Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებაში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ფიქრობენ


2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთი დეპუტატი, შესაძლოა, იმავდროულად საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გახდეს.

შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების იდეას, მისი ავტორი ხელისუფლების ორი შტოს ერთიანობის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების სურვილით ხსნის.

საპარლამენტო უმრავლესობაში წარმოქმნილ ინიციატივას კონკრეტული კანონპროექტის სახე ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლას არცთუ ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს.

მინდა საქართველოს კანონმდებლობაში მოსალოდნელ კორექტივებზე მოგითხროთ.

საქართველოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტთან კავშირის ახალი ფორმა სჭირდება, კონკრეტულმა მეკავშირემ კი ერთდროულად ორი - დეპუტატისა და პრემიერ-მინისტრის - პოსტი უნდა შეითავსოს. ამ დასკვნამდე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, როგორც თავად ამბობს, შარშანდელი მოვლენების გათვალისწინებით მივიდა:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] ,,იგივე ბიუჯეტის განხილვა, როდესაც, ვთქვათ, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები სულ სხვადასხვანაირად აღიქვამდნენ ამ ბიუჯეტის პროცესს. პლუს კიდევ, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მინისტრი ერთს იძახდა, ეკონომიკის მინისტრი - მეორეს, ფინანსთა მინისტრი - მესამეს და ეს არ იყო შეთანხმებული და ერთი გუნდის გამონათქვამი.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ, მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპისა, მინისტრთა კაბინეტმა ერთ გუნდად ჩამოყალიბება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამასთან, დეპუტატი მთავრობასთან ერთიანობის ხარისხს საპარლამენტო უმრავლესობასაც უწუნებს და სიტუაციის გამოსწორების გზად საკონსტიტუციო ცვლილებას მიიჩნევს:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] ,,თუ პარლამენტის წევრი იქნება პრემიერ-მინისტრი, ის იქნება ჩვენი მომხსენებელი ყველა საკითხებზე, რომელიც მას გამოაქვს, იქნება ეს კანონპროქტი, ბიუჯეტი თუ სხვა რამ, და დაასაბუთებს ის ამის საჭიროებას და გასაგები იქნება უმრავლესობისთვის, თუ რატომ ხდება ეს. თუ ჩვენ ამ მომენტს შემოვიტანთ კონსტიტუციაში, ეს ერთიანობის განცდა უფრო ამაღლდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენ, რომ ნორმალური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ და პარლამენტიც იყოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილების პასუხისმგებელი.” (სტილი დაცულია)

პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერი წევრის გამოძახებისა და მისგან ყველა სახის განმარტების მიღების უფლება ამჟამადაც აქვს, თუმცა ალექსანდრე შალამბერიძე ამ მექანიზმს მთავრობის სრულყოფილი კონტროლისთვის არასაკმარისს უწოდებს:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] ,,უმრავლესობამ უნდა იცოდეს, თუ რას აკეთებს მისი მთავრობა და პასუხისმგებელი უნდა იყოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. ეს მომენტი ვერ შემოდის ბოლომდე, ვინაიდან გამოიძახე და რა?! მოვა, ისაუბრებს და წავა.” (სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო ცვლილების იდეის ავტორს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის მოდელების ცოდნის დონეს უწუნებს ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრი კახა კუკავა. მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრი დეპუტატის პოსტს მხოლოდ საპარლამენტო ქვეყნებში ითავსებს:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩვენთან, სადაც საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტი - სხვათა შორის, პარლამენტის თანხმობის გარეშეც - ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს, თუ მთავრობის ერთი მესამედი არ გამოიცვალა, პრეზიდენტს შეუძლია სხვა კორექტივები შეიტანოს თავისი ნება-სურვილის მიხედვით. ეხლა, ასეთ დროს, მივცეთ ჩვენ უფლება პრემიერ-მინისტრს იყოს პარლამენტის წევრი და ეს თანაც გავასაღოთ, როგორც საპარლამენტო კონტროლი, ეს არალოგიკური და არასერიოზულია.” (სტილი დაცულია)


თავად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი საკმაოდ სერიოზულადაა განწყობილი და, უმრავლესობის სხვა წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, კონკრეტული პროექტის მომზადებას საგაზაფხულო სესიისთვის გეგმავს. მხარდაჭერის შემთხვევაში, ცვლილება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება და ტექნიკურად დაახლოებით ასე განხორციელდება:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] ,,გადაწყდება, უმრავლესობაში ვინ არის ყევლაზე მაგარი, ის იქნება პრემიერ-მინისტრი, დაელაპარაკებიან პრეზიდენტს და, პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტი უკვე წარუდგენს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.” (სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ მთავრობის წევრისა და დეპუტატის პოსტების შეთავსება საქართველოში არცთუ უცხო მოვლენაა. თავის დროზე გარკვეული პერიოდით ერთდროულად პარლამენტის წევრისა და მინისტრის თანამდებობეზე მუშაობდნენ ამჟამინდელი პრეზიდენტი და ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრი. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, კონკრეტულ პიროვნებას 6 თვის განმავლობაში ვერ შეედავები, -თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხის განსახილველად პარლამენტმა სწორედ ეს, არცთუ გასაგები, ვადა დაიწესა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG