Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის კიდევ ერთი ლიცენზიის გაცემა იგეგმება


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში 835, 838 და 880 მეგაჰერცი სიხშირის რესურსებით სარგებლობის მსურველთა განცხადების მიღება 23 იანვარს სრულდება.

მობილური კავშირგაბმულობისთვის განკუთვნილ ამ სიხშირეთა რესურსის ლიცენზიის მფლობელი კი 7 თებერვალს გამართულ საჯარო აუქციონზე გამოვლინდება. გამარჯვებულად გამოცხადდება ის კომპანია, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის. ლიცენზიის საწყისი ფასი 4,2 მილიონი ლარია.

საქართველოში ტელეკომუნიკაციების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი ბიზნესია. ამ სფეროში ლიდერის პოზიცია უკავია მობილურ კავშირგაბმულობას. მისი მომხმარებლის რიცხვი სულ უფრო იზრდება და ახლახან 1 მილიონიან ზღვარსაც გადააჭარბა. კომუნიკაციის ამ საშუალების ბაზარი 1 მილიონი აბონენტით არ შემოიფარგლება, ოპერატორი კომპანიები პოტენციურ მომხმარებლად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას განიხილავენ. მათ შორისაა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიც - აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთი ოსეთი. იქ რუსეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ულიცენზიოდ საქმიანობის აკრძალვა ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 5-6 მილიონ ლარს კარგავს. თუმცა ჯერჯერობით რაიმე ცვლილებებზე ლაპარაკი ნაადრევია.

ახლა რაც შეეხება მობილური კავშირგაბმულობის იმ ბაზარს, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი ქიტოშვილს მოვუსმინოთ:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”საქართველოს ბაზარი ერთ-ერთი და ყველაზე მოწინავეა რეგიონში და პრინციპში საკმაოდ მიახლოებულია და ზოგ რამეში უსწრებს კიდეც ევროპულ სტანდარტებს. ანუ აქ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, კონკურენტუნარიანი გარემო, არადისკრიმინაციულობა და ხელშეწყობა ბაზარზე თანასწორ საფუძვლებზე საქმიანობისა.”(სტილი დაცულია)

აი, როგორ აფასებს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე შექმნილ ვითარებას კომისიაში მომხმარებელთა უფლებების ყოფილი დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ”რაც უფრო ბევრი კომპანიაა, მით უფრო უკეთესია მომხმარებლისთვის - კონკურენციის დონე მაღალია. ჩვენთან, ფაქტობრივად, 2 კომპანია იყოფს ბაზარს, მობილური კავშირგაბმულობის თვალსაზრისით.”

ეს მონოპოლისტური მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდა, მიუხედავად მარეგულირებელი კომისიის მცდელობისა, აუქციონებზე ახალი სიხშირეების გაყიდვის გზით ბაზარზე ახალი კომპანიები შემოეყვანა. 2005 წლის ზაფხულში ზედიზედ გამოცხადებულ 2 ტენდერში ”მაგთიკომმა” გაიმარჯვა. იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მონოპოლისტური მდგომარეობის გამოა, რომ ფიჭური კავშირის საფასური ოდნავადაც არ შემცირებულა, მაშინ როდესაც ბოლო 2 წლის მანძილზე თითქმის 100 პროცენტით გაიაფდა საერთაშორისო თუ საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის კომენტარი:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”ჩემი გათვლებით, ფასის ცვლილებებს საკმაოდ მალე უნდა ველოდეთ. თუმცა დღეს ორივე კომპანიას გააჩნია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პაკეტები კორპორაციული კლიენტებისა თუ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფებისთვის, რომელშიც შეიმჩნევა ფასის გარკვეული კლების ტენდენცია და, მე ვფიქრობ, ეს მასიურ ხასიათს მიიღებს მალე.”(სტილი დაცულია)

შეუწყობს თუ არა ამას ხელს 7 თებერვლისთვის დანიშნული აუქციონი, უახლოეს 1 წელიწადში გამოჩნდება. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ მისმა მყიდველმა 1 წლის მანძილზე უნდა შეძლოს მობილური კავშირგაბმულობის ქსელის ამუშავება და მისი მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG