Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონით მინიჭებულმა შინაგანი რწმენის უფლებამ მოსამართლეებს სამსახური დააკარგვინა


სადისციპლინო კოლეგიის მიერ დეკემბრის ბოლოს დასჯილმა მოსამართლეებმა დღეს კოლეგიის წერილობითი დასკვნა გამოაქვეყნეს.

მისი შინაარსიდან, რომელიც თავდაპირველი ზეპირი ბრალდებებისგან განსხვავდება, ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება კონკრეტული დეფინიციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო შეუწყდა. დასკვნას არაპროფესიონალურსა და უკანონოს უწოდებენ როგორც თავად მოსამართლეები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება შეისწავლეს.

უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლისადმი იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის საბოლოო განაჩენში საპროცესო ვადების დარღვევის ბრალდება აღარ არსებობს. თუმცა ამას გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილი ადასტურებს, ე.წ. სარეზოლუციო ნაწილში კი - ნათქვამი არაფერია. საქმეთა განხილვას ჩამოშორებულ ოთხ მოსამართლეს, საბოლოოდ, მხოლოდ ორი ბრალდება დაუტოვეს. პირველი მათგანის თანახმად, მოსამართლეებს მეუღლედ არ უნდა ეცნოთ მომჩივანი, რომელსაც ქორწინება იურიდიულად რეგისტრირებული არ ჰქონდა. დასჯილი მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათი გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული შინაგანი რწმენის უფლებას და, ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნორმის ინტერპრეტირების შესაძლებლობას ეფუძნებოდა. კოლეგიის ბრალდების ერთ მიზეზად მოსამართლე მერაბ ტურავა იურიდიულ გაუნათლებლობას მიიჩნევს:

[მერაბ ტურავას ხმა] "სადისციპლინო კოლეგიის წევრებს რომ სამართლის მეთოდოლოგია და სისხლის სამართლის პროცესი ჰქონდეთ შესწავლილი, ისინი არ იტყოდნენ იმას, რომ ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, იყო კანონსაწინააღმდეგო. სადისციპლინო კოლეგიამ მიიღო პოლიტიკური დაკვეთა და შეასრულა ეს დაკვეთა. პოლიტიკური დამკვეთი - ბატონი გიგა ბოკერია, ბრალმდებელი - ბატონი ნიკა გვარამია, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები - ქალბატონი ნინო კალანდაძე." (სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ მეუღლის ცნების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭომ დადგენილება გასული წლის თებერვალშიც გამოაქვეყნა და მაშინ მოსამართლეთა შეცდომა არ დაუდასტურებია. ეს გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებულ ამჟამინდელ დასკვნაში არ ჩაწერილა.

მეორე პრეტენზია, რის გამოც სადისციპლინო კოლეგიამ ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება შეუჩერა, ერთს კი მხოლოდ შენიშვნა გამოუცხადა, იმით გამოიხატება, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებში არაფერია ნათქვამი იმ მსჯავრდებულებზე, რომლებმაც განაჩენი არ გაასაჩივრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მოსამართლეთა დასაცავად საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და კოლეგიის დასკვნა შეისწავლეს, გადაწყვეტილებას სრულიად უსუსურს უწოდებენ:

[გიორგი ხუციშვილის ხმა] "მასში არის იმდენი შეუსაბამობა, რომ ის იურიდიულად არ შეიძლება იყოს ვალიდურად ჩათვლილი. მაშინ, როდესაც მოსამართლეს, აი, ამის საფუძველზე, რაც აქ წერია, ართმევენ უფლებას საქმიანობის, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შეკვეთილი შედეგი და ეს იყო გადაწყვეტილი იქამდე, სანამ ამდენს იმსჯელებდა და დაწერდა სადისციპლინო კომისია." (სტილი დაცულია)

კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეები შინაგანი რწმენის საფუძველზე იურიდიულად სწორად გამოტანილი განაჩენების გამო იდევნებიან. თუმცა როგორც ხუციშვილს, ასევე არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებს ეჭვი არც მოსამართლეთა დასჯის პოლიტიკურ მოტივში ეპარებათ. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თამარ გურჩიანი ამბობს, რომ მოსამართლეები ხელისუფლების მიერ სასამართლოს დამორჩილებისადმი წინააღმდეგობის გამო დაისაჯნენ:

[თამარ გურჩიანის ხმა] "ეს მოსამართლეები არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც თამამად გააპროტესტეს ხელისუფლების ეს ნაბიჯი და ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა ის, რომ ასეთ პრეცედენტს ადგილი ჰქონოდა. ამიტომ ყველანაირ ზომას მიმართავს ეხლა, რომ ეს მოსამართლეები არავითარ შემთხვევაში არ დარჩნენ დაუსჯელები." (სტილი დაცულია)

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას მოსამართლეები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჯერ ამავე კოლეგიაში, შემდეგ კი - უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ პროცედურებს ისინი მხოლოდ ფორმალურს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის დასაწყებად აუცილებელს უწოდებენ. დასჯილ მოსამართლეებს სტრასბურგში წარმატების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ თუნდაც იმიტომ, რომ, სადისციპლინო კოლეგიისგან განსხვავებით, მეუღლის ცნების ინტერპრეტაციას არ დაუწუნებენ. ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა იურიდიულს უთანაბრდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG