Accessibility links

logo-print

ნატოს საინფორმაციო ცენტრის პირველი სამუშაო დღე და პირველი “სიურპრიზი”


ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თბილისში ჯერ

კიდევ შარშან ნოემბერში გაიხსნა, მუშაობას მხოლოდ ნაახალწლევს შეუდგა. ცენტრმა უნდა აწარმოოს განმარტებითი მუშაობა საზოგადოების ფართო ფენებში და აუხსნას მათ, თუ რას წარმოადგენს ნატო და რა პირობების შესრულებას ავალდებულებს გაწევრიანების პროცესი საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა ნატოს საინფორმაციო ცენტრში პირველ საჯარო შეხვედრაზე მსმენელებად მოიწვიეს იმ სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც ისედაც კარგად ერკვევიან საერთაშორისო პოლიტიკაში. ფართო ფენებში გასვლას კი ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოგვიანებით გეგმავენ. მით უფრო, რომ, როგორც კობა ლიკლიკაძის მიერ თბილისის ქუჩაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, ნატოს მიმართ დამოკიდებულება არც ისე ერთსულოვანია, როგორც ოფიციოზი წარმოაჩენს.


ნატოს საინფორმაციო ცენტრი თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ბულგარეთისა და ისრაელის საელჩოს შენობის ფლიგელში, მდებარეობს. მოპირდაპირე მხარეს ცნობილი მიხაილოვის საავადმყოფოა, მოშორებით - მეტროს სადგური “მარჯანიშვილი” და “მაკდონალდსი”. ერთი სიტყვით, მისადგომადაც ადვილია და გარშემოც უამრავი ხალხი ირევა, რომლის განწყობითაც ზუსტად შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად პოპულარული და მხარდაჭერილია მოსახლეობის ფართო ფენებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი.


[მოქალაქეების ხმები] “ჩემი აზრით, საჭირო არ არის.”/ “რატომ არ უნდა შევიდეს? უნდა იყოს წევრი.”/ “იყოს, რა”/ “სხვებმა გადაწყვიტონ.”/ “არ ვიცი, არ მაინტერესებს.”/ “ალბათ, კი.”



კიდევ უფრო საინტერესოა მოქალაქეების აზრის გაგება იმაზე, თუ რა პირობების შესრულებას ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი საქართველოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისათვის. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ამ საკითხზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.


[მოქალაქეების ხმები] “ამაზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი.”/ “ვერ გეტყვით რაა, ზუსტად ვერ გეტყვით.”/ “შეიძლება უფრო დიდი მსხვერპლი იყოს ჩვენიდან.” “პირველი - ეროვნული მთლიანობის აღდგენაა, მერე -დანარჩენი.”



ეს ზედაპირული გამოკითხვაც კი ცხადყოფს, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრს ძალიან დიდი განმარტებითი მუშაობის ჩატარება მოუწევს, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოში გაწევრიანების გეგმაზე, ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და დასავლურ ფასეულობებზე კიდევ უფრო სუსტი წარმოდგენა არსებობს. სწორედ ამიტომ საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა ბათუმსა და კახეთში. გარდა ამისა, როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრების კოორდინატორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, მალე დაიწყება აქტიური გასვლები საქართველოს რეგიონებში, სადაც ცენტრის თანამშრომლები და მოხალისეები მოსახლეობაში სათანადო სააგიტაციო მუშაობას ჩაატარებენ:


[თორნიკე შარაშენიძის ხმა] “დაგეგმილი გვაქვს გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, საზოგადოების ინფორმირება ადგილებზე იმის შესახებ, თუ რა არის ნატო, რას უნდა ველოდეთ მისგან, რა წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენ ნატოს საქმიანობაში. ამის თაობაზე ნატოს შევთავაზებთ პროგრამებს - დიდი კონფერენციის ჩატარებას, დოკუმენტური ფილმის გადაღებას ნატოსთან ურთიერთობის შესახებ, პერიოდულად ლიტერატურის გავრცელებას და ინტერნეტში მონაცემთა ბაზის შექმნას.”


მანამდე კი საინფორმაციო ცენტრმა პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა ცენტრალურ ოფისში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, “ჯიპას”, სტუდენტებისათვის გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტის მსმენელები ყოველთვის გამოირჩევიან მომზადების მაღალი დონითა და ინფორმირებულობით, “ჯიპას” სტუდენტებს არ დაუმალავთ, რომ მათაც კი საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ იმაზე, თუ რა კეთდება ქვეყანაში ნატოში გაწევრიანებისათვის. ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ჩახვაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ყურადღება საზოგადოებაში გამჯდარ ერთ სტერეოტიპზე გაამახვილა:


[გიორგი ჩახვაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ჩვენში ეს არის უფრო მომხმარებლური შემეცნება, რომ ნატო ჩვენ უფრო გვჭირდება, უფრო კარგია და ნათელ მომავალთან არის დაკავშირებული ნატოში ჩვენი ინტეგრაცია.”



ნატოს საინფორმაციო ცენტრში მოსულ სტუდენტებს აინტერესებდათ, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები უსაფრთხოების სფეროებში, რატომ არ მიიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა გასულ წელს ნატოს ძალიან ბევრ სწავლებაში მონაწილეობა და რატომ არის სამხედრო სფერო დახურული საზოგადოებისათვის, როდესაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამაში სამხედრო უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი გიორგი ჟღენტი მიიჩნევს, რომ სამხედრო უწყების კარჩაკეტილობა საზოგადოების პასიურობის ბრალიცაა.


[გიორგი ჟღენტის ხმა] “გამჭვირვალობა, ალბათ, არის, მაგრამ, ალბათ, დაინტერესებაა ნაკლები, როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს. იმიტომ რომ საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში მე მიმაჩნია უპირველეს და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯად. ამის შემდეგ, ალბათ, საზოგადოება თითონ აიძულებს შესაბამის სტრუქტურებს, რომ სათანადო ნაბიჯები სწრაფად გადადგან.”


ნატოს საინფორმაციო ცენტრში გამართული პირველი შეხვედრის აკადემიური ხასიათის მიუხედავად, მას არავინ დასწრებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. შესაბამისად, ბევრი შეკითხვა, რაც სამხედრო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს შეეხებოდა უპასუხოდ დარჩა. თუმცა ცენტრის მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ შემდგომ შეხვედრაზე უზრუნველყოფენ სამხედრო მაღალჩინოსნის მოწვევას და დისკუსია ბევრად უფრო საინტერესო გამოვა.
XS
SM
MD
LG