Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებენ


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასაცავად გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და მესამე სექტორს შორის არსებული

დაძაბული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც აწვდიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების დისკრედიტირებასა და დამორჩილებას, რისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაციებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. როგორ აპირებს მესამე სექტორი თავის დაცვას?

„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის“ - ამ დევიზით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასაცავად გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 13 იანვარს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ უმასპინძლეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნინო გვენეტაძე, მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამბობს, რომ მესამე სექტორმა დემოკრატიული მონაპოვარი უფრო აგრესიულად უნდა დაიცვას:

[ნინო გვენეტაძის ხმა] „სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, შემტევი, რათა მან შეძლოს იმ ღირებულებების გადარჩენა, რაც საჭიროა დემოკრატიის აშენებისათვის. საერთაშორისო ორგანიზაციების მიზანიც ამ დემოკრატიული მონაპოვრის დაცვა და განვითარებაა და მათი როლიც ამ საქმეში, ჩვენთან ერთად, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.“

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორის გოგი ხუციშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში მესამე სექტორის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების შესახებ არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს, რათა სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს დამოუკიდებლად არსებობის საშუალება მოუსპოს. ხუციშვილი ამბობს, რომ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრა ცრუ ინფორმაციის გაბათილების მიზნითაც არის საშური:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „ეს მიზანიც გვაქვს, რომ გავაბათილოთ ეს დეზინფორმაცია. ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებს აშკარა ტყუილს აწვდიან როგორც შეუვალ სიმართლეს. იმედანად, კარგად არის ეს ტყუილი შეფუთული, რომ შემოწმების გარეშე ეს ინფორმაცია ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციის დაიჯესტში.”(სტილი დაცულია)

კონფერენციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მომხდარი განხეთქილება მთლიანად მესამე სექტორის პრობლემაა. „იურისტთა გაერთიანების დამორჩილებითა და დასუსტებით, დაზარალდებიან სხვათა არასამთავრობო ორგანიზაციებიც“, ამბობს შალვა თადუმაძე, წარმომადგენელი ასოციაციისა „სამართალი და თავისუფლება“.

[შალვა თადუმაძის ხმა] „თუ იურისტთა ასოციაციას გახლეჩენ, დააზარალებენ, დაფინანსებას შეუწყვეტენ, საქმიანობის დისკრედიტაციას მოახდენენ, მაშინ ნებისმიერ ასოციაციას შეუქმნიან პრობლემას, რადგან ნებისმიერი ასოციაციის გზის გამკვალავი იყო ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’.“

თუმცა თავად ამბოხებული იურისტები ამბობენ, რომ დავა ორგანიზაციის წევრებს შორის მიმდინარეობს და მასში ხელისუფლების ხელი არ ურევია. დავით ხაჟალია, ასოციაციის ერთ-ერთი წევრი, საკითხის პოლიტიზების წინააღმდეგია.

[დავით ხაჟალიას ხმა] „ასოციაციის შიგნით ნამდვილად არსებობს პრობლემები და ამ პრობლემებს უნდა გადაწყვეტა. ვთვლი, რომ ეს პრობლემები არ არის პოლიტიკურ რანგში ასაყვანი პრობლემები. უთანხმოებას ჩვენ გადავწყვეტთ შიდა რესურსებით. დარწმუნებული ვარ, ამის პოტენციალი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” გააჩნია.“(სტილი დაცულია)

კონფერენციის ორგანიზატორები კი დარწმუნებულნი არიან, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასუსტება ხელისუფლების გეგმის შემადგენელი ნაწილია. გოგი ხუციშვილის კომენტარი:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „არის ორმაგი სტანდარტი, არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე. მიზანშია ამოღებული ისეთი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სანიმუშონი არიან თავიანთ სფეროებში. მათზე თავდასხმით ხდება შიშის სინდრომის დამკვიდრება საზოგადოებაში.“

ამ საშიში ტენდენციის შესაჩერებლად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასაცავად გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას აპირებენ. არ არის გამორიცხული, კონფერენციებისა და უწყინარი შეხვედრების შემდეგ, მათი არსენალი საპროტესტო აქციებითაც გამდიდრდეს.
XS
SM
MD
LG