Accessibility links

logo-print

რატომ უნდა გადაიხადოს 190 ათასი აშშ დოლარი საქართველომ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ უახლოეს დღეებში 190 ათასი აშშ დოლარი უნდა გადარიცხოს პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ

საარბიტრაჟო სასამართლოში. ამის მიზეზი თავად პარიზიდან გამოგზავნილი მოთხოვნა გახდა, რადგან იქ საარბიტრაჟო სასამართლოში თურქული კომპანია ”თუსთაშისა” და საქართველოს მთავრობის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. თურქული კომპანია ქართულ მხარეს 27 მილიონ აშშ დოლარს ედავება. რატომ?

გასული წლის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევის გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რამდენიმე პროცესი წააგო. ბიზნესმენებისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია ქართველ გადასახადის გადამხდელებს ათობით მილიონობით ლარი დაუჯდებათ. მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტს დამატებით კიდევ 27 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაც შეიძლება დასჭირდეს. სწორედ ამდენს ედავება თურქეთის კომპანია ”თუსთაში” საქართველოს მთავრობას. მან პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

”თუსთაში” საქართველოში - უფრო კონკრეტულად კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 1997 წელს შემოვიდა, ავტონომიის მაშინდელი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ინიციატივით. სწორედ მის ხელისუფლებასა და ”თუსთაშს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თურქეთის კომპანიას ქათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი და ჩაქვი-მახინჯაურის 700 მეტრიანი გვირაბი უნდა აეშენებინა. თუმცა ”თუსთაში” მალევე, მშენებლობის ვადების დარღვევის გამო, ასლან აბაშიძისავე გადაწყვეტილებით, გააძევეს. და ახლა საქმე პარიზის არბიტრაჟშია.

მე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო ენუქიძეს ვკითხე, თუ რატომ მოითხოვს თურქული კომპანია 27 მილიონ აშშ დოლარს.

[ნინო ენუქიძის ხმა] ”ის იძახის, რომ მისი ტექნიკა არის უკანონოდ გაჩერებული...”

ქართული მხარის მტკიცებით, აღნიშნული საამშენებლო ტექნიკა თანდათანობით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ის ”თუსთაშის” კონტრაქტორ კომპანიებს გაჰყავთ. თუმცა ”თუსთაში” ამტკიცებს, რომ კონტრაქტორი კომპანიები მას თურქეთის სასამართლოებში უჩივიან და ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ. საერთო ჯამში კი, ეს თანხა 27 მილიონ დოლარს უტოლდებაო.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის განცხადებით, ”თუსთაშმა” აღნიშნული ტექნიკა ყველა წესის დარღვევით შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და საამშენებლო სამუშაოებსაც წესების დაღვევით აწარმოებდა. "ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთო", დასძინა ჩოგოვაძემ.

მიუხედავად ამისა, უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს მაინც მოუწევს 190 ათასი აშშ დოლარის გადახდა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში. რატომ? - ამ შეკითხვით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარ იურისტს ნინო ენუქიძეს მივმართე.

[ნინო ენუქიძის ხმა] ” ეს ბაჟი უნდა გადახდილიყო 2005 წელს….”

საქართველოს მთავრობამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოსაგებად სულ 230 ათასი აშშ დოლარი გამოყო და საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული კომპანიაც დაიქირავა.
XS
SM
MD
LG