Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრებს შორის მომხდარ განხეთქილებას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ეხმიანებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი

დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა იურისტების დისკრედიტირება ნაწილია ხელისუფლების გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო ერთი კონკრეტული ორგანიზაციის, არამედ მთლიანად დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას. „ხელისუფლება ვერ ეგუება მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას. ხელისუფლებისთვის საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილია მისაღები, რომელიც მხოლოდ „დიად წარმატეტებებზე“ ამახვილებს ყურადღებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამ ათეულამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ ხელს.


ახალგაზრდა იურისტების ერთობას ბზარი ორიოდე დღის წინ, 9 იანვარს, გაუჩნდა, როცა ასოციაციის წევრებმა გია გეწაძემ და ლევან ალაფიშვილმა იურისტთა გაერთიანების თავმჯდომარეს მართვის მეთოდები დაუწუნეს. გეწაძეს და ალაფიშვილს მხარი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სხვა წევრებმაც აუბეს, თუმცა ყველაზე მეტად ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მაღალ თანამდებობებზე დანიშნული იურისტები აქტიურობდნენ. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მესვეურებს პირდაუბანელი ქალებიც კი უწოდა:


[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „პირდაუბანელ დედაკაცებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის მტკივნეული მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ ორგანიზაციის სახეს, რომელიც ბევრი ადამიანის მეცადინეობით შენდებოდა, წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ერთი-ორი წიგნიც კი არ ჰქონდეთ იურისპრუდენციაში წაკითხული.“


ასოციაციის მმართველობით უკმაყოფილო იურისტები ამბობენ, რომ ახალგაზრდა იურისტთა გაერთიანებამ უღალატა პრინციპებს და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დანამატად იქცა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამებით ხელისუფლება ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტირებას ცდილობს. გოგი ხუციშვილი ახალგაზრდა იურისტების, დასჯილი მოსამართლეებისა და სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ერთ ჭრილში განიხილავს:


[გოგი ხუციშვილის ხმა] „შემთხვევითია ეს ყველაფერი? ახლა გადავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ყველაზე წარმატებულზე, რომლის წევრი იყო ბევრი ის, ვინც ახლა იბრძვის ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ. შემთხვევითია? ეს ყველაფერი ხდება ერთი სქემის მიხედვით: ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში მორჩილების სინდრომის დამკვიდრებას, რათა არავინ გამოთქვას დამოუკიდებელი აზრი.“


თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ხელისუფლებასთან ჭიდილში მარტოს არ დატოვებენ. 12 იანვარს სასტუმრო „თორში“ კოლეგების მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.


[მაგდა პოპიაშვილის ხმა] „ჩვენი შეკრების მიზეზი გახლავთ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმართული კამპანია. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც აქ ვდგავართ და კიდევ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ფიზიკურად ვერ მოვიდნენ, გავაკეთეთ განცხადება, რომელიც გვსურს თქვენც გაგაცნოთ..“


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც საზოგადოებას „საქართველოს მედია-კლუბის“ წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა გააცნო, ხელს ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ხელმომწერთა შორისაა „მრავალეროვანი საქართველო“, რომლის წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ფასეულობების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:


[ხათუნა ლაგაზიძის ხმა] „ახალგაზრდა იურისტთა ასოციის” გარშემო მიმდინარე კამპანია, მე ვფიქრობ, შემაშფოთებელია და მოგვიწოდებს ყველას - არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების გადასარჩენად.“


თავად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” კი აცხადებენ, რომ ორგანიზაცია არ აპირებს დაფუძნებისას, ჯერ კიდევ 11 წლის წინ, გაცხადებულ მიზნებზე უარის თქმას. კერძოდ, ასოციაცია კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ისევე როგორც საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლებასა და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG