Accessibility links

ბიბლიოთეკაში არაერთხელ გვისაუბრია უცხოურ ლიტერატურაზე, ასევე არაერთხელ შევხებივართ ქართულ წიგნებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში არაერთხელ გვისაუბრია უცხოურ ლიტერატურაზე, ასევე არაერთხელ შევხებივართ ქართულ წიგნებს, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით საქართველოს

პოლიტიკურ ისტორიას ეხმიანება, მაგრამ არც ერთხელ არ გვილაპარაკია უცხოურ ნაშრომზე საქართველოს შესახებ. დღეს დავით პაიჭაძე სწორედ ასეთ წიგნს წარმოგიდგენთ. ესაა ბრიტანელი ისტორიკოსის სტივენ ჯონსის ნაშრომი ”სოციალიზმი ქართულ ფერებში. 1883-1917”. ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში შეხვდებით წიგნის ავტორსაც და მის მკითხველებსაც.

1883 წელი, რომელიც სტივენ ჯონსის წიგნის ყდაზეა დატანილი, კარლ მარქსის სიკვდილის წელია. ნახევრად ხუმრობით მე ვკითხე სტივენ ჯონსს, ამის გამო ხომ არ უკავშირდება თარიღი სოციალიზმის დაბადებას საქართველოში. აღმოჩნდა, რომ არა და ქართული სოციალიზმი დასაბამს თურმე ზესტაფონში იღებს:

[სტივენ ჯონსის ხმა] ”მაშინ შედგა სოციალ-დემოკრატების ჯგუფის პირველი შეხვედრა დასავლეთ საქართველოში. რა თქმა უნდა, მაშინ სოციალ-დემოკრატები არ ერქვათ, მაგრამ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო იდეების განვითარება და რამდენიმე წელიწადში მიხვდნენ, რომ სოციალ-დემოკრატები იყვნენ და არა რომელიმე სხვა მიმართულების.”

სტივენ ჯონსი დიდი ხანია მუშაობს საქართველოს ისტორიაზე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. რამდენადაც ვიცი, მას განზრახული აქვს, არ შემოიფარგლოს მხოლოდ 1921 წლამდე ისტორიით და მრავალწიგნიანი ნაშრომი შექმნას, მითხრა პოლიტოლოგიის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ. ის აღნიშნავს სირთულეს, რომელიც სოციალ-დემოკრატიის კვლევას ახლდა საქართველოში:

[მაცაბერიძის ხმა] ”ჯერ იყო საბჭოური ცენზურა; შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის გადაგდებასთან ერთად, სოციალიზმის ხსენება გახდა ცუდი, არადა, ჩვენმა ქვეყანამ ერთი საუკუნე მაინც იცხოვრა მარქსიზმის, სოციალიზმის იდებიდან გამომდინარე. ამ საკითხის მეცნიერული შესწავლა ჩვენი ქვეყნის ისტორიის სრულფასოვანი შესწავლისათვის აუცილებელია. ამ ნაშრომით წარმოგვიდგება სტივენ ჯონსი, უცხოელი მკვლევარი, რომელმაც ქართული სოციალ-დემოკრატია დაინახა არა მარტო ადგილობრივი თვალით, არამედ მთლიან მსოფლიო კონტექსტში. თქვა, რომ მესამე გზა, რაზედაც სოციალ-დემოკრატები ლაპარაკობენ, სათავეს იღებს საქართველოში. საქართველო იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სოციალ-დემოკრატები.”

თავად სტივენ ჯონსი იმის განმარტებისას, თუ რატომ დაინტერესდა სოციალ-დემოკრატიის კვლევით, ამბობს, რომ, შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ მე-19 საუკუნის ბოლო - მე-20 საუკუნის დასაწყისი უინტერესო პერიოდია საქართველოში, რადგან მაშინ სოციალიზმის იდეები ბატონობდა, დღეს კი სოციალიზმი თითქოს მკვდარი თემაა. არადა, მუშაობისას ძალიან მალე მივხვდი, რომ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში ძალიან განსხვავდებოდა ანალოგიური მოძრაობებისაგან სხვა ქვეყნებში, ამბობს სტივენ ჯონსი.

