Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალმა ჯეკ აბრამოვის გარშემო, შესაძლოა, არაერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის კარიერა შეიწიროს


ლობისტ ჯეკ აბრამოვის ირგვლივ ვაშინგტონში აგორებულმა სკანდალმა დაამტკიცა, რომ ფულით შეერთებულ შტატებშიც შესაძლებელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების

საწინააღმდეგო სამართლებრივი ბარიერების გვერდის ავლა. აბრამოვმა მულტიმილიონ დოლარად შეფასებულ ფინანსურ მაქინაციებში თავი დამნაშავედ ცნო და თანხმობა განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ახლა მან უნდა თქვას, ანიჭებდნენ თუ არა მას და მის კლიენტებს კონგრესმენები პრივილეგიებს საჩუქრების და კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ. იმ პოლიტიკოსთა სიას, რომლებმაც აბრამოვის მიერ კამპანიაში შეტანილი თანხა უკან დააბრუნეს, პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც არის. ექსპერტების მოლოდინით, ამ სკანდალს რამდენიმე პოლიტიკოსის კარიერა შეეწირება და ეთიკის კანონების გამკაცრება მოჰყვება.

ქვეყნებმა, რომლებიც უკვე წლებია, რაც ლობირების შესახებ კანონპროექტის განსხვავებულ ვერსიებს ამუშავებენ, – რუსეთმა, მაგალითად, – შესაძლოა, ვაშინგტონის ლობირების ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებით ბევრი რამ ისწავლონ.

ფედერალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვაშინგტონში მოქმედი იურიდიული ფირმის წარმომადგენელი კენეტ გროსი გვიხსნის, რომ, მართალია, ამერიკელები ლობირებას, როგორც ასეთს, ხშირად საეჭვო ქმედებად მიიჩნევენ, საკუთრივ ამ ქმედებაში უკანონო არაფერია:

[გროსის ხმა] "ლობირება ოფიციალურ პირებზე გავლენის მოხდენის პრაქტიკაა – იქნება ეს პარლამენტის წევრი თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ეს კონსტიტუციით დაცული ქმედებაა. არც იმ თანხის მაქსიმალური ზღვარია დადგენილი, რომელიც ლობირებაში შეიძლება იქნეს გადახდილი. მე თუ მსურს, რომ მილიონი დოლარი გადაგიხადოთ იმაში, რომ თქვენ კონგრესის წევრს გაუკეთოთ ლობირება, ეს ჩემი პრეროგატივაა. და ეს სრულიად კანონიერი რამ არის.

ჯეკ აბრამოვი პოლიტიკოსების კამპანიებს ასობით ათასი დოლარით აფინანსებდა – მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკოსები ისეთი კანონების შემოღებას აპირებდნენ, რომლებსაც აბრამოვის კლიენტებზე შეეძლოთ გავლენის მოხდენა. თუმცა ეს ავტომატურად უკანონო ქმედება არ არის. კამპანიაში შეტანილი ფულადი წვლილი საეჭვო მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დამტკიცდება, რომ ამას პირდაპირი გავლენა ჰქონდა გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე.

ამერიკის ლობისტთა ლიგის ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ტომ სუსმანი ასე ფიქრობს:

[სუსმანის ხმა] "არის გარკვეული სფეროები, რომელთა ირგვლივაც კანონი მკაფიო განსაზღვრებას არ იძლევა. კანონი, მაგალითად, კონგრესის წევრის მოქრთამვას და სანაცვლოდ ქრთამის მიმცემისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას კრძალავს. მაგრამ ისმის კითხვა - საიდან გავიგოთ, ჰქონდა თუ არა, მაგალითად, რუსული პროდუქციის იმპორტის თაობაზე კენჭისყრაში მიცემულ ერთ-ერთ ხმას კავშირი საჩუქრებთან ან სხვა პრივილეგიებთან? ამ კავშირის დამტკიცება ძალიან რთულია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაში კანონი დაგეხმარებათ."

თუმცა ასეთი კავშირების დამტკიცების სირთულე არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვცადოთ ასეთი საქმეების გამოძიება. ასე მიაჩნია კამპანიის დაფინანსების რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაცია "დემოკრატია 21"-ის პრეზიდენტს ფრედ ვერტჰაიმერს:

[ვერტჰაიმერის ხმა] "ბატონი აბრამოვი ისეთი აგრესიით და გადაჭარბებით ავლენდა სიხარბეს, რომ მისი საქმე გასკდა და საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო. ამით კონგრესის რამდენიმე წევრს დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნას.”

ვერტჰაიმერი ფიქრობს, რომ ამ სკანდალის მასშტაბი კონგრესს აიძულებს, რაც შეიძლება მალე გაამკაცროს ლობირების რეგულაცია:

[ვერტჰაიმერის ხმა] "ამ სფეროში მომუშავე პირებს 2006 წელს სწორედ ეს გვაქვს მიზნად დასახული – უნდა გაძლიერდეს ლობირების კანონები და ეთიკის ნორმები. ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელია. ცვლილებები ხომ სწორედ კრიზისის დროს ხდება. ეს კონგრესის ირგვლივ დიდი კორუფციული სკანდალია. შესაძლოა, ყველაზე დიდიც კი, რაც კი 35 წლის განმავლობაში მინახავს."

ვერტჰაიმერის და მისი თანამოაზრეების აზრით, ახალი კანონების მიღების აუცილებლობას ბევრი ფაქტორი ამტკიცებს. გასულ წელს საზოგადოებრივი სამართლიანობის ცენტრმა ლობირების ფედერალური ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 50 მსხვილი ლობირების ფირმიდან 49 სისტემატურად არიდებდა თავს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG