Accessibility links

უნივერსიტეტი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება


სავარაუდოდ, გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. რეფორმის თანახმად, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მართვაში

როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური თვალსაზრისით, რისთვისაც უნივერსიტეტის მმართველი ორგანო - წარმომადგენლობითი საბჭო - ერთი მესამედით სწორედ რომ არჩევნებში გამარჯვებული სტუდენტებით დაკომპლექტდება. თუმცა არჩევნებამდე სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საარჩევნო დებულება უნდა შეიმუშაონ. როგორ ემზადებიან უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციები არჩევნებისათვის და რა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს?

ცხადია, არჩევნები საარჩევნო დებულების გარეშე ვერ გაიმართება. სტუდენტური ორგანიზაციები კი რატომღაც არ ჩქარობენ. ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების ოფისში დებულების საკუთარი პროექტი სტუდენტური ორგანიზაციების მხოლოდ ერთმა ნაწილმა შეიტანა.

[ქალბატონის ხმა] „სადღაც 5-6 ორგანიზაციამ უკვე მოიტანა და ველოდებით, კიდევ როდის შემოიტანენ. ვადები ზუსტად განსაზღვრული არ არის.“(სტილი დაცულია)

სტუდენტური ორგანიზაციების კიდევ ერთი ნაწილი მოახლოებულ არჩევნებს ეჭვით უყურებს. მაგალითად, „ახალი სტუდენტური ალტერნატივის“ წარმომადგენელი ლაშა ბლიაძე ამბობს, რომ არჩევნების დებულებაზე, სტუდენტების ნაცვლად, რექტორის დავალებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით აფრასიძე მუშაობს. ლაშა ბლიაძე ეჭვობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებს, რათა მოახლოებულ არჩევნებში მხარდამჭერ სტუდენტურ ორგანიზაციებს გაამარჯვებინოს:

[ლაშა ბლიაძის ხმა] „რექტორატი დაინტერესებულია უნივერსიტეტის სენატში შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერში მხარს დაუჭერენ. ეს იქნება ისევ და ისევ კომკავშირის აღდგენის კიდევ ერთი გზა და რასაც ჩვენ ვებრძოდით როინ მეტრეველის დროს, იგივე განმეორდება ახლაც.“(სტილი დაცულია)

უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სტუდენტური ალტერნატივის ბრალდებას უარყოფს. დავით აფრასიძის თქმით, მან მხოლოდ მოუწოდა სტუდენტურ ორგანიზაციებს, დაეჩქარებინათ საარჩევნო დებულებაზე მუშაობა.

[დავით აფრასიძის ხმა] „სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბების გარეშე, ფაკულტეტებზე, კანონის მიხედვით, გართულებულია ნორმალური სამუშაო პროცესის აწყობა, იმიტომ რომ ითვალისწინებს ფაკულტეტების საბჭოებში სტუდენტების მონაწილეობას და, ზოგადად, სტუდენტებისთვისაა უნივერსიტეტი. ერთადერთი, რაც სინამდვილეში იყო, მოვუწოდე სტუდენტურ ორგანიზაციებს, რომ მათ იმუშაონ. ჩვენ მათ საქმეში არ ვერევით, არც ხელს ვუშლით და არც ხელს ვუწყობთ.“(სტილი დაცულია)

„ახალი სტუდენტური ალტერნატივის“ გარდა, უნივერსიტეტში ათამდე სხვა სტუდენტური ორგანიზაცია მოქმედებს. „სტუდენტური კლუბის“ თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი დარწმუნებულია, რომ, არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სტუდენტები რეალურად მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში, გამარჯვებით კი ისინი გაიმარჯვებენ, ვისაც სტუდენტობა დაუჭერს მხარს:

[ირაკლი მეგრელიშვილის ხმა] „როდესაც არჩევნები ჩატარდება, გამოვლინდება ის, თუ ვის უჭერს სტუდენტობა მხარს და ვინ უნდა იყოს ლეგიტიმური ძალაუფლებით აღჭურვილი უნივერსიტეტში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არჩევნები დატოვებს მხოლოდ 2-3 ორგანიზაციას თვითმმართველობაში, ანუ საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ 2-3 ორგანიზაცია შეძლებს.“

სტუდენტური ორგანიზაციების წევრებისაგან განსხვავებით, თავად სტუდენტები არჩევნებისაგან ბევრს არაფერს ელიან. ჩემ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

[სტუდენტის ხმა] „ალბათ, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. არ მგონია, რომ ჩვენზეა დამოკიდებული არჩევნების ჩატარება.“

[სტუდენტის ხმა] „არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ვის დავუჭერ მხარს, ჯერ არ ვიცი.“

[სტუდენტის ხმა] „არა! იმიტომ რომ სტუდენტური თვითმმართველობა არაფერს აკეთებს.“

თუმცა გაზაფხულამდე, ანუ არჩევნებამდე, შესაძლოა, აზრი ამ სტუდენტებმაც შეიცვალონ. ასეთ შემთხვევაში ისინი, ფაკულტეტების მიხედვით, 40-50 სტუდენტისგან შემდგარ თვითმმართველობას აირჩევენ. უნივერსიტეტის უმაღლეს მმართველ ორგანოში - წარმომადგენლობით საბჭოში - ხმათა მესამედი სწორედ რომ არჩეულ სტუდენტებს ექნებათ.
XS
SM
MD
LG