Accessibility links

logo-print

არიელ შარონის მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია


ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, რომელიც იერუსალიმის საავადმყოფოში იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში,

დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვა - იტყობინებიან ექიმები, რომლებმაც დაიწყეს შარონის გამოყვანა ხელოვნური კომიდან. მათი თქმით, დამოუკიდებლად სუნთქვა იმის ნიშანია, რომ თავის ტვინი მოქმედებას ახერხებს. მიუხედავად ამისა, შარონის მდგომარეობა კრიტიკულია.

მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს ოთხშაბათს ტვინში სისხლის მძიმე ჩაქცევა მოუვიდა, შაბათს მას მეორე ოპერაცია გაუკეთეს ტვინზე.

კომიდან შარონს ნელ-ნელა გამოიყვანენ. მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა ზიანი მიაყენა ინსულტმა თავის ტვინს. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფმა დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, მას კვლავაც ხელოვნური სუნთქვა უტარდება.

ნეიროქირურგ იოსე კოენის აზრით, რომელმაც ჩაუტარა შარონს ოპერაცია, მისი შანსები ძალზე მაღალია, მაგრამ იგი ვეღარ შეძლებს პრემიერ-მინისტრობას.

მაშინ, როცა შარონი კომაში იმყოფება, მისი მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრემიერმა ეჰუდ ოლმერტმა კვირას ისრაელის სრული კაბინეტის პირველ სხდომას უხელმძღვანელა.

ამასობაში ისრაელი და დანარჩენი მსოფლიო უკვე ემზადებიან შარონის შემდგომი ეპოქისთვის. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ძველებურად ფუნქციონირებს.

იმ შემთხვევაში, თუკი შარონი გარდაიცვლება ან ვეღარასოდეს შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, მის ადგილზე ეჰუდ ოლმერტის დროებით დანიშვნას კაბინეტმა კენჭი უნდა უყაროს.

მთავრობის წარმომადგენლის, რაანან გისინის თქმით, ასეთ შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემა უპრობლემოდ მოხდება.

გისინის ხმა 0805 "არ გვაქვს პოლიტიკური ვაკუუმი. ისრაელის დემოკრატიაში არსებობს პროცედურა - სულ ერთია, შარონის თუ სხვის შემთხვევაში - , რომელიც უზრუნველყოფს ერთიანობასა და უწყვეტობას. ჩვენ გვაროვნული საზოგადოებასავით ვმოქმედებთ და ვერთიანდებით. ეს უკვე მოხდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ახალი ხელმძღვანელობის, ოლმერტის ლიდერობით. სულ ერთია, დროებითი მოვლენაა ეს თუ მუდმივი, ამ წუთისთვის ყველა გაერთიანებულია. ყოველგვარი პოლიტიკური ბრძოლები შეწყდა. და მთავრობა განაგრძობს მოქმედებას."

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ოლმეტრის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იქნება, მისცეს თუ არა აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრებ პალესტინელებს 25 იანვარს პალესტინის ავტონომიის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მათ ამას აუკრძალავს კენჭისყრაში ჰამასის მონაწილეობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

საპასუხოდ პალესტინელები იმუქრებიან, რომ საერთოდ გააუქმებენ არჩევნებს.
XS
SM
MD
LG