Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განახლებას უცხოეთში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად ფართო იყო პრესის გამოხმაურებაც. ჩვენ იტალიის გაზეთ “მესაჯეროს” კომენტარი შევარჩიეთ,

ვინაიდან ის, გარკვეულწილ, აჯამებს უცხოეთის რეაქციას.

“საერთაშორისო ზეწოლის გამო ირანი დიდად შეშფოთებული არ ჩანს. ის კი არა, ირანს არც ბირთვული კრიზისის - გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვის პერსპექტივა აშინებს. მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, ის ისლამური რესპუბლიკის მოქმედების დაგმობის თვალსაზრისით, უჩვეულო ერთსულოვნებას ავლენს. სახელმწიფოები, უწინ, სხვა საერთაშორისო კრიზისების დროს, სხვადასხვა შეფასებებს რომ გამოთქვამდნენ, ამ შემთხვევაში თითქოს ერთი ხმით ლაპარაკობენო, რაც ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონდოლიზა რაისმაც აღნიშნა”.

ახლა კი ვარშავაში გამომავალ გაზეთ “ჟეჩპოსპოლიტას” კომენტარი მოვლენაზე, რომელმაც პოლონეთში გამორჩეული ინტერესი გამოიწვია. საქმე ეხება თურქი მოქალაქის, ალი აგჯას ციხიდან გამოსვლას. მისდამი პოლონეთში განსაკუთრებულ ინტერესს კი ის იწვევს, რომ აგჯამ 1981 წელს იოანე პავლე მეორის - როგორც ცნობილია, პოლონელი პაპის - მოკვლა სცადა. “ჟეჩპოსპოლიტაში” ვკითხულობთ:

“13 მაისს 25 წელი გავა მას შემდეგ, რაც აგჯამ წმინდა პეტრეს მოედანზე პაპს, იოანე პავლე მეორეს ესროლა. პაპი რამდენიმე თვეა, ცოცხალი აღარ არის, აგჯამ კი მეოთხედი საუკუნე დაჰყო ციხეში და კვლავინდებურად უცნობი რჩება, ვინ მართავდა პაპზე თავდასხმას. შევიტყობთ ოდესმე სიმართლეს? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხდარს თვით აგჯა მოჰფენს ნათელს, ან კიდევ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების უშიშროების სამსახურთა არქივებში მიაკვლევენ ახალ დოკუმენტებს. აგჯას რაც შეეხება - საეჭვოა, მისგან შევიტყოთ სიმართლე: დათივალეს, რომ მას 120-ზე მეტი სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული. უფრო მეტის მიგნება შეიძლება დოკუმენტებში, ე.წ. ბულგარულ კვალს რომ ადასტურებს”...

“ჟეჩპოსპოლიტას” სტატიაში “ბულგარულ კვალზე” იყო ლაპარაკი და შემდეგი ციტატაც ბულაგრეთის გაზიდან არის აღებული, ოღონდ არ ეხება აგჯას საქმეს.

ბულგარეთში ვნებათაღელვას იწვევს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული დაზვერვის სამსახურის გასაიდუმლოებული საპატიმროების შესაძლო არსებობის შესახებ. ბულგარეთში შიშობენ, რომ ეს ამბავი ხელს შეუშლის ევროკავშირში გაწევრიანებას. აი, რას წერს პარასკევის ნომერში გაზეთი “ნოვინარი”:

“ბოლოხანს გამოჩნდა კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ისედაც დაბრკოლებებით სავსე სვლას ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. საქმე ეხება ამერიკული დაზვერვის უწყების საპატიმროების სავარაუდო ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე. ბრიუსელში მტკივნეულ რეაქციას იწვევს თემა “ამერიკა და მისი უპირობოდ ერთგული სახელმწიფოები”. ჩვენი კი ბრიუსელს ხშირად ვაძლევთ საბაბს იფიქროს, რომ ჩვენი ერთგულება ვაშინგტონისადმი გაცილებით აღემატება ჩვენს სიყვარულს ევროპისადმი”.

გაზეთ “ნოვინარის” ამ სტატიაში ნახსენებ გასაიდუმლოებულ ციხეებს ეხება პარიზის ყოველდღიური “ლიბერასიონიც”. თუმცა, მასში ყურადღება მახვილდება კუბაში, გუანტანამოს ბაზაზე განთავსებულ ამერიკულ საპატიმროზე, რომელშიც, როგორც ცნობილია, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ამყოფებენ. ¨ლიბერასიონი¨ წერს:

“ერაყის ციხეებსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს გასაიდუმლოებულ საპატიმროებში წამებასთან ერთად, კუბაში 4 წლის წინ გახსნილი გუანტანამოს ბანაკი განასახიერების იმას, რაც ყველაზე უფრო მწვავე დაგმობას იმსახურებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში. საქმე ეხება საკუთარი კანონებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას - თან იმის ღრმა რწმენით, რომ ამის გამო არ დაისჯები. თავისთავად ფაქტი, რომ ასეთი ბანაკი არსებობს, დემოკრატიის ძალიან მძიმე მარცხია.”
XS
SM
MD
LG