[ჯონსის ხმა] ”არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა იყო, არამედ ეროვნული მოძრაობაც იყო. ამ მოძრაობაში შედიოდა ყველა ტიპის ხალხი: არა მხოლოდ მუშები, არამედ აზნაურები, გლეხები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და სხვებიც. ნამდვილი ეროვნული მასშტაბის მოძრაობა იყო და თუ თქვენ წაიკითხავთ, ვთქვათ, ნოე ჟორდანიას ნაშრომებს, ნახავთ, რომ ეს კაცი იყო ნამდვილი პატრიოტი.”

დასანანია, რომ ეს პერიოდი არ არის კარგად შესწავლილი და ერთგვარად დავიწყებულია. რადგან, ჩანს, ქართველები ფიქრობენ, რომ ეს იყო მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული და არა უფრო ფართო, საინტერესო კულტურული და ეროვნული მოძრაობა, - ამბობს სტივენ ჯონსი. ცოტა გასაკვირია, რომ თბილისში ერთი ძეგლიც არ უდგას დამოუკიდებლობის პერიოდის არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს, - აღნიშნავს ბრიტანელი მკვლევარი, რომელმაც მასალების დიდი ნაწილი თავისი ნაშრომისათვის თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში მოიძია.

სტივენ ჯონსი უაღრესად კირკიტა და დაკვირვებული კაცია. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნში ზედაპირული არაფერი იქნება. სტივენი ზუსტად, თანმიმდევრულად და ობიექტურად იკვლევდა ამ ისტორიას, ამბობს პარლამენტის წევრი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ლევან ბერძენიშვილი, რომლის აზრით, ”სოციალიზმი ქართულ ფერებში” არა მხოლოდ ქართული, არამედ ინგლისურენოვანი კულტურის ნაწილია.

[ბერძენიშვილის ხმა] ”მან ჩვენ, ქართველებს, მოგვაწერა ის, რაც ან გვაქვს, ან არა გვაქვს, მაგრამ ამ წიგნში ასე ჩანს, რომ ჩვენ მსოფლიო პრობლემებით ვიყავით დაკავებული მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. ანუ ჩვენ ვიყავით ინტეგრირებული ევროპულ აზროვნებაში და შემდეგ მოხდა დიდი ჩამორჩენა ამისგან. ამ წიგნში ბევრი არაფერია ნათქვამი გასაბჭოებაზე, მაგრამ იგულისხმება, რა დრამა იყო ჩვენთვის ამ სიმაღლიდან დანარცხება. ამ წიგნში ნათქვამია, რომ ეს იყო გარკვეული სიმაღლე.”

ლევან ბერძენიშვილმა დაადასტურა სტივენ ჯონსის ეჭვი თუ სინანული, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების გულთან ახლოს მიტანა საქართველოში დღესაც პრობლემურია, თუმცა პარლამენტში ცდილობენ, ამ ადამიანებს პატივი მიაგონ: მესამე სართულზე არსებობს პირველი რესპუბლიკის დარბაზი, ამავე დროს, მეხუთე სართულზე არსებობს ილია ჭავჭავაძის დარბაზი. ილიასა და სოციალ-დემოკრატებს - ანუ ორ იდეოლოგიას - შორის პოლემიკა და დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა და სწორედ ეს უშლის ხელს სოციალ-დემოკრატების აღიარებას საქართველოში:

