Accessibility links

ქართულ მწერლობაში არც ისე ბევრია ტექსტი, რომელიც თავიდანვე მაგიდის


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართულ მწერლობაში არც ისე ბევრია ტექსტი, რომელიც თავიდანვე მაგიდის უჯრაში შესანახად იწერებოდა. საბჭოთა პერიოდის ქართველმა მწერლებმა რაც დაწერეს, ის,

ძირითადად, გამოაქვეყნეს კიდეც. ამიტომაც საბჭოთა კავშირის დანგრევას არ მოჰყოლია, ასე ვთქვათ, აფეთქება ქართულ ლიტერატურაში, მკითხველი არ გასცნობია წიგნებს, რომელთაც კომუნისტების დროს არასგზით არ დაბეჭდავდნენ. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს და შემდეგაც საქართველოში წიგნის საბეჭდად ცოტას თუ ეცალა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ქართველ მწერლებს არ შეუქმნიათ მარაგი, რომელსაც კომუნისტური ცენზურა აკრძალავდა. რა თქმა უნდა, ასეთი მარაგის მხრივ, საბჭოთა პერიოდის რუსულ ლიტერატურას ვერც ერთი სხვა ლიტერატურა ვერ შეედრება: რუსეთში დღემდე ბეჭდავენ აქამდე გამოუქვეყნებელ, სწორედ ”უჯრიდან ამოღებულ” ტექსტებს. და მაინც, ბოლო 15 წელია, ქართულ ლიტერატურაშიც გამოჩნდა მცირე ნაკადი მეოცე საუკუნის უცნობი ლიტერატურისა. ის მოიცავს არა მხოლოდ ემიგრანტულ ტექსტებს, არამედ საბჭოთა საქართველოში შექმნილ ნაწერებს. დავით პაიჭაძე ”ბიბლიოთეკაში” ერთ ასეთ წიგნზე გესაუბრებათ. ესაა გერონტი ქიქოძის ”თანამედროვის ჩანაწერები”.

ნუ გამოვრიცხავთ, რომ ახალ თაობას სჭირდება გერონტი ქიქოძის სახელის შეხსენება ან განმარტება. ”თანამედროვის ჩანაწერების” თანადროულად (ის ორიოდე წელია, რაც გამომცემლობა ”არეტემ” დასტამბა), სოციოლოგიის პროფესორმა, აწ გარდაცვლილმა ედუარდ კოდუამ გამოუშვა გერონტი ქიქოძის პოლიტოლოგიური და კულტუროლოგიური წერილების კრებული “პატარა ერის ხვედრი”. მანამდე გერონტი ქიქოძის უკანასკნელი წიგნი 90-იანი წლების მიჯნაზე გამოიცა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მისი პოლიტიკური პუბლიცისტიკის, ”ეროვნული ენერგიის”, რეპრინტს წარმოადგენდა. 1985 წელს გერონტი ქიქოძის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად ”მერანმა” გამოსცა მისი ”წერილები, ესეები, ნარკვევები”. ამავე პერიოდში გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვაუწყებს, რომ გერონტი ქიქოძე იყო ”მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებად არის მიჩნეული მისი თარგმანები ფრანგულიდან. მსოფლიო კულტურის, ფილოსოფიური აზროვნების, ამასთან, ქართველი ერის ისტორიის, მწერლობის, ხელოვნების ღრმა ცოდნითა და უტყუარი კრიტიკული ალღოთი აღჭურვილი გერონტი ქიქოძე თანამედროვე ქართული კრიტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის გეზის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახდა.”

წიგნი, რომელზეც დღეს ვლაპარაკობთ, მოიცავს დაახლოებით 40-წლიან პერიოდს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან დაწყებული, თუმცა მწერალი იხსენებს ქართული საზოგადოებრივი აზრის მანამდელ მოძრაობასა და მამოძრავებლებსაც. ლიტერატორი თამაზ ვასაძე “თანამედროვის ჩანაწერებს” მწერლის დოკუმენტურ პროზას უწოდებს. ეს არ არის მემუარები. გერონტი ქიქოძე ცდილობს, მაქსიმალურად ობიექტური იყოს და არავის უსწორებს ანგარიშს.

