Accessibility links

logo-print

ჰაჯის დღესასწაული: ისტორია, რიტუალები და მნიშვნელობა


კვირას, 8 იანვარს, ჰაჯის დღესასწაული იწყება. ჰაჯზე დასასწრებად საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ორ მილიონზე მეტ მუსულმანს ელიან. ჰაჯი ხომ მსოფლიოში ყველაზე

ხალხმრავალი ყოველწლიური თავყრილობაა. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ჰაჯი "ადგილისკენ დაძვრას" ნიშნავს. თუ ჯანმრთელობა და მატერიალური ყოფა ხელს უწყობს, ჰაჯზე ერთხელ მაინც დასწრება ყველა მუსულმანის მოვალეობაა. როგორც ჩემი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ჰაჯს, რელიგიურის გარდა, ხშირად პოლიტიკური ფუნქციაც ჰქონდა.

[აუდიო – ჰაჯის ჯინგლი]

ჰაჯი ისლამის მთელ სპექტრს აერთიანებს. მომლოცველები "იჰრამად" წოდებულ სადა, თეთრ სამოსს იცვამენ და ამით განსხვავებული სოციალური წარმომავლობის თუ სხვადასხვა კულტურის ნიშნებს შლიან. ჰაჯის დროს გვერდიგვერდ ლოცულობენ ვაჭრები და პრემიერ-მინისტრები, მდიდრები და ღარიბები, პაციფისტები და ექსტრემისტები.

ჰაჯის ერთ-ერთ პირველ და, ამავე დროს, უკანასკნელ რიტუალს "ტავაფი", ანუ "მოტრიალება", ეწოდება. ამ რიტუალის დროს მილიონობით მლოცველი მექის დიდი მეჩეთის ცენტრში მდებარე შენობას საათის საწინააღმდეგო მიმართულებით შვიდჯერ არტყამს წრეს. იმისათვის, რომ ჰაჯის რიტუალები დასრულებულად ჩაითვალოს, მეხუთე დღეს ყველა მონაწილემ "ტავაფი" ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.

ეს ცენტრალური შენობა ქააბაა, ალაჰის სახლი – ისლამის წმიდათაწმიდა სალოცავი. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსულმანები ლოცვის დროს პირს ამ სალოცავის მიმართულებით იბრუნებენ. ისლამური ტრადიციის თანახმად, ქააბა წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა –აბრაამმა – და მისმა ვაჟმა ისმაილმა ააგეს და თან ის შავი ქვა ჩაატანეს, რომელიც, მუსულმანების რწმენით, მიწაზე ანგელოზმა ჯიბრილმა ჩამოიტანა. ჯიბრილი მთავარანგელოზ გაბრიელის მუსულმანური სახელია.

ბევრი რელიგიის მკვლევარის აზრით, ჰაჯი ყოველთვის მხოლოდ რელიგიური რიტუალი იყო. თუმცა ყურანის მკვლევარებს შორის ისეთებიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ ჰაჯის ფუნქციებში ვაჭრობა და ბიზნესიც შედის. ეს განსაკუთრებით მექას ეხება, რომელიც ისტორიულად სავაჭრო ცენტრად იყო მიჩნეული.

ამ ასპექტებთან ერთად, ჰაჯის დღესასწაული პოლიტიკურ შეფერილობასაც ატარებს.

ბეირუთის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, რიზვან საიდი, ასე ფიქრობს:

[საიდის ხმა] "ჰაჯი, როგორც ასეთი, წმინდად რელიგიური მოვლენა იყო, რომელსაც საფუძველი უძველეს არაბულ ტრადიციებში აქვს და წინასწარმეტყველ აბრაჰამის მიერ არის დაარსებული. ამდენად, არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ ჰაჯის ოდითგანვე პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა მექა დაიპყრო, უკვე შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ჰაჯმა პოლიტიკური და სოციალური ელემენტებიც შეიძინა. ესენი, უპირველესად, ისლამური უმაჰის, ანუ მორწმუნეთა თემის, ერთიანობას უკავშირდება."

და მაინც – რამდენად ასახავს ჰაჯი მუსულმანთა ერთიანობას?

პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორს, ბორან ღალიონს, ასე მიაჩნია:

[ღალიონის ხმა] "ცხადია, ისეთი დიდი თემის წევრობა, როგორიც ისლამური უმაჰია, მუსულმანური ერთიანობის იდეას წარმოშობს; მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს ერთიანობა დიდწილად ილუზორულია, ვინაიდან რეალობაში ისლამური უმა სულ უფრო მეტად კარგავს ერთობას და პოლიტიკური და, თქვენ წარმოიდგინეთ, რელიგიური განსხვავებების გავლენებს განიცდის."

მე-19 საუკუნემ ბევრი ისლამური ქვეყნის კოლონიზაცია და ოსმალეთის იმპერიის კრიზისი მოიტანა. ასეთ ფონზე ბევრმა მუსულმანმა მწერალმა და მკვლევარმა სცადა პოლიტიკურ მოვლენად გადაექცია ჰაჯი, რომლის დროსაც მლოცველები დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური დომინაციის მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავდნენ.

თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიის დაშლით, და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისლამური ქვეყნების მიერ თანდათანობით მოპოვებული დამოუკიდებლობით, მოისპო იდეა, რომ მექა მუსულმანების ერთიანი დედაქალაქი გახდებოდა. რიზვან საიდი ასე ფიქრობს:

[საიდის ხმა] "საუდთა დინასტიის ბატონობამ და საუდის არაბეთის შექმნამ ჰაჯის ერთგვარ პოლიტიკურ კონგრესად გადაქცევის მცდელობას ლეგიტიმურობა დააკარგვინა. ჰაჯიმ რელიგიური მნიშვნელობა დაიბრუნა და მას პოლიტიკური თუ კულტურული ასპექტები აღარ გააჩნდა."

ანალიტიკოსების აზრით, 70-იან და 80-იან წლებში ირანმა სცადა ჰაჯი შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპროტესტო პლატფორმად გადაექცია.

თუმცა, როგორც ბორან ღალიონი ამბობს, მსგავსი მცდელობები შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნის - საუდის არაბეთის - მიერ მიღებულმა უსაფრთხოების ზომებმა აღკვეთეს. ანტიდასავლურ მოძრაობებს აღარ მიეცათ მექისა და ჰაჯის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალება:

[ღალიონის ხმა] "ჩემი აზრით, ყველა ისლამისტური მოძრაობა –ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველა მუსულმანს არ ეხება – ყველა მოძრაობა, რომელიც ისლამისტურ სახელმწიფოს ან რევოლუციას ქადაგებს, – განსაკუთრებით კი ჰომეინის მოძრაობა, – რელიგიური რიტუალების პოლიტიკური ინტერპრეტაციისკენ არის მიდრეკილი. თუმცა, სანამ რამე მოხდებოდა, საუდის არაბეთი თავად დაუპირისპირდა ამ ტენდენციას და ჰაჯის დროს პოლიტიკური დემონსტრაციების აგორება აღკვეთა. ამას იმ ისლამური ქვეყნების თანხმობაც დაეხმარა, რომელთაც ჰაჯის რიტუალების პოლიტიკურ დემონსტრაციად ქცევა არ სურდათ."

აიათოლა საიდ აბულქასიმ დიბაჯი დიდი აიათოლა ალი სისტანის წარმომადგენელია კუვეიტში. დიბაჯის თქმით, ჰაჯის რიტუალმა მსოფლიოს მშვიდობის, არაძალადობისა და სხვადასხვა კულტურის, რასის, ენისა თუ სოციალური სტატუსის ადამიანთა ერთიანობის შეტყობინება უნდა გაუგზავნოს:

[დიბაჯის ხმა] "ერთმანეთის გვერდით მილიონზე მეტი ადამიანი დადგება ისე, რომ ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაიღვრება. ეს ჩვენს გულებში არსებული სიყვარულის ყველაზე ამაღლებული გამოვლინებაა. ხალხს ერთნაირი სამოსელი ეცმება და მხოლოდ ერთ ფრაზას გაიმეორებს: "მე შენ მიგიღე, უფალო; მე შენ მიგიღე". ღმერთო, შენ ჩვენ გვიხმე და, აი, ჩვენ მოვედით. შენ გვიბრძანე, აქ შიშველი ხელებით და ფეხშიშველი მოვსულიყავით. ჩვენ ერთმანეთის ენაც კი არ ვიცით. ჰაჯის დროს ადამიანები ერთმანეთს სიყვარულის და თანაგრძნობის ენაზე ელაპარაკებიან."

[ჰაჯის ჯინგლი]

ჰაჯის რიტუალებს შორის არის საიც, რაც მარვაჰისა და საფაჰის მთებს შორის შვიდჯერ გავლას ითვალისწინებს. ეს რიტუალი განასახიერებს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის ცოლის - ჰაგარის - მიერ წყლის ძებნას უდაბნოში, როდესაც ჰაგარი იქ პატარა ისმაილთან ერთად მარტო დატოვეს.

მომლოცველები აგრეთვე არაფატის მთაზე ადიან, სადაც მუჰამედმა, სიკვდილამდე სამი თვით ადრე, უკანასკნელად იქადაგა. არაფატის მთაზე ასვლა ჰაჯის რიტუალების ყველაზე ინტენსიურ ფაზადაა მიჩნეული. ამ დროს მუსულმანები ღმერთს შეწყალებას სთხოვენ.

მლოცველები კიდევ მინას ხეობაში მიდიან და სამი სვეტის სამდღიანი ჩაქოლვის რიტუალში იღებენ მონაწილეობას. სამი სვეტი ეშმაკს, იმავე ჯამრაჰს, გამოხატავს. სვეტების ჩაქოლვა წინასწარმეტყველი იბრაჰიმის, მისი ცოლისა და შვილის, ისმაილისგან, სატანის განდევნას ემსახურება. ამავე დროს, სვეტების ჩაქოლვით მორწმუნეები ქვებს, სიმბოლურად, თავიანთ ცდუნებებსაც ესვრიან.

სვეტების ჩაქოლვა ცხოველის - როგორც წესი, ცხვრის - დაკვლით მთავრდება. ამით სამდღიანი დღესასწაული ეიდ ადჰა, ანუ მსხვერპლშეწირვის ნადიმი, იწყება. ამ დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი მუსულმანები აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG