Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წელს პირველი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში განახორციელა


2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ხორციელდება. მიხეილ სააკაშვილი, თანმხლები დელეგაციით, ყაზახეთის დედაქალაქ

ასტანაში 10 იანვარს გაემგზავრა, ყაზახეთის მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტთან, ნურსულთან ნაზარბაევთან. მისი პირისპირ შეხვედრა 10 იანვარსვე დაიგეგმა. 11 იანვარს კი მიხეილ სააკაშვილი, ყაზახეთის სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნაზარბაევის ინაუგურაციის ცერემონიალში. ასტანის სტუმრებს შორის არიან რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებიც. ასტანაში პირისპირ შეხვედრაზე ისინი ჯერ კიდევ 7 იანვარს, სატელეფონო საუბრისას, შეთანხმდნენ. უკრაინაში იუშჩენკოს ყაზახეთში ვიზიტი ყველაზე მეტად სწორედ ამ შეხვედრის გამო უნდა აინტერესებდეთ. მე კი მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რას ელიან საქართველოში პრეზიდენტის წლის ამ პირველი ოფიციალური ვიზიტისგან.

მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრის, აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაურისა და სხვა ოფიციალური პირების თანხლებით გაემგზავრა. 10-11 იანვარს ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყაზახეთში რიგით მეორე ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს. მართალია, ვიზიტის მოტივი ნურსულთან ნაზარბაევის საინაუგურაციო ცერემონიალზე დასწრებაა, ის სამუშაო ხასიათსაც ატარებს. საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ვიზიტის პირველ დღეს, 10 იანვარს, დაიგეგმა. ამას გარდა, გეგმაში იყო მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კომპანია ”ყაზმუნაიგაზის” პრეზიდენტთან, უზაკბაი კარაბალისთან. შეგახსენებთ, სწორედ ეს კომპანიაა დაინტერესებული ამჟამად გაკოტრების პროცესში მყოფი ”თბილგაზის” აქციების ყიდვით. ასტანაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ბანკ ”ტურენ ალემის” ხელმძღვანელობასაც. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ”ტურენ ალემი” საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, - მათ შორის, სასტუმრო “ივერიის” და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციას, - შემოსულია საქართველოს საბანკო სივრცეში და საქართველოში ახდენს ინვესტირებას ტურიზმის სფეროში. აჭარაში ყაზახებს 100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება აქვთ დაგეგმილი.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება და ყაზახი ინვესტორების ახალი პროექტებით დაინტერესება - ასეთი მიზანი დაუკავშირდა საქართველოს დელეგაციის მორიგ სტუმრობას ყაზახეთის დედაქალაქში. ასტანაში სააკაშვილის წინა ვიზიტს კი უფრო გრანდიოზული გეგმა ახლდა. რუსეთის მიერ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდის მოლოდინში, საქართველოს ხელისუფლება ალტერანტივას ეძებდა. მარტში, სააკაშვილის და ნაზარბაევის შეხვედრის შემდეგ, ითქვა კიდეც, რომ ალტერნატივა ყაზახური ბუნებრივი აირის სახით გამოიკვეთა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საქართველოს გაზის მომწოდებელი ვერ ჩანაცვლდებოდა - ყაზახები საქართველოს გამო ვერ წავიდოდნენ რუსეთსა და ”გაზპრომთან” დაპირისპირებაზე , რომ აღარაფრი ვთქვათ იმაზე, რომ თავად ”გაზპრომია” დამფუძნებელი იმ ყაზახური კომპანიისა, რომელსაც ყაზახეთიდან საქართველოსთვის გაზი უნდა მოეყიდა. ყაზახურ ბუნებრივ აირზე იმედების დამყარება უსაფუძვლო გამოდგა, თუმცა ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, რადგან გაზის ომში რუსეთმა ევროპას უჩვენა, თუ რამდენად არასანდო პარტნიორია, ხოლო უკრაინასთან მოლაპარაკებებში გამოკვეთა საკუთარი პოზიციის სუსტი მხარეები, სიტუაცია, უნებურად, საქართველოს სასარგებლოდ იცვლება:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”დღეს უკვე გვაქვს საშუალება რაღაც ტიპის კონსულტაციები დავიწყოთ, მაგრამ არა ხმამაღლა, რადგან ეს უკავშირდება დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებს და ჩვენ აქ არ ვართ პირველი რიგის მოთამაშეები. კონსულტაციებში უნდა ჩაერთოს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ შეიძლება გავხდეთ მოწმენი ახალი პროექტების ინიცირების, პროექტებისა, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით იქნება განხორციელებული და, ბუნებრივია, საქართველოს აქვს ამ პროექტებში მონაწილეობის შანსი. ”(სტილი დაცულია)

გია ხუხაშვილის მიერ ნახსენებ კონსულტაციებში ყახაზეთთან კონსულტაციებიც იგულისხმება. საქართველოს პრეზიდენტი 11 იანვარს ამ ქვყენის პრეზიდენტის რიგით მესამე საინაუგურაციო ცერემონიალს დაესწრება.
XS
SM
MD
LG