Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკის 2005 წლის მიღწევები და 2006 წლის პერსპექტივები


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრმა, ტრადიციისამებრ, განვლილი წლის ანგარიში საზოგადოებას ჯერ კიდევ 2006 წლის დადგომამდე ჩააბარა.

მათ შორის არ იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე. ქართული პრესა მისი გადადგომისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვის შესახებ ალაპარაკდა. ირაკლი ჩოგოვაძემ ეს ცნობები 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო და საქართველოს ეკონომიკის 2005 წლის მიღწევებსა და 2006 წლის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2005 წლის მანძილზე ქართული ეკონომიკის განვითარების სურათის დასახატად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები მოიშველია - უპირველეს ყოვლისა, ”საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” დასკვნა, რომელმაც საქართველო მეორე ადგილზე დაასახელა2005 წლის რეფორმატორ სახელმწიფოებს შორის. ჩოგოვაძემ მოიშველია ასევე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ”ბი +” რეიტინგიც, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის მაჩვენებელია. თავად მინისტრი, აი, ასე ასახავს იმ ეფექტს, რომელიც მისმა უწყებამ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, კერძოდ კი, სახელმწიფო საწარმოებზე მოახდინა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ჩვენმა ლიდერმა საწარმოებმა თავიანთი მუშაობა. ეს შეეხება როგორც საქართველოს რკინიგზას, რომლისთვისაც 2005 წელი იქნება რეკორდული წელი, ასევე ფოთისა და ბათუმის პორტებს, ელექტროკავშირს. 2006 წელსაც ველოდებით ამ პარამეტრის მნიშვნელოვან ზრდას, იმის მიუხედავად, რომ გრძელდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია.”

ირაკლი ჩოგოვაძემ სხვა, ეგრეთ წოდებულ, ”რეკორდებზეც” ილაპარაკა, მათ შორის, ტურისტთა ნაკადის 40 პროცენტიანი ზრდის, 500 კილომეტრი ასფალტის დაგების შესახებ, ასევე ლიცენზიების დიდი ნაწილის გაუქმებისა და, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში პირველად, ”ჯი-ეს-პი პლუსის” შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

ახლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. მიმდინარე კვირაში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რეგიონებში გასვლას კახეთიდან და მცხეთა-მთიანეთის მხარეებიდან იწყებს. ირაკლი ჩოგოვაძის უწყებას გადაწყვეტილი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები შეისწავლოს და შემდეგ მათ მოგვარებაზე იზრუნოს. იგი გეგმავს ასევე ცხელი ხაზის შექმნას, რათა ბიზნესმენებმა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით შეძლონ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც მათ განვითარებას ხელს უშლის. ამასთანავე, სამინისტროს მთავარ ამოცანად კვლავ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა რჩება.

ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი მთავარი მიმართულება მასშტაბური პრივატიზაციის პროცესის გაგრძელება იქნება. მოხვდება თუ არა ამ პროცესში ლამის გეო-პოლიტიკური დაპირისპირების საგნად ქცეული მაგისტრალური გაზსადენი, ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. ირაკლი ჩოგოვაძის კომენტარი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”რაც შეეხება მაგისტრალურ გაზსადენს, არანაირი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული არ არის. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, ინტერესი.”

ეკონომიკური განვითარების მინისტრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მისული ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, თუ ვის მოუწევს ჩოგოვაძის მიერ დასახელებული გეგმების განხორციელება - მას თუ მის შესაძლო შემცვლელს.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”მე იმედი მაქვს, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილ გეგმებს მე თვითონ განვახორციელებ.”

აი, ასეთი პასუხით უარყო ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.
XS
SM
MD
LG