Accessibility links

ევროპის საბჭოსთვის საქართველო, ზოგადად, კვლავ იმედისმომცემ ქვეყნად რჩება

  • ნინო როდონაია

იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ ორგანიზაციისადმი საქართველოს ვალდებულებათა შესრულების საკითხს განიხილავს და ქვეყნის ხელისუფლებას

წლევანდელ რეკომენდაციებს მისცემს.

ასამბლეისთვის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული მოხსენების სამუშაო ვარიანტის შინაარსი უკვე ცნობილია. მისი ავტორები, რომელთა რეკომენდაციები შარშანდელისგან დიდად არ განსხვავდება, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ,,ზოგადად იმედისმომცემად” აფასებენ.

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში ქვეყნის მიერ შეუსრულებელი რამდენიმე ვალდებულებით გაემგზავრება, ასამბლეის ტრიბუნას კი კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმის მიმართ რუსეთის პოზიციის გასარკვევად გამოიყენებს.

საქართველო ამ ორგანიზაციისადმი არსებული ვალდებულებების შესრულების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა - ზოგადად, ამგვარია მონიტორინგის კომიტეტის მოხსენების დასკვნა, რომელსაც, ვრცელ შინაარსთან ერთად, სტრასბურგში მოისმენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოსტრევოლუციური ეიფორია საქართველოში პრაგმატიზმმა შეცვალა; რეფორმები, ზოგადად, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა, დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების, კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხრივ, ქვეყანას მთავარი გამოწვევები არ დაუძლევია.

წლევანდელ მოთხოვნათა შორის პირველ პუნქტად დასახელებულია ეროვნულ უმცირესობათა ენების ქარტიისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ამჯერად ყოველგვარი შემდგომი შეფერხების გარეშე უნდა განხორციელდეს.

ენების ქარტიის რატიფიცირება დღემდე სადავო საკითხად რჩება, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ეს და სხვა ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება:

[დავით ბაქრაძის ხმა] ,,არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ ზოგადად იმის გამო, რომ ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ ევროპული ტიპის დემოკრატია. ამიტომ ამ საკითხს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - ერთი, ეს არის ვალდებულებები და მეორე - ეს არის ის გზა, რომელსაც მივყავართ მართლა ლიბერალური ღირებულებების დემოკრატიის შექმნამდე.” (სტილი დაცულია)

რამდენიმე ვალდებულების შესრულების ვადა საქართველოს ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე ამოეწურა. საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი ლევან ბერძენიშვილი ევროსაბჭოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად სწორედ პირობების შესრულებას მიიჩნევს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ოთხიდან, რომლისთვისაც დრო გვქონდა 1 სექტემბერი, ორი შევასრულეთ, ისიც ოქტომბერში. მე საერთოდ მესმის ასე, რომ თუ პირველ სექტემბრამდე უნდა შეასრულო, უნდა შეასრულო პირველ სექტემბრამდე. საქართველოსადმი არის დამოკიდებულება, როგორც ქვეყნისადმი, რომელიც არის მონიტორინგის ქვეშ.” (სტილი დაცულია)

ვალდებულებათა გარდა, არსებობს ევროსაბჭოს რეკომენდაციებიც, რომელთაგან რამდენიმეს გათვალისწინებას ეს ორგანიზაცია საქართველოსგან უკვე მეორე წელია ითხოვს. მათ შორისაა თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების რევიზია, რადგან ამ ცვლილებებს ევროპელი ექსპერტები პრეზიდენტისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭებად მიიჩნევენ. საქართველოს მიერ დღემდე გაუთვალისწინებელ რჩევებს შორისაა საარჩევნო ბარიერის ხუთ პროცენტამდე შემცირება და აჭარის ავტონომიური სტატუსის გადახედვა. ამ ბოლო რეკომენდაციის შესრულებას ევროსაბჭო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მომავალი რეინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს.

წლევანდელ მოხსენებაში საუბარია საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პრეზიდენტისეულ ინიციატივასა და ამ პროცესში რეალური პროგრესის არარსებობაზე. ევროპის საბჭო ყველა დაინტერესებულ მხარეს - მათ შორის, რუსეთს - პრაქტიკული მოქმედებისკენ მოუწოდებს. სხვებთან ერთად ევროსაბჭოს მეშვეობითაც რუსეთის დარწმუნებას პოლიტიკურ ამოცანას უწოდებს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,იმედი გვაქვს, ყოველგვარი ზედმეტი ილუზიების გარეშე, რომ ევროპის საბჭო იქნება ერთ-ერთი მათგანი, ვინც გააკეთებს ყველაფერს, რომ გაირკვეს,კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, ძალიან კონკრეტულ იდეებს, აქვს, საერთოდ, შანსი, თუ არა აქვს. და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მოუწიოს ძალიან მკაფიოდ თქმა ევროსაბჭოს ასამბლეის ტრიბუნაზეც და ევროსაბჭოს წინაშეც, რომ ისინი ან არიან მზად მოტრიალდნენ ცივილიზებული, პოლიტიკური დიალოგისკენ, ან აშკარად ხაზს უსვამენ იმას, რომ არიან აგრესორები.” (სტილი დაცულია)

საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას და ახალი რეზოლუციის დამტკიცებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 იანვარს გეგმავს.
XS
SM
MD
LG