Accessibility links

logo-print

რამდენადაა გავრცელებული თბილისში სატელეფონო ქურდობა


12 იანვარს სამართალდამცავმა ორგანოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ივანე აფციაური, რომელიც წლების

მანძილზე უშიშროების სამინისტროს კომუნიკაციების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეჭვმიტანილია სატელეფონო ქურდობაში. გამოძიების მტკიცებით, აფციაური 5 წლის მანძილზე გენერალური პროკურორის სამთავრობო ტელეფონით შეუზღუდავად სარგებლობდა, რამაც სახელმწიფოს ათასობით ლარის ზარალი მიაყენა. რამდენადაა გავრცელებული თბილისში სატელეფონო ქურდობის მსგავსი შემთხვევები?

ერთ მშვენიერ დღეს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს სატელეფონო საუბრების 3 200 ლარიანი დავალიანება შეუტანეს. ეს საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ზურაბ ადეიშვილისთვის, რომელსაც, ფაქტობრივად, არასდროს უსარგებლია უნომრო სამთავრობო ტელეფონით, რომელიც გარესამყაროსთან ინკოგნიტო, უნომრო კავშირისთვის იყო განკუთვნილი. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებითვე დაწყებულმა გამოძიებამ მალევე იპოვა სატელეფონო ქურდი და 12 იანვარს პროკურატურის გვერდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კომუნიკაციების სამსახურის თანამშრომელი ივანე აფციაური დააკავა. აი, რა უთხრა ეჭვმიტანილმა აფციაურმა ტელეარხ “რუსთავი 2”-ს:

[ივანე აფციაურის ხმა] ”მობილურზე რომ მჭირდებოდა - ეს იყო, ის იყო... ნუ, აი, პატარა ოპერაციაა გასაკეთებელი, ხაზიდან ხაზზე გადაყვანა, და ვსიო, მორჩა.”(სტილი დაცულია)

ივანე აფციაურს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, 6 თვიანი პატიმრობა ელის. თუმცა სამართალდამცავ ორგანოებში არც საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავენ, რაც, გათავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ნიშნავს.

გენერალური პროკურორის შემთხვევა ერთადერთი არ არის სატელეფონო ქურდობის თბილისურ ისტორიაში. არაერთ თბილისელს გასჩენია ეჭვი სატელეფონო ანგარიშების სისწორეში. და ხშირად აღმოჩენილა, რომ ქალაქგარეთ წასული ამა თუ იმ ოჯახის ტელეფონით მეზობელს უსარგებლია. ამის საშუალებას კი თბილისის კორპუსების სადარბაზოებში ღიად გაყვანილი სატელეფონო კაბელები იძლევა. სკოლის მოსწავლესაც კი ადვილად შეუძლია კაბელი გააშიშვლოს და მას სხვა ტელეფონი მიუერთოს. მე ასეთი ქმედებით დაზარალებული მოქალაქეების მოსაძიებლად სახელმწიფო სატელეფონო ოპერატორის, ”გაერთიანებული ტელეკომის”, ადრინდელი ”ელექტრო კავშირის” ანგარიშსწორების პუნქტს მივაკითხე. სალაროებთან გრძელი რიგები დამხვდა, თუმცა ანგარიშების სისწორეში ეჭვი არავის შეჰპარვია. მე მთავარ ოპერატორს, ქალბატონ ლეილას, გავესაუბრე.

[ოპერატორის ხმა] ”შვიდიანებზე და ექვსიანებზე იყო ეგ პრობლემა და შვიდიანები გამოსწორდა, შეიცვალა ატეესი, და ექვსიანები ახლა იცვლება. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მეზობლები იპარავდნენ, მაგრამ ახლა შემცირდა ეგეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ხალხი უფრო ფრთხილი გახდა.”

იმავე საკითხებზე სასაუბროდ კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, ”საქართველოს ტელეკომის”, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მარიკა ნაპირელს დავუკავშირდი.

[მარიკა ნაპირელის ხმა] ”სანამ “საქართველოს ტელეკომი” იყო ერთადერთი კომპანია, რომლის გავლითაც გადიოდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ზარები, რა თქმა უნდა. ახლა საკმაოდ შემცირებულია ასეთი საჩივრები.”

მარიკა ნაპირელის განცხადებით, საჩივრის არსებობის შემთხვევაში, ცდილობენ სატელეფონო ზარის რეალური შემსრულებლის პოვნას და მისთვის სათანადო გადასახადის დაკისრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე სასამართლომდე მიდის. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი დაზარალებულმა მხარემ გამოავლინა, როგორც ეს გენერალური პროკურორის შემთხვევაში მოხდა.
XS
SM
MD
LG