Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” დაკავშირებული ამბები და ფრინველის გრიპი იმდენად ხშირი თემა იყო გასული კვირის ქართული გაზეთების ფურცლებზე,

რომ პრესის მიმოხილვაში, მათ ნაცვლად, რამდენიმე ჩრდილში მოქცეულ საკითხს შევეხებით. მაგალითად, შესაძლო ცვლილებას საქართველოს აფხაზურ პოლიტიკაში. ”თბილისი იზოლაციონიზმის სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობს. აფხაზეთს ბლოკადას ვუხსნით?!” კითხულობდა გაზეთი ”რეზონანსი” 12 იანვარს. მივხვდით, რომ იზოლაციონიზმის პოლიტიკას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. რაც მეტად ვახდენდით აფხაზური საზოგადოების იზოლირებას, მით მეტად მიებნენ ისინი რუსეთს” - ეს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას, სიტყვებია. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა პასუხად ამბობს, რომ თბილისის პოლიტიკის რეალურად შეცვლამ - ერთბაშად არა, მაგრამ თანდათან - საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეიძლება ნდობა გააჩინოს. ოღონდ იქვე დასძენს, რომ ყველაფერი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ომისთვის მზადების დემონსტრირებაა”...

გაზეთი ”24 საათი” კი უბრუნდება საკითხს, რომელსაც არა და არ აკლდება აქტუალობა: წერილში, სათაურით ”აშშ საქართველოს გაზსადენის გაყიდვას არ ურჩევს”, ვკითხულობთ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მეთიუ ბრაიზას სიტყვებს, რომ მთავარია, საქართველომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გააძლიეროს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ამოქმედებას, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთს მიაწვდის. ბრაიზას აზრით, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაცია და რუსეთისათვის მიყიდვა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება და მეტად გაზრდის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე”...

პრესის მიმოხილვაში, როგორც წესი, არ ვაქცევთ სპორტულ თემატიკას, მაგრამ ამჯერად გამონაკლისს დავუშვებთ. კლაუს ტოპმიოლერის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო, აი, რას წერდა გაზეთი ”ხვალინდელი დღე”: ”ტოპმიოლერი საკლუბო სამუშაოდან სანაკრებოზე უნდა გადაერთოს. ეს არც ისე ადვილია, როცა კლუბში მომუშავე მწვრთნელი უცებ ინიშნება ეროვნულ ნაკრებში. თუ მას კლუბში ყოველდღიური შეხება ჰქონდა ფეხბურთელებთან, ახლა იგი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდება მათ, ისიც 12-14 დღის განმავლობაში. სასურველია, ტოპმიოლერმა ერთგვარი კონსულტაციაც გაიაროს ისეთ მწვრთნელებთან და პიროვნებებთან, რომლებიც საქართველოს ნაკრებში უკვე მუშაობდნენ,” - წერდა ”ხვალინდელი დღე”.

ჩვენს ხელთაა შაბათის, 14 იანვრის, პრესაც. როგორც ჩანს, გაზეთები ცდილობენ, თანდათან ადეკვატურად მოეკიდონ ფრინველის გრიპის სწრაფად გავრცელების ალბათობას საქართველოში და არბილებენ იმ მძაფრ რეაქციას, რაც საფრთხეს გახმაურებისთანავე მოჰყვა. ამაზე საგაზეთო სტატიების სათაურებიც მეტყველებს. მაგალითად, ”ახალი თაობის” მეორე გვერდზე დაგხვდებათ ინფორმაცია, სათაურით ”ოზურგეთში მკვდარი ბატი და ყვავი იპოვეს”, ხოლო მეოთხე გვერდზე, უკვე გაცილებით ვრცელ წერილში, ვკითხულობთ, რომ ”არ შეიძლება ყველა ბატი და ყვავი გამოვიგლოვოთ”.

გაზეთი ”ალია” წერს, რომ პარლამენტის წევრი ბესო ჯუღელი ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ძალით პარლამენტის წევრს უნდა მიეცეს უფლება, აწარმოოს კერძო ბიზნესი. ფრაგმენტი დეპუტატის კომენტარიდან: ”1995 წელს, როცა შევედი პარლამენტში, ბიზნესი გადავუფორმე ჩემს ბიჭს. მე საერთოდ არ ვიხედები მის საქმეში, მაგრამ არასწორია ეს. მეც სიამოვნებით გავუძღვებოდი ჩემს ბიზნესს.”

დეპუტატის ნათესავის ბიზნესზე წერს შაბათის ”რეზონანსიც”. გაზეთის ცნობით, პარლამენტის წევრ მარიკა ვერულაშვილის ძმას ბესარიონ ვერულაშვილს საწვავი კონტრაბანდული გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, შემოჰქონდა საქართველოში. ვერულაშვილს საწავავი ჩამოართვეს და დააყადაღეს, ოღონდ დაყადაღებულ და შემოტანილზე 1717 ლიტრით ნაკლები საწვავი. დანარჩენი, ირწმუნება ლაგოდეხის ფინანსური პოლიცია, პოლიციის ეზოში დაღვრილა ავზის გაუმართაობის გამო. ბესარიონ ვერულაშვილს ლაგოდეხის სასამართლო ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდას აკისრებს.

დაბოლოს, ”24 საათი” ბეჭდავს იმ ენერგეტიკული ობიექტების ნუსხას, რომლებიც წელს ხელისუფლებას გასაყიდად გამოაქვს და მსჯელობს, რა ფორმით გაიყიდება ისინი. კონკურსის წესით გაყიდვა საქართველოს მთავრობას ხშირად პრობლემებს უქმნის, ამიტომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ პირდაპირი მიყიდვის გზა არჩიოს და, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, საწარმო მყიდველს ექსკლუზიური უფლებით გადაეცეს. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში გაცილებით ნაკლები თანხა აღმოჩნდება, რადგან რაც უფრო ნაკლებია მყიდველი, ფასიც მით უფრო დაბალია.
XS
SM
MD
LG