Accessibility links

რას შესჩივიან შოთა რუსთაველს და რას უჩივიან ხელისუფლებას

  • ნინო როდონაია

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებით უკმაყოფილო საზოგადოებრივმა მოძრაობებმა საპროტესტო აქციები განაახლეს.

სამოქალაქო საზოგადოება ,,დარბაზმა” წლის პირველი მდუმარე აქცია გამართა თავისუფლების მოედანზე, სადაც ზურაბ წერეთლის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი სკულპტურა უნდა აღიმართოს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად თბილისის ცენტრში მომავალშიც ხშირად გამოჩნდებიან. ანალოგიური განზრახვა აქვთ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც კავშირის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით პროტესტი ამჯერად რუსთაველის ძეგლთან გამოხატეს.


მომავალ კვირაში სასამართლომ მწერალთა კავშირის შენობის გასხვისების კანონიერების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კავშირის წევრები ხელისუფლებას შენობის შენარჩუნების პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ, მათთვის არასასურველი განაჩენის შემთხვევაში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შენობაში მუდმივ მორიგეობას დააწესებენ. მწერალთა კავშირის წევრთა პროტესტს ისიც იწვევს, რომ მათ გაერთიანებას ხელისუფლებაში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილ სტრუქტურას უწოდებენ:



[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] ,,არავინ არავის გადმონაშთი არ არის. 12 წელიწადი ჟურნალ ,,ცისკარს” ვხელმძღვანელობდი და ერთი გადაათვალიერონ, რეებს ვბეჭდავდი, ნახონ. დაწერონ ეხლა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი და დაბეჭდონ კიდევაც!” (სტილი დაცულია)



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ხელისუფლებას საზოგადოების აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და კავშირის შენობიდან მწერლების გასახლების ერთ-ერთ მიზნად დაშინებას მიიჩნევს.



[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] ,,მწერალთა კავშირის სახლის წართმევა როგორ შეიძლება?! წარმოიდგინეთ ეხლა, რუსთაველის თეატრს რომ წაართვა თეატრი, ოპერისა და ბალეტის თეატრს წაართვა შენობა. წაართმევენ, ალბათ, ნელ-ნელა - წავლენ და წაართმევენ. იმიტომ რომ, ბიუჯეტი როგორ უნდა შესრულდეს, თუ არ გაიყიდა ყველაფერი?!” (სტილი დაცულია)


ორშაბათს მწერალთა კავშირის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა სწორედ კავშირის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის ძეგლთან დაასრულეს, ტრანსპარანტით: ,,ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია.”

თბილისში კიდევ ერთი მანიფესტაციის ადგილად მომავალი ძეგლისთვის განკუთვნილი მოედანი იქცა. მდუმარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება ,,დარბაზი,” რომელსაც განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე პროცესები არ მოსწონს. მოძრაობამ უკმაყოფილების გამოხატვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად შეარჩია ზურაბ წერეთლის ის სკულპტურა, რომელიც თბილისის ცენტრში უნდა დაიდგას:


[გიორგი შენგელაიას ხმა] ,,ჩვენი ამოცანა მარტო ის კი არ არის, არჩევნების დროს იმის ჩაყრა, არამედ არჩევნებს შორის თვალ-ყურის დევნება, რამდენად პასუხობენ ისინი იმ ნდობას, რაც ჩვენ გამოვუცხადეთ. როდესაც წერეთელს მოგითრევენ და დაგიდგამენ შუა ქალაქში....რატომ? - გვაჩუქაო! რას ჰქვია გაჩუქა, შე კაი ადამიანო?! ჩემთან რომ კაცი მოვიდეს და მითხრას, ფულს გჩუქნიო, მე ვკითხავ, შენ ვინა ხარ და საიდან გაქვს ეს ფული-მეთქი? მე ვიძახი, რომ წერეთლის სისტემა უფრო რთულია და ცუდი, ვიდრე საბჭოთა სისტემა.” (სტილი დაცულია)



კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც ,,დარბაზის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამბობს, რომ ზურაბ წერეთლის შემოქმედება მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილების მიზეზად იქცა. შენგელაიასთვის მიუღებელია ის, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას ხელისუფლება მხოლოდ თავის მიერვე შერჩეული რამდენიმე ფავორიტის აზრს ითვალისწინებს და მათვე აფინანსებს. ამასთან, კინორეჟისორი განმარტავს, რომ თავის დროზე ,,დარბაზი” სწორედ ხელისუფლების მხარდასაჭერად შეიქმნა:


[გიორგი შენგელაიას ხმა] ,,ჩვენ ვიჯექით 2 წელი და ველოდებოდით, სიმბოლურად რომ ვთქვათ, აბა, ერთი ვინმეს თუ დაუძახებს ის კაცი, რომ რამე ჭკუა ჰკითხოს. არ დაგვიძახა. ეხლა დავიწყეთ ყვირილი. თვალებში ნაცარს გვაყრიან და მე როცა ნაცარს მაყრიან, ვიწყებ ყვირილს.” (სტილი დაცულია)


გიორგი შენგელაია ამბობს, რომ ,,დარბაზი” პრეზიდენტის მხარდაჭერაზე უარს არც ამჟამად ამბობს, თუმცა მხოლოდ მომავალ არჩევნებამდე, თუკი სააკაშვილი საზოგადოების აზრს არ გაითვალისწინებს. რაც შეეხება წერეთლის სკულპტურას, კინორეჟისორი ირწმუნება, რომ ამ საქმეს თბილისის მერის პოსტი შეეწირება:


[გიორგი შენგელაიას ხმა] ,,ჩინეჩიტას დანგრევა უნდოდათ. ანა მანიანი გამოვიდა და ბულდოზერის წინ დადგა. არ დაანგრიეს, იმათ კულტურა აქვთ - ანა მანიანი თუ გამოდის, ესე იგი ამის ხელის ხლება არ შეიძლება. ამას გავაკეთებთ. თუ ბულდოზერის რულთან იჯდება ვანო მერაბიშვილი, გადამივლის, მე ხომ ვიცი. მაგრამ მე იქ ძალიან ჭკვიანურად მოვიქცევი - ისე დავდგები, რომ თუ წამოვიდნენ, გავიწევი. ამ აქციას მოვაწყობთ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა.” (სტილი დაცულია)


,,დარბაზის” მიერ ორგანიზებული მომდევნო აქციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ორშაბათს კი, გარდა თბილისისა, საპროტესტო აქცია გაიმართა კახეთშიც, სადაც ადგილობრივი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დასჯილ მოსამართლეებს და მათი დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG