Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა


გასულ წელს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვება იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჟურნალისტებს ყველაზე მწვავედ სწორედ არასანდო და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებდნენ. მინდა ამ ჩიხური ვითარების შესახებ გესაუბროთ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ინფორმაციის გაცემის წესები მკვეთრად შეიცვალა. “ახალი მოდის” კანონმდებელი, უდავოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროა. ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ მისი სამინისტროს პრესსამსახური შესანიშნავად მუშაობს, რადგან ყოველდღიური ახალი ამბების დიდ წილს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია შეადგენს. მართლაც, არ არსებობს დღე, როცა, მაგალითად, “რუსთავი 2” მაყურებელს არ უამბობს, როგორ მუშაობს ქართული პოლიცია. ცხადია, ეს ის მასალაა, რასაც ტელემაყურებლისთვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, უფრო ზუსტად კი, ამ სამმართველოს უფროსი გურამ დონაძე ამზადებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ცდილობენ, თავად მოიპოვონ მათთვის საინტერესო მასალა? საქართველოს ნებისმიერ ქალაქში პოლიციის მუშაობის შესახებ წვრილმანი თუ მსხვილმანი ინფორმაციის მისაღებად სწორედ გურამ დონაძის ნებართვაა საჭირო. მისი ტელეფონი კი, როგორც წესი, გამორთულია. იყო შემთხვევა, როდესაც გაზეთ “ახალი ვერსიის” ყოფილ მთავარ რედაქტორს, ლიკა ბასილაიას, ქუთაისში გურამ დონაძის ნებართვის გარეშე არ გაუმხილეს ერთ-ერთი პოლიციელის თანამდებობა. ბათუმში გურამ დონაძის ნებართვის გარეშე შეუძლებელია პოლიციის სადღეღამისო კრებსის მოპოვება. ოზურგეთში, ჩოხატაურში, ბორჯომში გურამ დონაძის ნებართვას ითხოვენ პატრულთან გასაუბრებისთვის. გაზეთ “ფოთის მოამბეში” არსებობს რუბრიკა “შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვატყობინებს”. მთელი საქართველოს შემოვლის შემდეგ შეუძლებელია ეჭვის შეტანა, რომ საინფორმაციო ველში ხვდება მხოლოდ და მხოლოდ ის მასალა, რასაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს საკუთარ საქმიანობაზე. ყველაფერი დანარჩენი კი მოსახლეობისთვის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია. ვანო მერაბიშვილის განმარტებით, ამას ჰქვია კარგი მუშაობა. ასევე კარგად მუშაობენ სხვა უწყებებიც. კერძოდ:

თითქმის შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება თავდაცვის სამინისტროდან და ენერგოდისტრიბუციის ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.
დახურულია ინფორმაცია პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების შესახებ.
დედოფლისწყაროს და გურჯაანის რაიონის გამგებლებს, სოსო ხაჩიაშვილსა და აკაკი სიხარულიძეს, ჰგონიათ, რომ პირადად მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელი ჟურნალისტი დაესწრება გამგეობის სხდომებს.
არსებობს ერთსაათიანი კამათის აუდიოჩანაწერი იმის შესახებ, არის თუ არა საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრი და აქვს თუ არა ჟურნალისტს მისი გაცნობის უფლება. მოკამათე მხარეები არიან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის კანცელარიის გამგე.
გორში ჟურნალისტებს არ უშვებდნენ რაიონული სასამართლოს შენობაში მაშინაც კი, როცა ისინი დავაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მოსარჩელეების სტატუსით.
გაზეთი “ბათუმელების” რედაქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან ერთი თვის განმავლობაში ამაოდ ითხოვდა სიღარიბის დაძლევის პროგრამას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კი, ამ პროგრამის ნაცვლად, რედაქციას გადაუგზავნა ამონაწერი პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლიდან.
მთელ საქართველოში უკიდურესად გაძნელებულია კომენტარის მიღება საჯარო მოხელეების მხრიდან.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ინფორმაციას არავითარი განსაკუთრებული ღირებულება არ ჰქონდა და ამიტომ მისი მოპოვებაც გაადვილებული იყო. ამჟამინდელი ხელისუფლება ინფორმაციას სერიოზულ ფასს ადებს და მას მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით ანაწილებს. არადა, საჯაროობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც კანონის მიხედვით გასაიდუმლოებას არ ექვემდებარება, ხალხის საკუთრებაა და არა, ვთქვათ, ვანო მერაბიშვილის ან მიხეილ ქარელის.

იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, აუცილებელია სამთავრობო უწყებების პრესსამსახურებმა ზუსტად შეასრულონ კანონის მოთხოვნები. სამინისტროების პრესსამსახურებს ჟურნალისტები ხელმძღვანელობენ და მათ შესანიშნავად იციან, რა წერია ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავში. მაგრამ პრობლემის არსი სულ სხვაა. ერთდროულად ინფორმაციის შეზღუდვა და თან ჟურნლისტების დადანაშაულება არასანდო ინფორმაციის გავრცელებაში მთელ მედიას “ჭრელი პეპელას” პოზიციაში ამყოფებს, როდესაც ვერც გაფრინდები და ვერც მოფრინდები, რაც არის კიდეც ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის მთავარი მიგნება.
XS
SM
MD
LG