Accessibility links

logo-print

აპირებს თუ არა თბილისის მერია მიწისზედა ელექტროტრანსპორტზე უარის თქმას


დედაქალაქის ცენტრიდან სამარშრუტო ტაქსების გაყვანის შემდეგ, როგორც ჩანს, ჯერი ელექტროტრანსპორტზე მიდგა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერიის ხელმძღვანელობა

ირწმუნება, რომ სულ მალე ტროლეიბუსები მხოლოდ გარეუბნებში, პერიფერიულ ქუჩებზე იმოძრავებენ, თუმცა ქალაქის თავკაცთა ამ განცხადებაში ეჭვი შეაქვთ თავად მძღოლებს, რომლებიც ყველაზე უარესისთვის - ელექტროტრანსპორტის აკრძალვისა და უმუშევრობისთვის - ემზადებიან. რა ხდება სინამდვილეში, რას უპირებს მერიის ხელმძღვანელობა ტროლეიბუსებისა და ტრამვაის საწარმოს, რომელშიც 800-მდე ადამიანია დასაქმებული?

სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ თბილისის ცენტრში მგზავრები ჰოლანდიიდან ჩამოტანილი „დაფის“ მარკის ავტობუსებით გადაადგილდებიან, თუმცა ვისაც არ ეჩქარება, ანდა ფულის დაზოგვა სურს, შეუძლია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები ყველაზე ნელი ტრანსპორტით, ტროლეიბუსებით, გადაკვეთოს.

[ისმის ტრანსპორტის ხმა]

იური მაჭარაშვილი 22 წელია ტროლეიბუსის საჭესთან ზის და, როგორც თავად ამბობს, ყველაზე გაჭირვებულ თანაქალაქელებს ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე ემსახურება. ინფორმაციამ ტროლეიბუსების აკრძალვის თაობაზე ბატონ იურის ყურამდეც მიაღწია.

[იური მაჭარაშვილის ხმა] „ტროლეიბუსებს გააუქმებენ და ამის მერე გააძვირებენ ავტობუსებს. ტროლეიბუსები არ უნდათ. არავინ გვეხმარება, არადა 8 კატეგორიის ადამიანებს უსასყილოდ ვემსახურებით - მაგალითად, ვეტერანებს, ომის ინვალიდებს, პოლიციის თანამშრომლებს და სხვა.“

ტროლეიბუსის მძღოლი ფიქრობს, რომ სულ მალე სამსახურის გარეშე დარჩება. ბატონ იურის სანუგეშოს ვერაფერს ეუბნება თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ჯიბლაძე, რომლის ინფორმაციითაც, ხელისუფლება მიზანმიმართულად ყიდის ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს დაქვემდებარებაში არსებულ სამივე დეპოს:

[პაატა ჯიბლაძის ხმა] „ყველაზე იაფი ტრანსპორტის მოსპობა უნდათ, ვინაიდან მათი ბიზნესინტერესები უპირველესია. ისევე როგორც გამზადებულია ისნის დეპო გასაყიდად და პრემიერის ხელმოწერა აქვს ამ დოკუმენტს. ამ ორი დეპოს მოშლა გამოიწვევს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტის კოლაფსს.“

თბილისის მერიამ ჯერჯერობით მხოლოდ საბურთალოს დეპო, უფრო სწორად კი, ის ტერიტორია გაყიდა, სადაც დეპოა განთავსებული, თუმცა, როგორც ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, სანაცვლოდ დედაქალაქის მთავრობას ახალი ადგილი არ გამოუყვია.

[დეპოს თანამშრომლის ხმა] „არსად არ მიგვითითეს, სად და რა გავაკეთოთ. გვეუბნებიან, 1 თებერვლიდან აქ არ იქნებითო. ჩვენი ინფორმაციით, არსად მოუძებნიათ შენობა-ნაგებობა, სადაც ტექნიკის განთავსება იქნება შესაძლებელი.“

ტროლეიბუსების მოძრაობის შესაძლო აკრძალვა გულგრილს ვერ ტოვებს თბილისელებს, რომელთა ერთი ნაწილი ყველაზე იაფ, ათთეთრიან სატრანსპორტო საშუალებას ვერ ელევა, თუმცა ზოგიერთი მათგანი სიახლეში დიდ ტრაგედიასაც ვერ ხედავს.

[მამაკაცის ხმა] „რა ვიცი, მე მგონი, უნდა იაროს. ჩემი აზრი ასეთია.“

[ქალბატონის ხმა] „მოკლე მანძილზე მივდივარ და იმიტომ ჩავჯექი. თუ მოძრაობას აფერხებს, მაშინ მართლა უნდა გააუქმონ. მე არ მჭირდება.“

[ქალბატონის ხმა] „სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის აუცილებელია, მაგრამ ცუდად მუშაობენ: იშვიათად და ნელა დადიან. ხანდახან საათობით დგანან ერთ ადგილზე და ასეთ მუშაობას აზრი აქვს? ისე, მაინც უნდა იყოს.“

თბილისის პრემიერი კი ამტკიცებს, რომ მერია არ აპირებს ტროლეიბუსების აკრძალვას. თემურ ქურხულის თქმით, ლაპარაკია მხოლოდ მარშრუტის შეცვლაზე:

[თემურ ქურხულის ხმა] „სრულად გაუქმებაზე არ არის საუბარი. ნაწილობრივ შემცირდება, ანუ არ იმოძრავებს რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე. ტროლეიბუსები დარჩება არაცენტრალურ უბნებში.“

პრემიერის ამ ნათქვამს, წესით, ტროლეიბუსის მძღოლები უნდა დაემშვიდებინა, თუმცა იური მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ სულ მალე თბილისში ერთი ტროლეიბუსიც კი არ იმოძრავებს:

[იური მაჭარაშვილის ხმა] „მაგენი რასაც იტყვიან, მაინც გააკეთებენ და რა აზრი აქვს წინააღმდეგობის გაწევას. რა მეშველება? რაც სხვას, ის მეც!“

მაგრამ ყველა მძღოლი ასე პესიმისტურად როდია განწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს დეპოს თანამშრომლები საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლასა და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
XS
SM
MD
LG