Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაასამართლებენ თუ არა დაუსწრებლად უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს


16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილი უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მომხრეები, სამართლიანობის პარტიისა და ”ანტისოროსის” წევრები,

2 საათზე მეტხანს ამაოდ ელოდნენ პროკურატურის წარმომადგენლის გამოჩენას. მისი გამოუცხადებლობის მიზეზით უკვე მეორედ გადაიდო ტერორისტული აქტის მოწყობის გამო ძებნილი იგორ გიორგაძის ადვოკატის სარჩელის განხილვა. ადვოკატი გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის პოზიციას ასაჩივრებს. რატომ ჩივიან იგორ გიორგაძის მომხრეები?

[ისმის ხმაური]

სანამ საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილი სახეები - თემურ ჟორჟოლიანი, ირინა სარიშვილი, მაია ნიკოლეიშვილი და სხვები -სასამართლოს გაყინულ დარბაზში პროკურორისა და მოსამართლის გამოჩენას ელოდებოდნენ, მე პრობლემის არსის განმარტება იგორ გიორგაძის ადვოკატს, კობა კობახიძეს, ვთხოვე.

[კობა კობახიძის ხმა] ”ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ თანამდებობის პირი, თუ იგი ძებნილია, მის მიმართ საქმე მაინც წარიმართება სასამართლოში და უნდა ჩატარდეს სასამართლო გამოძიება, ამ კანონის მიხედვით, ჩვენ მოვითხოვეთ გენერალური პროკურატურისგან საქმის საბრალდებო დასკვნით წარმართვა და განხილვა სასამართლოში. უარი მითხრა გენერალურმა პროკურატურამ ჩემს შუამდგომლობაზე და ამ უარს ვასაჩივრებ სასამართლოში.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტული აქტის გამო იძებნება. იგი დღემდე მიმალვაში იმყოფება და სწორედ ეს უშლიდა ხელს სასამართლო პროცესის გამართვას. და თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ახალი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, მან პროკურატურისაგან უარი მიიღო.

პროკურატურის აზრით, ტერორისტული აქტის მოწყობას ნაკლებად შეიძლება ეწოდოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ის გიორგაძის დაუსწრებლად სასამართლოს წარმართვის წინააღმდეგ გამოდის. სწორედ ამ პოზიციის გასაჩივრებას ცდილობენ ახლა გიორგაძის მომხრეები.

მე მათ ერთ-ერთ ლიდერს, მონარქისტული პარტიის თავმჯდომარეს თემურ ჟორჟოლიანს, ვკითხე, აქვთ თუ არა სასამართლოში იგორ გიორგაძის გამართლების იმედი.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] ”არც გვაქვს ჩვენ იმედი, რომ სასამართლოს გზით ეს მოხერხდება, სანამ ეს ხელისუფლება იქნება ადგილზე. როდესაც სიტუაცია შეიცვლება, - მე ასე მგონია და ეს ასეც იქნება, გაზაფხულზე ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში და ნამდვილ რევოლუციას მოახდენს, - ამასობაში მოგვარდება. პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ, მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება დაუშვებს, რომ სასამართლომ გაიმარჯვოს, ანდა მართლმსაჯულებამ, მაგრამ ეს არის პროცედურა, იცით...”(სტილი დაცულია)

თემურ ჟორჟოლიანმა რევოლუცია ახსენა. ახალი რევოლუციის მოწყობის გარდაუვალობაზე ლაპარაკობენ იგორ გიორგაძის მომხრე სხვა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკოსებიც. თუმცა იგორ გიორგაძის ლიდერობით ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციის” მსგავსი რევოლუციის განმეორებას გამორიცხავენ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული პოლიტოლოგები. მათ შორისაა ექსპერტი გია ნოდიაც:

[გია ნოდიას ხმა] ”მე არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს სწორედ იმიტომ, რომ ეს არის გარე ძალებისგან ინსპირირებული. ეს არის აშკარა სპეკულაცია წმინდა სოციალური მოვლენებით. ხოლო “ვარდების რევოლუცია” არ მომხდარა სოციალური მოვლენების გამო. ასე რომ, მე ვერ ვხედავ აქ ამ მოვლენების ძალიან სერიოზული განვითარების პერსპექტივას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ეს პერსპექტივა არ ჩანს.”
XS
SM
MD
LG