაგავსაყრელად გადაქცეული სასაფლაო რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ალექსანდრე ელისაშვილმა მოინახულა. სხვა საფლავებთან ერთად მან მთაწმინდის პანთეონიდან გასახლებული და ზოგის მიერ დაკარგულად მიჩნეული ორი ცნობილი ქართველი ბოლშევიკის საფლავებიც აღმოაჩინა.

[ისმის რუსული რევოლუციური სიმღერა - ”ძირს ტირანები”]

ალექსანდრე ელისაშვილი:
რუსეთის პირველი რევოლუციის დროს დაწერილი ეს სიმღერა, სავარაუდოდ, ზუსტად ასი წლის წინ თბილისის ქუჩებშიც ისმოდა. 1905 წლის 9 იანვარს პეტერბურგში მღვდელ გიორგი გაპონის მიერ ორგანიზებული და სამთავრობო ჯარების მიერ დახვრეტილი მანიფესტაციის შემდეგ მთელს რუსეთის იმპერიაში დაწყებულ მღელვარებას, როგორც ცნობილია, საქართველოს ქალაქებშიც დიდი გამოძახილი ჰქონდა.

"ამ ადგილებში 1905 წლის 18 (31) დეკემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული რაზმების შეტაკება მეფის ჯარების ნაწილებთან. ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 9 მუშა" - ალაგ-ალაგ გადაშლილ ამ წარწერას ქართულ და რუსულ ენებზე ამოიკითხავთ ყოფილი მონტინის, ამჟამად კი გიორგი მარუაშვილის ქუჩის ბოლოში, საბჭოთა პერიოდში აღმართულ და ამჟამად ბრინჯაოშემოძარცვულ შვიდმეტრიან ობელისკზე. როდესაც თბილისის ამ მთაგორიან უბანში ძველი ობელისკისა და რევოლუციონერების საძმო სასაფლაოს ზუსტი ადგილსამყოფელი ვიკითხე, ადგილობრივ მოსახლეობას გაოცება არ დაუფარავს. ისინი გამომიტყდნენ, რომ ბოლო 15 წელიწადია, ობელისკითა და სასაფლაოთი არავინ დაინტერესებულა. ეს რომ ნამდვილად ასეა, საძმო სასაფლაოს ტერიტორიასაც ეტყობა, უფრო ზუსტად - ნაგავსაყრელად გადაქცეულ ტერიტორიას:

[ხალხის ხმა. კითხვა] "რატომ არის ასე გავერანებული? [ქალის ხმა] მეც მაგი ვთქვი ახლა, იმოდონა ძეგლი უდგას და ის ვეღარ გაასუფთავა მაგის პატრონმა?" (სტილი დაცულია)

ის იმოდენა ძეგლი, რომელსაც ქალბატონი გულისხმობდა, მფრინავ არმენაკ აბულიანს ეკუთვნოდა. თუმცა, სანამ საფლავის ქვის წარწერას ვაზუსტებდი, ადგილობრივი მცხოვრები, ბატონი ჯამბული მოვიდა და სასაფლაოსთან დაკავშირებით გულისტკივილი გაგვიზიარა:

[მამაკაცის ხმა] "წინათ აქ ღებულობდნენ პიანერში ბავშვებს, კომკავშირში. აქ დიდი სტროი ეწყობოდა ხოლმე და აქ ამოყავდათ სკოლებიდან. ეხლა ნაგვის ბუდეა. არავინ ყურადღებას არ აქცევს. იმ ძველ ხალხს თუ ყურადღება არ მიაქციე, ეს ისტორიაა, არ უნდა დაიკარგოს ისტორია." (სტილი დაცულია)

ერთ, ბევრისთვის დაკარგულად მიჩნეულ ისტორიას კი იქვე მოეფინა ნათელი. ხუდადოვის ტყის საძმო სასაფლაო აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც 80-იანი წლების ბოლოს მთაწმინდის პანთეონიდან ბოლშევიკები მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე გადმოუსვენებიათ. ბატონმა ჯამბულმა არ დაიზარა და ნაგავსა და ეკლებში მიმალული მათი საფლავები გვანახა:

[მამაკაცის ხმა] "აქ გადაასვენეს მერე მიხა ცხაკაიასა და ფილიპე მახარაძის საფლავი. გადმაიტანეს იქიდან, ამათმა, რო აირია ქვეყანა. ეგენი ხო იყვნენ დასვენებულები პანთეონში. აი ცხაკაია, ეგ არის. ჰოდა ფილიპე ეს არის. აქ კიდე შუაში ვიღაც ჩაასაფლავეს." (სტილი დაცულია)

