Accessibility links

სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე შალვა რამიშვილი კარცერში გადაიყვანეს


13 იანვარს, 13 საათზე, უზენაეს სასამართლოში უნდა გაიმართოს განმწესრიგებელი სხდომა ტელეკომპანია “202”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და

გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის საქმეზე. სხდომაზე დაცვის მხარე ახალ, მათი თქმით, მნიშვნელოვან შუამდგომლობებს დააყენებს. თუმცა თავად შალვა რამიშვილს სასამართლოში ეტაპით კარცერიდან გადაიყვანენ. წინასწარ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს 3 დღიანი კარცერი 11 იანვრის საღამოს მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ საკანში, სადაც შალვა რამიშვილი იმყოფება, ჩხრეკა ჩაატარა.


იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამმართველოს თანაშრომლებმა ნომერ პირველ იზოლატორში ჩხრეკა 11 იანვრის შუადღეზე ჩაატარეს. ღონისძიების შედეგად, რომელსაც სამმართველოს უფროსი გიორგი ონიანი ესწრებოდა, რამდენიმე პატიმარი, შინაგანაწესის დარღვევის ბრალდებით, კარცერში გადაიყვანეს. კარცერში ყოფნა მიესაჯა ტელეკომპანია “202”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, შალვა რამიშვილს. რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში გიორგი ონიანმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან დაწინაურდა, ამის მიზეზად შემდეგი გარემოება დაასახელა:


[გიორგი ონიანის ხმა] “იყო ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს ჰქონდა აკრძალული ნივთი. მან აღიარა, უფრო ზუსტად, აცხადებდა, რომ ორივე მობილური მას ეკუთვნოდა, როცა რეალურად მას მხოლოდ ერთი მობილური ეკუთვნოდა. ეს, შესაბამისად, რეჟიმის დარღვევაა, რასაც მოჰყვა შალვა რამიშვილის სამი დღით გადაყვანა კარცერში.”


შალვა რამიშვილი და “202”-ის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე წინასწარ პატიმრობაში გასული წლის 27 აგვისტოდან იმყოფებიან, დეპუტატ კობა ბექაურისათვის თანხის გამოძალვის ბრალდებით. საპატიმროში ყოფნის განმავლობაში შალვა რამიშვილს არ შეუწყვეტია აქტიური საქმიანობა. სულ რამდენიმე ხნის წინ მან ბიზნესპროექტი შექმნა, რომელიც საპატიმროში მყოფი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. ამ იდეას გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი სატელევიზიო პროექტის “იდეა, ფილი და ერთი შანსის” წამყვანი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი:


[აკაკი გოგიჩაიშვილის ხმა] “იყო საუბარი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა პატიმრები დასაქმდნენ. და ამით, ვთქვათ, იმათაც ისარგებლონ და კომერციული მოგებაც იყოს.”


ტელეკომპანია “202”-ის დროებითი ხელმძღვანელი გოგა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ შალვა რამიშვილის კარცერში ჩასმა კიდევ ერთი გაფრთხილებაა ხელისუფლების მხრიდან:


[გოგა კოხრეიძის ხმა] “მე ვფიქრობ, გაფრთხილებაა იმისა, რომ ცოტა ჭკუით იყოს და ნაკლები ილაპარაკოს. სხვანაირად ლოგიკაში ეს არ ჯდება.”


შალვა რამიშვილის კარცერში ყოფნის სამდღიანი ვადა 13 იანვარს იწურება. იმავე დღეს უნდა გაიმართოს სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, რომელზეც ჟურნალისტების დაცვის მხარე ახალ შუამდგომლობებს დააყენებს. ადვოკატ გოჩა სვანიძის თქმით, შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების მოპოვებას ეხება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის წინასწარი გამოძიების მასალებს:


[გოჩა სვანიძის ხმა] “მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარი ვერ უნდა თქვან და ეს მტკიცებულებები არის უმნიშვნელოვანესი. თუ რა სახის მტკიცებულებებია, ამას საბოლოოდ სასამართლოზე ვიტყვი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რას ეხება - საბოლოო ჯამში, ეხება ბექაურის ჩვენების სიზუსტის დადგენას.”(სტილი დაცულია)


შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე წინასწარ პატიმრობაში უკვე მეექვსე თვეა იმყოფებიან. ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, წინასწარი პატიმრობის ფორმა შეიცვალოს გაუსვლელობის ხელწერილით. ადვოკატებმა რამიშვილისა და კოხრეიძის საქმეზე საჩივარი ევროპის სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნეს.
XS
SM
MD
LG