[ბერძენიშვილის ხმა] ””სტივენ ჯონსი და მთელი მსოფლიო გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ არ გვყავდეს დასაკარგი ადამიანები. საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი, - გავიმეორებ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებს. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დასაკარგი არ არის და ძალიან კარგია, რომ ეს წიგნი არსებობს ამაზე სალაპარაკოდაც. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმის აღწერა წიგნში, თუ როგორ გაჩნდა ქართული აქცენტი სოციალ-დემოკრატიაში, როგორი განწყობები ჰქონდა ნოე ჟორდანიას 1918 წლამდე და როგორ შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ ამ ხალხისგან და როგორ უხსნიდნენ ისინი ევროპელ კოლეგებს, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რატომ არის ეს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სისტემური წყობა და სოციალიზმი. ძალიან სერიოზულია ქართველი სოციალისტების გაქართველების, ანუ მათი ევროპული ცოდნის ეროვნულ ნიადაგზე გადმოტანის, აღწერა 1918-19 წლებში, როცა ისინი იყვნენ ინტერნაციონალისტები და ჩვენს თვალწინ გახდნენ პატრიოტები.”

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ სტივენ ჯონსის წიგნი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ ქართველთა ეროვნული მეხსიერებისათვის. დავიწყება - ზოგჯერ აგრესიული დავიწყება - ისტორიული მეხსიერების კომპონენტია.

[ნოდიას ხმა] “ჩვენი ეს სოციალ-დემოკრატიული ისტორია აღმოჩნდა აქტიური დავიწყების ობიექტი საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიის ეს მონაკვეთი არ ჯდებოდა სტერეოტიპებში, რომლებიც ჩამოგვიყალიბდა 80-იანი წლებისთვის, ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის წლებისთვის. ამ დროს “აღმოჩნდა”, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები არ იზიარებდნენ ქართული პატრიოტიზმის იმ ვერსიას, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა პატრიოტიზმის ერთადერთ შესაძლებელ ვერსიად. და თუ ისინი ამას არ იზიარებდნენ, ე.ი. ანტიქართველები იყვნენ და უნდა დაგვევიწყებინა. ამავე დროს, ისინი იყვნენ პირველი თანამედროვე ტიპის ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელები და მთლად მტრებადაც არ შეგვეძლო მათი გამოცხადება. რახან ეს ინტელექტუალური დისკომფორტი გვქონდა და ეს ხალხი არც მეგობრისა და არც მტრის სტერეოტიპში არ ჯდებოდა, უნდა დაგვევიწყებინა და აქტიურად არ გველაპარკა მათზე.”

სტივენ ჯონსი გვიბიძგებს და გვაძალებს ამოვიდეთ ამ აქტიური დავიწყების მოდუსიდან და ვაღიაროთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოებისა და ელიტის უმეტესი ნაწილი სწორედ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს აღიარებდა, ამბობს გია ნოდია.

“სოციალიზმი ქართულ ფერებში” - მე ვკითხე სტივენ ჯონსს, რით შესძინეს ქართული ფერი ქართველებმა სოციალიზმს: პრაქტიკული პოლიტიკით თუ თავიანთი ნააზრევითაც?

[სტივენ ჯონსის ხმა] “ორივე; ერთი მხრივ, ქართული სოციალ-დემოკრატიის იდეოლოგიაში იყო ძალიან დიდი და ბევრი განსხვავება რუსული მენშევიზმისაგან. სოციალ-დემოკრატები საქართველოში სულ სხვანაირად უყურებდნენ ეროვნულ საკითხს, ვიდრე რუსები, მათზე მეტს ფიქრობდნენ ევროპულ მოდელზე. პრაქტიკაში გაცილებით უფრო დემოკრატიული სტრუქტურები ჰქონდათ, ვიდრე რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში. იყო ცდები, შემოეღოთ ფართო დემოკრატია, სადაც ოპოზიცია უფრო აქტიური იყო, ვიდრე, ვთქვათ, დღეს არის, სადაც იყო სამართლიანი არჩევნები და ბევრი დადებითი თვისება.”

არის ამაში რაღაც პიგმალიონისებური, მითხრა ლევან ბერძენიშვილმა: სტივენ ჯონსმა თვითონ შექმნა ის საქართველო, რომელიც მანვე შეიყვარა. ამ წიგნში აღწერილი საქართველო ცოტა უკეთესია იმაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
XS
SM
MD
LG