Accessibility links

logo-print

ფრინველის გრიპით ინფიცირების მორიგი ახალი შემთხვევები


მთავარი საერთაშორისო თემა დღესაც ფრინველის გრიპია, რომლით ინფიცირების შესახებაც (ლაპარაკია როგორც ფრინველის, ისე ადამიანის ინფიცირებაზე) ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება.

ინფიცირების შემთხვევებზე იუწყებიან იაპონიიდან, ჩინეთიდან, ყირიმიდან. არ გამორიცხავენ არც იმას, რომ ვირუსმა კარიბის რეგიონამდე ჩააღწია... თუმცა, ყურადღების ცენტრში მაინც თურქეთი რჩება: სამხრეთ აზიისა და ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ქვეყანა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ფრინველის გრიპი ადამიანზეც გადავიდა.

გუშინ გაანადგურეს ფრინველი მეფრინველეობის ფერმაში სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთის იმ სოფელში, რომელშიც ფრინველის გრიპმა ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამავე სოფელში კიდევ ერთი ბავშვის გარდაცვალებას რაც შეეხება, ჯერ არ იციან, გამოიწვია თუ არა მისი სიკვდილიც H5 N1 ტიპის ვირუსმა. დანამდვილებით, როგორც ჩანს ის არის ცნობილი, რომ ინფიცირება სამივე შემთხვევაში იყო ფრინველთან უშუალო კონტაქტის შედეგი (როგორც სამხრეთ აზიაში) - ანუ, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გავრცელებულა.

მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთში ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების შემთხვევები მატულობს და, ექსპერტების განმარტებით, რაც უფრო მეტია მსგავსი შემთხვევა, მატულობს ვირუსის მუტაციისა და შემდეგ -ეპიდემიის საფრთხე. თურქეთში ადამიანები არ მალავენ, რომ ეშინიათ... [ჰაკან ზერანის ხმა] “თურქეთში ფრინველის გრიპის ვირუსი ვრცელდება. გვეშინია, რომ, შესაძლოა, ჩვენი ახლობლებიც დაავადნენ. არ ვიცი, რა კონკრეტულ ზომებს მიმართავს ხელისუფლება, მაგრამ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ჩვენც, სტამბულელებიც, ძალიან შეშფოთებულები ვართ”, - უთხრა სტამბოლელმა ჰაკან ზერანმა ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჟურნალისტს.

ინფიცირების ახალ-ახალ შემთხვევებზე არა მარტო თურქეთიდან იუწყებიან: იაპონიაში, ოფიციალური ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ 77 ადამიანია ინფიცირებული ფრინველის გრიპის მსუბუქი ფორმით. ლაპარაკია, უმეტესწილად, მეფრინველეობის ფერმაში დასაქმებულებზე. ჩინეთში გუშინ გაკეთდა განცხადება, მერვე პაციენტის აღრიცხვაზე. თუმცა, არ იციან, 6 წლის ბიჭუნა H5 N1 ტიპის ვირუსით არის თუ არა ინფიცირებული. როგორც უნდა იყოს, შეშფოთების საფუძველი არსებობს: აქამდე აზიაში ფრინველის გრიპმა 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეშფოთების საფუძველი აქვთ უკვე კარიბის რეგიონშიც კი! ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკაში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაწყდა 2 000-მდე შინაური ფრინველი. ეს გახლავთ ოფიციალური უწყების ინფორმაცია.

მაგრამ ისევ საქართველოს მეზობლად დავბრუნდეთ - ოღონდ ჩრდილოეთში მდებარე მეზობელ ქვეყანაში. რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში დაიწყეს მეფრინველეობის ყველა ფერმის შემოწმება, რადგან იქ მალე გადამრფენ ფრინველებს და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამწვავებას მოელიან.
XS
SM
MD
LG