Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა თბილისის მერიას ამოწმებს


თვეზე მეტია, რაც კონტროლის პალატა თბილისის მერიასა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ საქალაქო სამსახურებს ამოწმებს.

წინასწარი ინფორმაციით, რევიზია უტარდება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაწეული ხარჯების კანონიერებას. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მმართველობისთვის უცხო არ ყოფილა საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონის იგნორირებით, ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების უგულებელყოფა და ბევრი სხვა დარღვევა, რომელთა სრულ ნუსხას რევიზორები, სავარაუდოდ, ორ თვეში წარმოადგენენ, როცა კონტროლის პალატა შემოწმების აქტზე მუშაობას დაასრულებს.

თბილისელები მერიის ხელმძღვანელობასა და საქალაქო სამსახურების უფროსებს ხშირად უსაყვედურებენ იმის გამო, რომ ბიუჯეტის შედგენისას პრიორიტეტებს საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ხალხის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად სახავენ. ამის გამო უკანასკნელი წლების განმავლობაში თავისუფლების მოედანზე, მერიის შენობის წინ, არაერთი საპროტესტო აქცია გამართულა.

[ქალის ხმა] „მე მგონია, რომ ჩვენს საქართველოს ეს არ შეეფერება. ძალიან კარგია სკვერებისა და მოედნების გაკეთება, მაგრამ დღეს დავანებოთ ყველაფერს თავი. მოგვხედონ ამ ხალხს, სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს.“

დედაქალაქის მმართველებს მუშაობის სტილს უწუნებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. თბილისის საკრებულოს წევრი ვაჟა იმნაიშვილი ამბობს, რომ მერიის ხელმძღვანელობა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კულუარებში, საკრებულოსთან შეუთანხმებლად იღებს:

[ვაჟა იმნაიშვილის ხმა] „მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი არის ძალზე დაფარული. სრული გაუმჭვირვალობაა. შემოწმების დროს აღმოვაჩინე, რომ ასფალტის დაგებაზე მერიამ ერთ შემთხვევაში ტენდერი არ გამოაცხადა. სასურველია, რომ ასეთი მიდგომა აილაგმოს, მაგრამ ძალიან ძნელია მერიიდან ინფორმაციის მიღება, მათთან ურთიერთობა.“

ოპოზიციისაგან განსხვავებით, ინფორმაციის მიღება და მერიაში მომუშავე მოხელეებთან ურთიერთობა არ უჭირთ რევიზორებს. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ზურაბ სოსელიას თქმით, მოწმდება მერიის საქალაქო სამსახურების მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში - უფრო ზუსტად კი, 2002 წლიდან 2005 წლის პირველ ივლისამდე ინტერვალში - მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაწეული ხარჯების კანონთან შესაბამისობა. წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილია არაერთი დარღვევა:

[ზურაბ სოსელიას ხმა] „ეს არის სესხებთან დაკავშირებული, უკანონო აღებასთან, უკანონო ხარჯვასთან. კანონის იგნორირებით შესყიდვებთან, ტენდერების არგამოცხადებასთან, გადახარჯვებთან არის დაკავშირებული. პრიორიტეტული მიმართულებების უგულებელყოფასთან არის დაკავშირებული.“ (სტილი დაცულია)

ზურაბ სოსელიას თქმით, კონტროლის პალატა განაგრძობს მერიის საქალაქო სამსახურების რევიზიას, შემოწმების აქტი კი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ თვეში დაიწერება. ამ დრომდე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს დედაქალაქის საკრებულოს მდივანი და საპრეზიდენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ჟვანია:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „უნდა დასხდნენ იურისტები, ეკონომისტები, შესყიდვების სპეციალისტები და თუ რამე დასკვნას დადებენ, გავეცნობით მას და მერე ვილაპარაკებთ.“

თუმცა საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, გიორგი მოსიძე, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, ვერ შეელევა ერთგულ თანამებრძოლებს:

[გიორგი მოსიძის ხმა] „ეჭვი არ მეპარება, რომ უამრავი ფაქტი დაიდება, იმიტომ რომ სხვანაირად არც გამოვიდოდა, ისე მუშაობს მერიის დღევანდელი შემადგენლობა. მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ, არც იმის იმედი მაქვს, რომ შემოწმებას რაიმე მოჰყვება. თავის თავს არ დასჯიან. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე მეისრე დასაჯონ, თუმცა რეალურად იმ ხალხს, ვინც დღესაც გუნდშია, ყველაფერი შერჩება.“

კონტროლის პალატაში კი სტატისტიკასაც იშველიებენ. ზურაბ სოსელიას თქმით, 2005 წლის განმავლობაში პალატის თანამშრომლებმა 200-მდე ორგანიზაცია თუ დაწესებულება შეამოწმეს. გამოვლენილია 1000-ზე მეტი დარღვევა, რომელთა დიდი ნაწილი საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების განკარგვისას იქნა დაშვებული. კონტროლის პალატამ შემოწმების აქტების მეხუთედი პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG