Accessibility links

logo-print

როგორ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას ფრინველის გრიპი


საქართველოს ხელისუფლება, ფრინველის გრიპის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებს: აკრძალულია ფრინველის ხორცისა და კვერცხის

შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე კი სპეციალური სადეზინფექციო ბარიერებია მოწყობილი. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო, თურქეთის სხვა მეზობლებთან ერთად, მაინც მოხვდა ევროკავშირის მიერ შედგენილ არაკეთილსაიმედო ქვეყანათა ჩამონათვალში. რამდენად აზარელებს საქართველოს ეკონომიკას ფრინველის გრიპის გავრცელების საფრთხე?


ფრინველის გრიპი ნელ-ნელა ევროპასაც უახლოვდება. თურქეთში h5n1 ვირუსით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ევროკავშირი, როგორც ევროკომისიის ოფიცალური წარმომადგენელი მაიკლ მანი ამბობს, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებულ ზომებს იღებს:


[მაიკლ მანის ხმა] „საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს. ქათმის ხორცის იმპორტი უნდა აიკრძალოს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან, ირანიდან და ერაყიდან. ყველა ეს სახელმწიფო თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც გრიპის საშიში ეპიდემიაა.“


ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორცისა და კვერცხის გარდა, ასევე იკრძალება საქართველოდან ფრინველის ბუმბულის გატანა, თუმცა, როგორც მუხრანში მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელი ელგუჯა ნოზაძე ამბობს, ქართველი მეწარმეები ამგვარი სახის საქმიანობით არც არასოდეს ყოფილან დაკავებული:


[ელგუჯა ნოზაძის ხმა] „ჩვენ ექსპორტზე არ გვიმუშავია არასოდეს. ვმუშაობთ შიდა ბაზარზე. პირიქით, ჩვენ იმპორტი გვეხება, განსაკუთრებით საინკუბაციო კვერცხის, რომელიც საქართველოში არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არ არის. ჩვენთან ბუმბული, როგორც წესი, ნაწლავებთან ერთად იმარხება, რადგანაც არ გვაქვს გადასამუშავებელი აპარატურა. სველი ბუმბული კი არავის სჭირდება. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოში ბუმბულს არც ერთი მეწარმე არ ამუშავებს, ყველა, უკლებლივ, მარხავს.“


ელგუჯა ნოზაძე მეფრინველეობას გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ემსახურება. მისი ფაბრიკა, რომელიც ამჟამად 30 ათასამდე ხორცის მწარმოებელ ქათამს ითვლის, 1988 წელსაა დაარსებული. ფრინველის გრიპით გამოწვეულმა პანიკამ, როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, დარგი ღრმა კრიზისში ჩააგდო:


[ელგუჯა ნოზაძის ხმა] „პრაქტიკულად ქათმის ხორცის რეალიზაცია გაუტოლდა ნულს, ხოლო კვერცხისა შემცირდა ორი მესამედით.“


ერთი სიტყვით, გრიპის ვირუსის გავრცელებით შეშინებულმა მომხმარებელმა რაციონიდან თითქმის სრულად ამოიღო ქათმის ნაწარმი. კვერცხს, ქათამსა და ბარკლებს ქართველი დიასახლისები სულ უფრო იშვიათად ეტანებიან:


[ქალბატონის ხმა] „რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მას მერე აღარ გვიყიდია არც ქათამი და არც კვერცხი.“


[ქალბატონის ხმა] „ყოველთვის მაშინებდა საზღვარგარეთიდან შემოტანილი კვერცხის ხარისხი. სულ ვფიქრობდი, იყო თუ არა შემოწმებული. ახლა მით უმეტს მეშინია და არ ვყიდულობ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქათმის ნაწარმი ვიყიდო და შევიტანო სახლში.“


არადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატია იმნაძე ამბობს, რომ კერძად მომზადებული - ანუ თერმულად დამუშავებული - პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა:


[პაატა იმნაძის ხმა] „გაცხელებით, 70 გრადუსზე გაცხელებით, ვირუსი იღუპება. ასე რომ, შემწვარი ქათამიც კი საშიში აღარ არის.“


თუმცა შეშინებული მომხმარებლის დასარწმუნებლად ეს არგუმენტები არ კმარა. ელგუჯა ნოზაძის თქმით, თურქეთში გრიპის ვირუსის გავრცელების შემდეგ, მისი საწარმო კვირაში საშუალოდ 10 ათას ამერიკულ დოლარს ზარალობს. შესაბამისად იკლო ბიუჯეტში შეტანილი თანხის ოდენობამაც. ასე რომ, გრიპის ვირუსი, ფრინველისა და ადამიანის გარდა, ქვეყნის ეკონომიკასაც უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG