Accessibility links

“NASA” პლუტონზე უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდის გასაშვებად ემზადება


აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტო “NASA” ემზადება კოსმოსური ხომალდის პლუტონზე გასაგზავნად - დიახ, ლაპარაკია მზიდან დაშორების მიხედვით რიგით მეცხრე პლანეტაზე,

რომელსაც ამერიკული უეკიპაჟო ხომალდის, “ახალი ჰორიზონტის” სახით, პირველი კოსმოსური მისია მიაშურებს. ხომალდს ხვალ (17ტ იანვარს) აუშვებენ კანავერალის კოსმოდრომიდან.

უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდის მოგზაურობა 9 წელი გასტანს. მანამდე ვერ მიუახლოვდება პლანეტას, რომელიც მზის სისტემის კიდეზე მოძრაობს, დედამიწიდან 5 მილიარდ კილომეტრში...

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საქმე ეხება უაღრესად დიდი მნიშვნელობის მისიას - პლუტონი გაყინული პლანეტაა: მზის სისტემის წარმოქმნის შემდეგ, ანუ 4 მილიარდი წელია, არ შეცვლილა.

[სტერნის ხმა] “ეს არის პლანეტების კვლევის ნამდვილი ევერესტი - ჩვენ გავდივართ მზის სისტემის საზღვარზე, რათა გამოვიკვლიოთ სრულიად ახალი ტიპის ობიექტი, ე.წ. ყინულის ჯუჯა პლანეტა”, ამბობს პლუტონის მისიაზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელი, ბოულდერის კლვევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ალან სტერნი. მას სჯერა, რომ მისია წარმატებული იქნება: თუ ხვალ რაიმემ შეუშალა ხელი კოსმოსური ხომალდის ცაში აჭრას, თებერვლის დასაწყისამდე შესაძლებელი იქნება მცდელობის გამეორება.

შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დედამიწის მკვიდრთათვის იმის ცოდნა, რა ხდება შორეულ პატარა პლანეტაზე, შემდეგ პასუხს იძლევა ლონდონელი ასტრონომი ენდრიუ კოატსი: [კოატსის ხმა] “ეს არის მცდელობა, მეტი შევიტყოთ პლანეტების არსზე, მეტი შევიტყოთ დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. სწორედ პლუტონი, როგორც ჩანს, ბევრით განსხვავდება ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებისათვინ. სხვები - იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი - დაბალი საშუალო სიმკვრივის გიგანტური პლანეტებია, მათგან პლუტონი - გაყინული ცის სხეული - ძალიან განსხვავდება”.

იმდენად განსხვავდება, რომ ზოგი მეცნიერი საეჭვოდ მიიჩნევს პლუტონის პლანეტად აღიარების მიზანშეწონილობას. ამ საკითხზე დისკუსია გრძელდება, პლუტონზე კოსმოსური მისიით კი მეცნიერებს საკვანძო მნიშვნელობის შეკითხვებზე პასუხის მიკვლევის შანსი ეძლევათ: როგორ წარმოიქმნა, როგორ მიიღო დღევანდელი ფორმა მზის სისტემამ? რატომ არიან პლანეტები ესოდენ განსხვავებული ერთმანეთისაგან? რა გამოარჩევს ჩვენს პლანეტას, დედამიწას - ყველა დანარჩენისაგან?
XS
SM
MD
LG