შუაში ჩასაფლავებულის ვინაობა რთული გასარკვევი აღმოჩნდა, ვინაიდან საფლავის ქვაზე არაფერი იკითხება. თუმცა, შედარებით იოლად იკითხება სასაფლაოზე დაკრძალული სხვა 32 რევოლუციონერის გვარები: ვანო ჩოდრიშვილი, ჭორია ლითანიშვილი, იაკობ კოჩეტკოვი, ბორის მანუკიანი, კლავდია ვარლამოვა და სხვები. დღეს ისინი აღარავის ახსოვს. არავის ახსოვს არც ხუდადოვის ტყეში ზუსტად საუკუნის წინ მომხდარი შეტაკება. თუმცა, ბრძოლის დროს დაღუპული 9 მუშის სახელობის ქუჩა თბილისში კვლავინდებურად არსებობს. 9 ძმის ქუჩა ბევრს ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობისა ჰგონია და ამიტომაც ქუჩამ სახელი დღემდე შეინარჩუნა. ერთ დროს პოიონერ-კომკავშირელთა საფიცარი ხუდადოვის ტყის ბოლშევიკ-რევოლუციონერთა პანთეონი კი მხოლოდ ნაგვის გადაყრის მოსურნეთა ასპარეზადაა დარჩენილი.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

[მუსიკა]

"მზიური ველის სერენადა" - ფილმი, რომელიც ახალი წლის დღესასწაულის ატრიბუტად იქცა

დავით კაკაბაძე:
ახლა ერთ ფილმზე ვისაუბრებთ, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ახალი წლის დღესასწაულის თავისებურ ატრიბუტად იქცა. არ გეგონოთ, ელდარ რიაზანოვის ცნობილ ფილმს ვგულისხმობდე, რომელიც წელსაც უჩვენა მაყურებელს საქართველოს თითქმის ყველა ტელეკომპანიამ. საუბარია 1941 წელს გადაღებულ ამერიკულ ფილმზე "მზიური ველის სერენადა", რომელიც საქართველოში მთელი თაობებისთვის სხვა - განსხვავებული სამყაროს სიმბოლოდ იყო ქცეული. საბჭოთა კავშირის დიდი თუ პატარა ქალაქების კინოეკრანებზე ეს ფილმი ზუსტად 60 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ მას, როგორც თამარ ჩიქოვანი ირწმუნება, დღესაც არ დაუკარგავს მომხიბვლელობა.

(იხ. აუდიოვერსია)

ჯორჯ მარტინი 80 წლისაა. "ბიტლზი" პირველად რომ მოვისმინე, სულაც არ აღვფრთოვანებულვარო" ამბობს "მეხუთე ბიტლი"

დავით კაკაბაძე:
3 იანვარს 80 წელი შეუსრულდა სერ ჯორჯ მარტინს, პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ პროდიუსერს, რომელსაც - არაერთი სხვა დამსახურების მიუხედავად - ფართო საზოგადოება "ბიტლზის" აღმომჩენად თუ არა, ამ სახელგანთქმული ანსამბლის გზის გამკვალავად იცნობს.

ჯორჯ მარტინს ხშირად "მეხუთე ბიტლად" მოიხსენიებენ, და არცთუ უსაფუძვლოდ. მენეჯერ ბრაიან ეპსტაინთან ერთად სწორედ ჯორჯ მარტინი გახლავთ ის ადამიანი, რომლის სახელსაც ლეგენდარულ ლივერპულელთა ლამის ყველა წარმატება უკავშირდება. საკმარისია ითქვას, რომ ალბომ "Let It Be"-ის გარდა, სწორედ ჯორჯ მარტინი იყო "ბიტლზის" ყველა ჩანაწერის პროდიუსერი - დაწყებული 1962 წელს გამოშვებული "სინგლით" "Love Me Do" და დამთავრებული ჯგუფის უკანასკნელი ალბომით "Abbey Road", რომელიც 1970 წელს გამოიცა.

