Accessibility links

logo-print

დაზვერვის ცენტრალური სამმართველო და გასაიდუმლოებული ციხეები ევროპაში


ევროპის საბჭო განაგრძობს გამოძიებას, რომლის მიზანიცაა გაირკვეს, არსებობდა თუ არა ევროპის ქვეყნებში ამერიკული უწყების - დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს - ციხეები.

ვარაუდი, რომ არსებობდა, არც დაუდასტურებია და არც უარუყვია აშშ-ს. თუმცა, ევროსაბჭოს გამოძიების ხელმძღვანელი, შვეიცარელი დიკ მარტი, მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ამერიკის სადაზვერვო უწყებას ევროპაში ჰქონდა გასაიდუმლოებული ციხეები.

ბრალდება, რომ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს (CIA) საიდუმლო ციხეები აქვს ევროპაში, პირველად ნოემბერში გაისმა. აშშ-ის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაზვერვის უწყებას ტერორიზმში ეჭვმიტანილებისათვის გახსნილი აქვს საიდუმლო საპატიმროები აღმოსავლეთ ევროპაში და გარდა ამისა, ეჭვმიტანილები ევროპაზე ტრანზიტით გადაჰყავს სხვა ადგილებში. ამ ინფორმაციას მალე დაემატა სხვაც: უფლებადამცველმა “ჰიუმან რაითს უოჩმა” საიდუმლო ციხეების შესაძლო ადგილებად რუმინეთი და პოლონეთი დაასახელა. ეს ბრალდება ორივე ქვეყანამ უარყო, მაგრამ ევროსაბჭო, რომელიც კონტინენტზე დემოკრატიის პრინციპების დაცვაზე ზრუნავს, მათს განცხადებებს არ დასჯერდა და გამოძიებას შეუდგა.

და აი, ორი დღის წინ შვეიცარიის წარმომადგენელმა დიკ მარტიმ, რომელიც ამ გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ დარწმუნებულია: ევროპაში იყო საიდუმლო ციხეები. [დიკ მარტის ხმა] “მინდა, ნათელი იყოს, რომ პრობლემა არ ეხება მხოლოდ რუმინეთსა და პოლონეთს. სწორი არ იქნებოდა ამ ორი ქვეყნის დადანაშაულებით შემოფარგვლა. ვფიქრობ, მთელი ევროპა იყო თანახმა ამ საკითხში გაჩუმებაზე, რადგან თუ რუმინეთსა და პოლონეთში რაღაც ხდებოდა, ხდებოდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც - მათაც ბევრი რამ იცოდნენ. ასეთ სიტუაციაში ცოდნა და გაჩუმება, ჩემი აზრით, ისეთივე ცუდია, როგორც შენს ტერიტორიაზე ასეთი ციხის არსებობის დაშვება.”

შვეიცარელი გამომძიებელი დასძენს, რომ ციხეების არსებობის დამადასტურებელი სამხილები არ გააჩნია. გამოძიება კიდევ, დაახლოებით, ერთი წელი გასტანს.

შეგახსენებთ, რომ დისკუსია დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესახებ, ცენტრალური საკითხი იყო გასულ თვეში, ევროპაში სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს. მაშინ რაისმა კატეგორიულად უარყო საიდუმლო ციხეებში ტერორიზმში ეჭვმიტანილების წამების ბრალდება, რის შემდეგაც დისკუსია საიდუმლო ციხეების გარშემო - ჩაწყნარდა.
XS
SM
MD
LG