Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისი სულ უფრო ღრმავდება


თუ საქართველოს სამხრეთით, თურქეთში, ყურადღების ცენტრში მოექცა ფრინველის გრიპი და მასთან დაკავშირებული საფრთხე, მეზობლად - ირანში სხვა საფრთხის მასშტაბები იზრდება.

საქმე ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას: სამშაბათს ამ ქვეყანაში ისევ გაიხსნა ნატანცის სადგური, რათა განახლდეს ურანის გამდიდრება - ანუ ის, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ეწინააღმდეგება. გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა, რუსეთმა, ისრაელმა ირანის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება და შეშფოთება გამოთქვეს: ისინი შიშობენ, რომ ირანი ურანის გამდიდრების მეშვეობით, ბირთვული იარაღის შექმნას შეძლებს. მაგრამ ირანი ამ შეშფოთებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

რახან დავა ირანში ურანის გამდიდრების გარშემო მიმდინარეობს, მოკლე ინფორმაცია ურანის შესახებ. ურანის არსებობის შესახებ მეცნიერების წრეებში 1789 წლიდან იციან, როცა ეს ქიმიური ელემენტი გერმანელმა ქიმიკოსმა, კლაპროტმა აღმოაჩინა და მას სახელწოდება პლანეტა ურანის პატივსაცემად შეურჩია. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ურანმა რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემდეგ, მე-19 საუკუნის მიწურულს მიიპყრო, 1942 წლის შემდეგ კი - ძირითადი ბირთვული საწვავია.

ე.წ. გამდიდრებული ურანის გამოყენება სხვადასხვა სფეროში არის შესაძლებელი: სამოქალაქო მიზნითაც და ბირთვული ბომბის დასამზადებლადაც. აი, მიზნის გარშემო მიმდინარეობს დავა. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობას ემსახურება. ამ შინაარსის მორიგი განცხადება გუშინ გააკეთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა: [აჰმადინეჟადის ხმა] “იმ სახელმწიფოების საყურადღებოდ, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან, ვაცხადებ, რომ ირანელი ერი და მისი ნებით არჩეული მთავრობა დავადგებით გზას მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის მოსაპოვებლად. ღვთის ნებით, ამ ფრიად სასარგებლო ენერგიას ახლო მომავალში ჩავაყენებთ დიადი ირანელი ერის განვითარების სამსახურში”.

ირანი აცხადებს ასევე, რომ სამშაბათს განახლებული პროგრამა ამ ეტაპზე მარტო სამეცნიერო კვლევას ემსახურება. ამას გარდა, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანს აქვს ბირთვული ენერგიით სარგებლობის კანონიერი უფლება. მაგრამ დასავლეთში ამ შეფასებას არ იზიარებენ: ისინი (გარდა იმისა, რომ არ სჯერათ, რომ ირანი გამდიდრებული ურანის მშვიდობიანი მიზნით გამოყენებას დასჯერდება) აცხადებენ, რომ თეირანმა ბირთვული პროგრამის განახლებით დაარღვია შარშანწინ გაფორმებული ”პარიზის შეთანხმება”. მის მიხედვით, ირანმა ნებაყოფლობით შეწყვიტა ურანის გამდიდრება ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოსთან - ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან - მოლაპარაკების პერიოდში.

დღეს ამ, სამივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ბერლინში შეიკრიბნენ ირანის ბოლო ნაბიჯის საპასუხო ზომაზე მოსალაპარაკებლად. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯეკ სტროუმ დღე ბერლინში გაფრენამდე აღნიშნა, “უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანის საკითხი განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა...”

ამ შესაძლებლობაზე ოთხშაბათს შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმაც მიუთითა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა. [შონ მაკკორმაკის ხმა] ”სავარაუდოდ, ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა განსახილევლად. საერთაშორისო თანამეგობრობას, ვფიქრობ, მალე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს მორიგი დიპლომატიური ნაბიჯი ირანთან მიმართებაში”.

ზემოხსენებული გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, რუსეთი და ჩინეთი, აქამდე არ ემხრობოდნენ უშიშროების საბჭოში ირანის საკითხის განხილვას, მაგრამ ბოლო დღეებში ორივემ გააკრიტიკა ირანის ბირთვული პროგრამის განახლება. რუსეთმა (ის ირანს ეხმარება პირველი ატომური რეაქტორის აგებაში) გაწბილებაც კი გამოთქვა. აქვე უნდა ითქვას, რომ თებერვალში რუსეთი და ირანი გააგრძელებენ მოლაპარაკებას მოსკოვის წინადადებაზე, რომ ირანმა არა ირანშივე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე აწარმოოს ურანის გამდიდრება.

მაგრამ მანამდე სხვა მნიშვნელოვანი განხილვაა მოსალოდნელი - როგორც ჯეკ სტროუმ დღეს, ბერლინში გამგზავრებამდე აღნიშნა, ის და მისი ფრანგი და გერმანელი კოლეგები მოითხოვენ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს საგანგებო სხდომის მოწვევას.
XS
SM
MD
LG