["Love Me Do"]

არადა, როცა მარტინმა "ბიტლზი" პირველად მოისმინა, აღფრთოვანებული სულ არ დარჩენილა. ეს იყო 1962 წელს. ჯორჯ მარტინი იმხანად "პარლოფონში" მუშაობდა და ამ კომპანიისთვის გამალებით ეძებდა ახალ პოპ-ჯგუფს. კიდევ უფრო გამალებული - იმ დროისთვის კი, შეიძლება ითქვას, ლამის სასოწარკვეთილი - იყო "ბიტლზისა" და მისი მენეჯერის ბრაიან ეპსტაინის ძიება: ვიდრე "პარლოფონს" მიაკითხავდნენ, ლივერპულელები უარით გაისტუმრეს ბრიტანეთის ყველაზე ცნობილმა ხმის ჩამწერმა კომპანიებმა - "დეკამ", "პაიმ", "ფილიპსმა" და EMI-მ, ამ უკანასკნელმა, ასე გასინჯეთ, ორჯერ.

მარტინისა და "ბიტლზის" პირველი შეხვედრა 1962 წლის 6 ივნისს შედგა. ის, რაც პროდიუსერმა მოისმინა, მისივე შეფასებით, "უხეიროდ დაბალანსებული", "არცთუ კარგი სიმღერები" იყო, რომელსაც "ერთი ჭყინტი" ჯგუფი ასრულებდა.

კონტრაქტი მაინც გაფორმდა. "რატომღაც ვიფიქრე, რომ ერთად დიდ ჯგუფს შევქმნიდითო", იხსენებს ჯორჯ მარტინი და დასძენს, რომ მის გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულა ადამიანურმა ფაქტორმაც: "ლივერპულელებმა თავიანთი შარმით მომხიბლესო", უთხრა ლონდონელმა მარტინმა ჟურნალ "მელოდი მეიკერის" კრიტიკოსს.

და რაკი კრიტიკოსები ვახსენეთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ მათი ერთსულოვანი აზრით, სწორედ მარტინის მუსიკალურმა ცოდნამ და ალღომ მიანიჭა "ბიტლზის" ხალასსა და, თუ შეიძლება ითქვას, გაუთლელ მანერას ის დახვეწილი ჟღერადობა, რომლითაც ანსამბლმა სულ მალე დაიპყრო პოპ-მუსიკის მწვერვალები.

"ბიტლზის" თაყვანისმცემლებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ საორკესტრო პასაჟების არანჟირება ჯორჯ მარტინს ეკუთვნის. აი, თუნდაც ამ პასაჟისა:

["Eleanor Rigby"]

მაგრამ "ბიტლზი" ერთადერთი ჯგუფი არ გახლავთ, რომლის წარმატებაშიც ჯორჯ მარტინსაც მიუძღვის წვლილი. მარტინი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ისეთ ანსამბლებთან და შემსრულებლებთან, როგორიცაა "მაჰავიშნუ ორკეტსრა", "ამერიკა", ჯეფ ბეკი, ნილ სედაკა, კენი როჟერსი, შირლი ბესი და სხვები.

ხმის ჩამწერ ბიზნესში თავისი 50-წლიანი კარიერა ჯორჯ მარტინმა 1998 წელს დაასრულა, როცა გამოსცა ალბომი "In My Life". ამ კომპაქტ-დისკზე "ბიტლზის" სიმღერებს ცნობილი მომღერლები, ინსტრუმენტალისტები და მსახიობები ასრულებენ. 80 წლის სერ ჯორჯ მარტინზე საუბარს ამ ალბომის ერთი ჩანაწერით დავასრულებთ.

["Come Together"]

პიანისტი ალფრედ ბრენდელი 75 წლისაა

დავით კაკაბაძე:
5 იანვარს თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოჩენილ პიანისტს, ალფრედ ბრენდელს, 75 წელი შეუსრულდა. 1931 წელს ჩრდილო მორავიაში, ვიზენბერგში, დღევანდელ ჩეხეთის რესპუბლიკაში დაბადებული ბრენდელი თავის წინაპრებად გერმანელებს, ავსტრიელებს, იტალიელებს და სლავებს მიიჩნევს. ყველაზე მეტად ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენისა და შუბერტის მუსიკა უყვარს. ამაყობს, რომ თავისი რეპერტუარისთვის საუკეთესო მუსიკის ძიებისას ისევ და ისევ ცენტრალური ევროპის მუსიკაზე აკეთებს არჩევანს. ბრენდელის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
თავის იუბილეს მუსიკოსი ახალი ჩანაწერებით ეგებება. ფირმა "ფილიპსი" ამ თარიღთან დაკავშირებით გამოსცემს კომპაქტ დისკებს თავად ბრენდელის მიერ ამორჩეული მუსიკით. მუსიკოსი განსაკუთრებით ამაყობს ამ პროექტით. მასში შედის ლისტის, მოცარტის, შუმანისა და შუბერტის მუსიკა. გარდა ამისა, ბრენდელის მოყვარულებს პირველად შეუძლიათ მისი ხილვა DVD-ზე - იგი შუბერტის სამ უკანასკნელ სონატას ასრულებს.
1971 წლიდან ლონდონში მცხოვრები ბრენდელი ბოლო ხანებში სულ უფრო მეტ დროს ატარებს თავის აგარაკზე სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში. კონცერტებზე გამოსვლასაც მოუკლო.
2004 წელს ბრენდელი ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტის ამაღელვებელი შესრულებით გამოეთხოვა ე.წ. BBC Proms-ის ცნობილ მუსიკალურ ფესტივალს, რომელზეც იგი არაერთხელ გამოსულა. სხვათა შორის იგივე ნაწარმოები დაუკრა მან ამ ფესტივალზე დებიუტისას 1973 წელს.

[მუსიკა]

ფესტივალზე უარის თქმით ბრენდელმა, მართალია, შეამცირა საკონცერტო გამოსვლები მაგრამ არამც და არამც არ აპირებს საერთოდ უარის თქმას კონცერტებზე და ახალ ჩანაწერებზე.
უკანასკნელ ჩანაწერთაგან იგი განსაკუთრებით ამაყობს თავის ვაჟთან, ჩელისტ ადრიან ბრენდელთან ერთად ჩაწერილი კომპაქტ დისკით, რომელზეც ისინი ბეთჰოვენის ნაწარმოებებს ასრულებენ. ეს ორდისკიანი ჩანაწერი ფირმა "ფილიპსმა" გამოუშვა.
მსოფლიო აღიარების მიუხედავად ბრენდელი ერთობ მოკრძალებული ადამიანია. "ჩემს თავს არასოდეს აღვიქვამდი სერიოზულად. ცხოვრებაში არასოდეს დამიწერია დღიურებიო", ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში. არადა მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის შემცველი საბუთების უმეტესობა ომის დროს განადგურდა.

ბრენდელის შემოქმედებითი პრინციპიც მოკრძალებულია. მუსიკის ინტერპრეტაციის დროს მისთვის მთავარია მისდიოს კომპოზიტორის ნებას და არა საკუთარ წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაეწერა ავტორს მუსიკა.
ბრენდელის მშობლები არ ყოფილან მუსიკოსები. მისი თქმით, სამი წლის ასაკში, მამამისის სასტუმროში გაიცნო გრამოფონი, რომელზეც სტუმრებისთვის ფირფიტებს დებდა ხოლმე. ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლისამ დაიწყო. 17 წლისას კი პირველი საჯარო კონცერტი ჰქონდა გრაცში.

დღეს ბრენდელი ფორტეპიანოს ვირტუოზად ითვლება ისევ და ისევ მისი ზემოხსენებული საყვარელი კომპოზიტორების შესრულებისთვის. მუსიკალურ წრეებში მას იცნობენ, როგორც პერფექციონისტს, რომლის რეპერტუარი იოლად ათავსებს ერთმანეთის გვერდიგვერდ იუმორსა და სერიოზულს.
მაგრამ ბრენდელისთვის მუსიკა არ არის ყველაფერი. ჩემი საყვარელი საქმიანობა სიცილი არისო, ეშმაკურად ამბობს ხოლმე ალფრედ ბრენდელი, რომელიც ამავე დროს წერს წიგნებს მუსიკაზე, წერს ლექსებს. "ორმაგ ცხოვრებას ვეწევი. როცა ლიტერატურისთვის მასალა გამომეცლება, მუსიკას მივმართავ ხოლმეო".

თუმცა მუსიკა მაინც მისი მთავარი სიყვარულია. მანამდე დავუკრავ, სანამ ფიზიკურად მექნება ამის უნარიო.

[მუსიკა]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
ჩვენი გადაცემის ბოლო სიუჟეტია საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი, რომელიც პრაღაში მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

მარიამ ჭიაურელი:
ბერლინში მალე გაიხსნება ახალი კინოთეატრი, რომელშიც - ფილმის სანახვად მისული - არა მარტო თვალის და ყურის მეშვეობით შეძლებს ხელოვნებით ტკბობას, არამედ ყნოსვისა და მოძრაობის მეშვეობითაც. ახალ კინოთეატრში (“Prime Cinema 5D) 20 იანვრიდან უჩვენებენ ფილმებს, რომელსაც სპეციალურ სავარძელში მოკალათებული მაყურებელი იხილავს. სწრაფად მგზავრობის ილუზიის შესაქმნელად მას - სახეზე ნიავი შეუბერავს,მღელვარე ზღვაში ნავით მოგზაურობის შეგრძნებას - სავარძლის ყანყალი გაუმძაფრებს. მისი ცხვირი კი სცენის შესაბამის სურნელს იგრძნობს. გრძნობის ორგანოების ეს ზეიმი 25 წუთი გასტანს, რის შემდეგაც კინომაყურებელს, თუ კინომგრძნობელს ისევ რეალობაში მიაბრძანებენ.

[ისმის ქალაქის ხმაური]

პარიზში, აუქციონზე გაიტანენ ავტომანქანას, რომელიც თავის დროზე იოანე პავლე მეორეს - შარშან გარდაცვლილ რომის პაპს - ეკუთვნოდა. ეს დრო იყო 50-იანი წლები, როცა კრაკოვის არქიეპოსკოპოსს საგანგებო შეკვეთის საფუძველზე დაუმზადეს “ვარშავის” მარკის ავტომობილი (FSO Warszawa). კრაკოვის არქიეპისკოპოსი მაშინ გახლდათ კაროლ ვოიტილა, და მანქანის დოკუმენტებიც მის სახელზეა გაფორმებული...

[ვოიტილას გალობა]

ჩვენი კალეიდოსკოპის ბოლო ორი ცნობით ორი - ევროპული კულტურისთვის, შეიძლება ითქვას, საკვანძო მნიშვნელობის - მოღვაწის იუბილეს გამოვეხმაურებით, ჯერ - ფსიქოანალიზის დამფუძნებლის სახელთან დაკავშირებულ იუბილეს. წელს ზიგმუნდ ფროიდის დაბადების 150-ე წლისთავი აღინიშნება - იუბილის აღნიშვნის ეპიცენტრი, უთუოდ ვენა იქნება, სადაც ფროიდის მშობლები ვაჟიშვილის დაბადებიდან სამ წელიწადში, 1859-ში, გადასახლდნენ და სადაც უამრავ ტურისტს იზიდავს ფროიდის სახლ-მუზეუმი. მაგრამ იუბილის აღსანიშნავად აქ, ჩეხეთშიც ემზადებიან: საქმე ის არის, რომ ფროიდი მორავიაში, ქალაქ ფრაიბერგში დაიბადა, რომელიც მაშინ 1856 წელს, მართალია, ავსტრიის იმპერიას ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს და პრჟიბორი ეწოდება. ასეა თუ ისე, სახლში, რომელშიც ფსიქოანალიზის მამა მოევლინა ქვეყანას, ბოლო რამდენიმე წელი მასაჟის სალონს ედო ბინა. ახლა შენობა ქალაქმა პრჟიბორმა იყიდა 133 ათას ევროდ და მასში მუზეუმის მოწყობას აპირებს: იუბილესთან დაკავშირებით - 6 მაისისთვის, როცა ზიგმუნდ ფროიდის დაბადების 150-ე წლისთავი შესრულდება.

[რადეცკი მარში]

1 იანვარს ვენაში გაიმართა ტრადიციული საახალწლო კონცერტი, რომელიც - ასევე ტრადიციულად - "რადეცკი მარშით" დასრულდა. დირიჟორის პულტთან წელს პირველად იდგა ლატვიელი მარის იანსონსი, და სიახლე იყო ისიც, რომ კონცერტი პირველად გაიხსნა მოცარტის მუსიკით - 2006 წელი ხომ მოცარტის წელია, როცა მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ხელოვანის დაბადების 250-ე წლისთავი აღნიშინება. მოცარტის დაბადების დღე 27 იანვარია, თუმცა ზეიმი მთელი საიუბილეო წლის მანძილზე გასტანს. 1 იანვარს ვენის საახალწლო კონცერტზე მისი “ფიგაროს ქორწინების” უვერტიურა შეასრულეს.

[“ფიგაროს ქორწინების” უვერტიურა]

დავით კაკაბაძე:
მარიამ ჭიაურელის მიერ მომზადებული "კალეიდოსკოპით" ვამთავრებთ "მეათე სტუდიას". მას პრაღიდან უძღვებოდა დავით კაკაბაძე. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან ლევან გვარამაძე იჯდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG