Accessibility links

მედია-მეჯლისი ”ჟურნალისტები სექსიზმის წინააღმდეგ პოპ-კულტურაში”


დღეს სამეფო უბნის თეატრში ჟურნალისტთა ასოციაციის ”გენდერ მედია კავკასიის” მიერ ორგანიზებული მედია-მეჯლისი გაიმართება. თეატრალიზებული

მეჯლისით “გენდერ მედია კავკასია” ქართულ პოპ-კულტურაში ”სექსიზმის” წინააღმდეგ გალაშქრებას ცდილობს. უფრო კონკრეტულად კი, მეჯლისზე წარმოდგენილი იქნება ასოციაციის მიერ ჩატარებული 5 ქართული ტელეარხისა და 4 პოპულარული ჟურნალის მონიტორინგის შედეგები. მოეწყობა სტატიების კრებულის პრეზენტაცია და და დაჯილდოების ცერემონიალი.

მედია-მეჯლისი ”ჟურნალისტები სექსიზმის წინააღმდეგ პოპ-კულტურაში” სამეფო უბნის თეატრში 3 საათზე გაიმართება. მე ამ აქციის მიზნების გასაცნობად მის ორგანიზატორებს რეპეტიციის დროს ვესტუმრე სამეფო უბნის თეატრში.

[ისმის რეპეტიციის ხმა]

[როზა კუხალაშვილის ხმა] ”... ყველაფრის რეკლამა ხდება ქალის სხეულის გამოყენებით, ეს დანა იქნება, მობილური, ავტომობილი, სარეცხი საშუალება, ქვაბები იქნება თუ სხვადასხვა. ამით ხდება ქალის დისკრიმინაცია. ქალი გამოყვანილია როგორც ეროტიკისა და მეძავის პროტოტიპად.”(სტილი დაცულია)

ეს არის როზა კუხალაშვილი, ”გენდერ მედია კავკასიის” ერთ-ერთი ლიდერი. მისი აზრით, მედია საშუალებებში ქალის სახის ამგვარი წარმოჩენა არის ”სექსიზმი” - სქესის მიხედვით დისკრიმინაცია. სწორედ ამ თვალსაზრისით ყველაზე გამოჩენილი მედია საშუალებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ”გენდერ მედია კავკასიის” მიერ ორგანიზებულ მედია- მეჯლისზე. მე ამ თეატრალიზებული აქციის რეჟისორს გიგა ქურციკიძესაც გავესაუბრე.

[გიგა ქურციკიძის ხმა] ”სიმართლე გითხრათ, ამ საკითხისადმი ყურადღება არ მქონდა მიქცეული. იმის შემდეგ, რაც დამიკავშირდნენ და ერთობლივად ვაკეთებთ ამ პრეზენტაციას, ცოტა უფრო მეტად დავუფიქრდი ამ პრობლემას. და, გარკვეულწილად, მართლაც დგას ეს პრობლემა ჩვენს ტელევიზიაში, რადიოში, ჟურნალ-გაზეთებში, გინდაც სარეკლამო აბრებზე და ფირნიშებზე.”

გიგა ქურციკიძის მსგავსად რომ გააცნობიერონ საზოგადოების სხვა წევრებმაც ქართულ მასობრივ კულტურაში მომძლავრებული ”სექსიზმი”, სწორედ ესაა მედია-მეჯლისის მთავარი მიზანიც.

”გენდერ მედია კავკასიის” პრეზიდენტის გალინა პეტრიაშვილის კომენტარი:

[გალინა პეტრიაშვილის ხმა] ”მასობრივი კულტურა აყალიბებს მასობრივ ცნობიერებას, მე ვიტყოდი, ამახინჯებს მას და ამ ცნობიერებას ტკივილს აყენებს. როდესაც ჩვენ ნიმუშად გვაჩვენებენ რაღაც იდეალებს, რომელსაც თავად მასობრივი კულტურა ქმნის, რათა პოპულარული გახადოს რაღაც პროდუქცია, მოახდინონ თავიანთი ფინანსური ინტერესების რეალიზება. ხოლო უბრალო ობივატელი უყურებს ტელევიზორის ეკრანს და ფიქრობს, რომ ეს არის იდეალი, ეს მიუღწეველია. სინამდვილეში ეს ისეთი უწყინარი არ არის.”(სტილი დაცულია)

ამ ტენდენციასთან ბრძოლის მექანიზმი ჯერჯერობით მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებაა. ასოციაცია ”გენდერ მედია კავკასიის” წევრებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი სპეციალურ კონვენციას გამოსცემს, რომელიც მედიაში სექსუალურ დისკრიმინაციას დაარეგულირებს და ეს ქართულ პოპ-კულტურაზეც მოახდენს სათანადო გავლენას.
XS
SM
MD
LG