[თამაზ ვასაძის ხმა] “ეს, ალბათ, იმიტომაც ხდება, რომ მისი მთავარი მიზანი ეპოქის დანახვა და ანალიზია და არა თავისი საკუთარი ცხოვრების გადმოცემა. მისი სუბიექტური საწყისი ვლინდება ძალიან ფაქიზი მინიშნებებით, ინტონაციით, ემოციური განწყობით, რაც საერთოდაც დამახასიათებელია გერონტი ქიქოძისთვის.”

გერონტი ქიქოძის ჩანაწერებს უზის დასრულების თარიღი: 1954 წლის 12 მარტი. ამ დღიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, ქართულმა საზოგადოებამ, ასე თუ ისე, დააგროვა ცოდნა მეოცე საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიის შესახებ, მით უმეტეს ინფორმირებულია, რა ხდებოდა საბჭოთა საქართველოში სტალინის სიკვდილამდე. და მაინც, გერონტი ქიქოძის “თანამედროვის ჩანაწერები” კაცმა შეიძლება შეუნელებელი ინტერესით წაიკითხოს. მე ვთხოვე თამაზ ვასაძეს, გაეზიარებინა დაკვირვება, თუ რა დაანახვა ამ წიგნმა ახლებურად:

[ვასაძის ხმა] “იმ პერიოდში, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა დამოუკიდებლობა, საქართველო თავისი ადამიანების განათლების, კულტურის დონით ბუნებრივად იყო მომწიფებული დამოუკიდებლობისათვის, მეტი იყო თავისი დროისათვის, ვიდრე ჩვენი ახლანდელი კულტურის დონე - ჩვენი დროისათვის. სხვათა შორის, ეს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვის აღქმას. მეორე - ეს იყო რეპრესიების პერიოდი. ამ მოვლენების წარმოსახვის კუთხე და სტილია ისეთი, რომ თავდაპირველი მონაწილისა და თვითმხილველის სიმწვავით შეგვაგრძნობინებს ამ პროცესებს. ვგულისხმობ იმას, რომ გერონტი ქიქოძის დახვეწილი და რაციონალური სტილი ამ შემთხვევაში გადმოსცემს რაღაც აბსურდს, სიგიჟეს, რაღაც ბოდვას. და ეს კონტრასტი ამ მოვლენებს მეტი დრამატიზმითა და სიღრმით დაგვანახვებს.”

თამაზ ვასაძე თანამედროვის ჩანაწერების ღირსებად იმასაც მიიჩნევს, რომ ძალიან მწყობრი, მკაფიო და ადვილად აღსაქმელი ანალიზით გადმოცემულია უაღრესად რთული შინაარსი, რაც ჰქონდა დამოუკიდებლობისა და მის შემდგომ, კომუნისტურ, ეპოქას. ეს არის მრავალშრიანი, განტოტვილი თხრობა, რომლის დროსაც ავტორი მოვლენათა ურთიერთსაპირისპირო მხარეებს ხედავს:

[ვასაძის ხმა] “მაგალითად, ის, თუ როგორ ხსნის საქარველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზს, რაც არ დაიყვანება მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე, არც მხოლოდ ობიექტურ ფაქტორზე, ერთი პოლიტიკოსის შეცდომებსა და ვითარებებზე, რომლებშიც არსებობდა იმდროინდელი საქართველო და მისი ხელისუფლება. ყველაფერს ერთად, ერთდროულად ხედავს და ამის წინაპირობას მისი დაოკებული სუბიექტივიზმი უქმნის.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ობიექტურობა და ზომიერების გრძნობა, რომელიც მთელ ნაწერს გასდევს, გერონტი ქიქოძესთან ბოლშევიკების საქმეთა აღწერა-შეფასების დროსაც ვლინდება. ის არსად გამოხატავს ბერიასადმი ზიზღსა თუ ძრწოლას, მაგრამ ამ ემოციას აღძრავს მკითხველში. ანდა ვნახოთ, როგორ ლაპარაკობს გერონტი ქიქოძე ბერიას შემდგომ ცეკას მდივანზე:

“თბილისში ცეკას პირველ მდივნად კანდიდ ჩარკვიანი დაინიშნა. ჩარკვიანი მოკლებული არ იყო კაცთმოყვარეობის გრძნობას, ადვილად არ უჯერებდა დამბეზღებლებს, ზომიერი და თავმდაბალი კაცი იყო და საერთოდ საკმარის კეთილგონიერებას იჩენდა რესპუბლიკის საქმეების გაძღოლაში. ის თავის სავარძელში თხუთმეტი წელიწადი იჯდა. ეს რეკორდად უნდა ჩაითვალოს აღმოსავლეთის ნაზირ-ვეზირების ისტორიაში.”

უაღრესად საგულისხმოა სტალინის ფენომენის გერონტი ქიქოძისეული აღწერა. ის ამბობს, რომ სტალინის დიქტატურის სუსხიან წლებში საბჭოთა საზოგადოების ცხოვრებაში ორმაგმა, რამდენიმე, ერთიმეორის საწინააღმდეგო, ტენდენციამ იჩინა თავი. სტალინის სიკვდილის შემდეგ, გერონტი ქიქოძის აზრით, “ქართველმა ახალგაზრდობამ თითქოს დაივიწყა ის ზიანი, რომელიც საქართველოს მიაყენა სტალინის დიქტატურამ 30 წლის მანძილზე, აპატია მას სიმკაცრე და სატანური თავმოყვარეობა და შეეცადა, რომანტიკული შარავანდით შემოსილი ბელადი მითოსში გადაეყვანა”. ეს სიტყვები სტალინის გარდაცვალების წლისთავზეა დაწერილი და, ვფიქრობ, ასახავს მომდევნო ათწლეულების რეალობასაც. და მაინც, გერონტი ქიქოძე მხოლოდ ასე არ ფიქრობს სტალინზე:

[ვასაძის ხმა] “მან მაინც დაინახა სტალინის პოლიტიკის მთავარი შედეგი: მან დაინახა, რომ სტალინმა განახორციელა მოდერნიზაცია. მაგრამ დაინახა ისიც, რა ფასად განხორციელდა ეს მოდერნიზაცია. მართლაც, რაღაცები კეთდებოდა, შენდებოდა, იქმნებოდა… ამის არდანახვა და არაღიარება გერონტი ქიქოძეს არ შეეძლო. ოღონდ ის ხედავდა, რომ ეს პროგრესის მსგავსი რაღაც უამრავი რეგრესული და მძიმე მომენტით იყო გადაწონილი. როგორც ჩანს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტალინის როლმა მეორე მსოფლიო ომში. მაგრამ სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტი არის დახატული აბსოლუტური რეალიზმით, ძალიან გამჭრიახად.”

დასასრულ, ერთი ციტატა, რომელიც გერონტი ქიქოძის ენას აღწერს. ეს სიტყვები “თანამედროვის ჩანაწერების” ავტორის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ წარმოთქვა პროფესორმა ნოდარ კაკაბაძემ:

“ჯერჯერობით შეუსწავლელია გერონტი ქიქოძის სტილი და ენა. გერონტი ქიქოძე ქართული ენის უდიდესი არტისტია. მის ხელში ქართულმა ენამ საოცარი მოქნილობა, ფეროვნება და ელვარება შეიძინა. გერონტი ქიქოძის ენა კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს სტილური ნიმუშის მნიშვნელობას. გერონტი ქიქოძე უნატიფესი სტილისტი იყო, რომელსაც აბსოლუტური ენობრივი სმენა ჰქონდა. მის ნაწერებში ვერსად ნახავთ ერთ ყალბ, დისონანსის შემტან ბგერასაც კი, ვერც ერთ საერთო კონტექსტიდან ანდა წინადადების საერთო მუსიკიდან ამოვარდნილ სიტყვას.”

ამ ციტატის შინაარსი დღესაც აქტუალურია: გერონტი ქიქოძის სტილი და ენა დღემდე შუესწავლელია და მკითხველს ისღა დარჩენია, განცვიფრდეს, როგორ არის ავტორის არათუ 50, არამედ 80 წლის წინანდელი ნაწერი, მართლაც, თანამედროვე. ამჯერად ვგულისხმობთ მხოლოდ ენობრივ თანამედროვეობას. “არეტეს” გამოცემული ჩანაწერებით გელაპარაკებათ როგორც იქ აღწერილი მოვლენების, ისე დღევანდელობის თანამედროვე.
XS
SM
MD
LG