Accessibility links

გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები - სასამართლოს წინაშე


კიევში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც უკრაინის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის, ტრაგიკულ გარემოებებში დაღუპული გიორგი ღონღაძის სახელს უკავშირდება.

5-თ წელიწადზე მეტია გასული ღონღაძის მკვლელობიდან, მაგრამ ამ გახმაურებული საქმისადმი ინტერესი არ ნელდება. არა მარტო აღშფოთების გამო, რომელიც ღონღაძისადმი გამოჩენილმა სისასტიკემ გამოიწვია (მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ 2000 წლის მიწურულს უკრაინაში ღონღაძის თავმოკვეთილი გვამი იპოვეს), არამედ იმის გამოც, რომ იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ხელისუფლების წარმომადგენლების, თვით პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ხელი ერია. კუჩმა და მისი ხელისუფლება ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ბრალდებას, თუმცა ფაქტი ის არის, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიება რამდენიმე წელი გაჭიანურდა.

და აი, დადგა ის დღე, როცა სასამართლოს წინაშე წარდგა მკვლელობაში ბრალდებული სამი ადამიანი - სამივე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი: ვალერი კოსტენკო, მიკოლა პროტასოვი და ოლექსანდრ პოპოვიჩი. დიდ ყურადღებას იპყრობს სასამართლოს დარბაზში მისული კიდევ ერთი ადამიანი, ღონღაძის ქვრივი მიროსლავა, რომელიც ბოლო წლებში აშშ-შის ცხოვრობს და კიევში სასამართლოზე დასასწრებად ჩავიდა.

[მიროსლავა ღონღაძის ხმა] “ხალხი, რომელიც დღეს იჯდება ბრალდებულის სკამზე, იყო იარაღი, ინსტრუმენტი იმ სისტემის ხელში, რომელიც ანადგურებდა ხალხს და ეს არის ძალაინ მნიშვნელოვანი ასპექტი გამოძიებისათვის”.

აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარი ეჭვმიტანილი გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალი ოლექსი პუკაჩი - ჯერ კიდევ იძებნება. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტის ქვრივი საკმარისად არ მიიჩნევს დღეს დაწყებულ პროცესზე მყოფი ბრალდებულების გასამართლებას. [მიროსლავა ღონღაძის ხმა] “არა მგონია, ამ ხალხის დასჯა საკამრისი იყოს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ პირადი მოტივები გიორგის მოსაკლავად. მათ დავალებული ჰქონდათ დანაშაულის ჩადენა. მათ ჰქონდათ არჩევანი, ეს არ გაეკეთებინათ - შეეძლოთ, პატიოსნად მოქცეულიყვნენ და უარი ეთქვათ დავალების შესრულებაზე, მაგრამ მათ მოკლეს გიორგი და ამის გამო უნდა დაისაჯონ კიდეც. შემდეგი ნაბიჯი იქნება, როცა მართლმსაჯულების წინაშე ამ დანაშაულის ორგანიზატორები წარდგებიან. ცნობილია, ვინც არიან ისინი და უნდა დაისაჯონ, ისევე როგორც უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც დღეს ზის ბრალდებულის სკამზე”, მოითხოვს 2000-ს წელს მოკლული უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ქვრივი მიროსლავა. როგორც ცნობილია, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თავისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ასახელებს ღონღაძის მკვლელობის გახსნას.

ჯერ-ჯერობით სასამართლო პროცესი ყოვნდება - ერთ-ერთ ბრალდებულს, მიკოლა პროტასევს ჯანმრთელობამ უმტყუნა: მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის შემდეგაც სასამართლოს სხდომა 23-მ იანვრამდე გადაიდო.
XS
SM
MD
LG