Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მომჩივან მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება

  • ნინო როდონაია

საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო წაგებულ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა ეწურება.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის უპირობოდ შესრულებას ქვეყანას ავალდებულებს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ევროპული კონვენცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნას საქართველოში ამჟამად რამდენიმე ცნობილ - მათ შორის, სულხან მოლაშვილისა და დავით მირცხულავას -საქმესთან დაკავშირებით ელიან. უახლოეს ხანში კი სტრასბურგში საქართველოდან უკვე წარდგენილ ასამდე სარჩელს კიდევ რამდენიმე ახალი დაემატება.

ამ ფონზე გავრცელდა ვერსია იმის თაობაზე, რომ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა სავალდებულო აღსრულების მხრივ, საქართველოში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. მე შევეცადე ამგვარი ეჭვის საფუძვლიანობა დამედგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წაგებულ საქმეთა რაოდენობა ჯერჯერობით საკმაოდ მცირეა. ამასთან, სულ უფრო იზრდება სტრასბურგში საქართველოდან მომჩივანთა რაოდენობა. ევროპული სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის ხანგრძლივი პროცედურისა და საჩივართა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, სტრასბურგში სამართლიანობის მიღწევას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თუმცა, ამ ფაქტორის მიუხედავად, საკუთარ ქვეყანას ევროსასამართლოში სულ უფრო მეტი მოქალაქე უჩივის. ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიტანეს, გასული წლის 27 სექტემბრითაა დათარიღებული. საკომპენსაციო თანხა, რომელიც ქვეყანამ ორ კერძო ფირმას უნდა გადაუხადოს, 200 ათას ევროს აღემატება. ეს კომპანიები შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ჯერ კიდევ საქართველოს წინა მთავრობისგან 1998 წლიდან ითხოვდნენ, ადგილობრივ სასამართლოში საქმე მოიგეს კიდეც, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგშიც ამის გამო იჩივლეს. ევროსასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა საქართველოს ხელისუფლებას გასული წლის ბოლოს ამოეწურა. სტრასბურგში გამარჯვებული კომპანიების ადვოკატთა ინფორმაციით, ქვეყანას ამ უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც გადაწყვეტილება უახლოეს ხანში უნდა აღსრულდეს. ვერსიას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ევროსასამართლოს განაჩენთა აღსრულების სავალდებულო ხასიათის გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრობენ, კატეგორიულად უარყოფს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,სრული აბსურდი არის, თამამად შემიძლია და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. იმიტომ რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, ამ მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც, სააღსრულებო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და სტრასბურგის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო შესასრულებელთა ჩამონათვალში შევიდა. ამ მიმართებით არანაირი ახალი საკანონმდებლო ნოვაცია არ მზადდება.” (სტილი დაცულია)

ლევან ბეჟაშვილის მიერ მოხსენიებული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში 2004 წლის ივნისიდან მოქმედებს. გაცილებით ადრე კი ქვეყანა უპირობოდ შეუერთდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება. ამ საერთაშორისო ნორმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე შესაბამის ცვლილებას გამორიცხავს ადვოკატი ლია მუხაშავრიაც და განმარტავს, რომ ეს ევროსაბჭოს წევრობაზე უარის თქმის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნებოდა:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,გამორიცხულია რაიმე სახით ქვეყანამ, მას შემდეგ, რაც სრულად მიუერთდა კონვენციას - სხვათა შორის, ჩვენ ყოველგვარი დათქმის გარეშე მივუერთდით - გააკეთო რაიმე დათქმა. ეს არის სრულიად გამორიცხული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ გაგვრიცხავენ ევროსაბჭოდან, ან შეგვიჩერებენ წევრობას.” (სტილი დაცულია)

ბოლო მონაცემებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასამდე საქმეა გაგზავნილი. ამჟამად საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ ქვეყანაში ელის კიდევ არაერთი ადამიანი, მათ შორის, უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლეებიც, რომლებიც, საქართველოში ყველა შესაბამისი პროცედურის ამოწურვისა და არასასურველი ვერდიქტის შემთხვევაში, სტრასბურგში ჩივილს აპირებენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები უარყოფითად, საერთაშორისო პრესტიჟის გარდა, ქვეყნის ბიუჯეტზეც აისახება, რაც ადგილობრივი სასამართლო და სააღსრულებო სისტემების სრულყოფის აუცილებლობის კიდევ ერთ არგუმენტად გამოდგება.
XS
SM
MD
LG