Accessibility links

logo-print

საქართველოს სამხედრო მშენებლობაში ამერიკული ხაზი დომინირებს


16 იანვარს თბილისში ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპულ ძალთა სარდლობის 4 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. დელეგაციის მიზანია შეამოწმოს სტაბილურობის

შენარჩუნების ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამა. უკვე ცნობილია, რომ 2006 წელს საქართველოში კიდევ რამდენიმე ამერიკული სამხედრო დახმარების პროექტი განხორციელდება, თუმცა საზღვარგარეთული დახმარებების მოცულობა, საერთო ჯამში, შემცირდება.


კრწანისის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონს ხალხში ამერიკელი სამხედროების ბაზას ეძახიან და არცთუ უსაფუძვლოდ. იქ, 2002 წლიდან მოყოლებული, ქართველი ჯარისკაცების თანამედროვე სამხედრო მეთოდოლოგიით გაწვრთნა მიმდინარეობს. ყაზარმები, სასადილო, საწვრთნელი კლასები და, თქვენ წარმოიდგინეთ, დამხმარე ნაგებობებიც კი ამერიკულ ყაიდაზეა მოწყობილი. ეს ყველაფერი ქართულ-ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის შემდეგ დარჩა საქართველოში. პენტაგონის მიერ გამოყოფილი 64 მილიონი დოლარის ფარგლებში 2000-მდე ქართველი სამხედრო გაიწვრთნა და აღიჭურვა. თუმცა ამ პროგრამით მომზადებული “კომანდოსთა” ბატალიონის უმრავლესობამ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო სამსახურზე უარი თქვა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვერაფრით ვერ მოახერხა მათი დაყოლიება და, ბოლოს, ხელი ჩაიქნია.


[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი, ჯარისკაცი დატოვებს არმიის რიგებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არმიაში მოვიდნენ შევარდნაძის დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. ერაყში ყოფნის დროს დააგროვეს 6-7 ათასი დოლარი და ახლა სურთ ბიზნესის დაწყება.”(სტილი დაცულია)


ძნელი სათქმელია, გააგრძელებდა თუ არა ამერიკის მთავრობა ქართული ჯარის დახმარების პროგრამას, ეს სიტყვები ოქრუაშვილს გასული წლის დასაწყისში რომ ეთქვა. სხვა რომ არა იყოს რა, ამ ორასი ჯარისკაცის მარტო ეკიპირებაზე ხომ ამერიკულმა მხარემ 2 მილიონი დოლარი დახარჯა. მაგრამ მოკავშირე ამერიკა წყენას არ იმჩნევს და განაგრძობს საქართველოს სამხედრო დახმარებას. 2005 წლის აპრილიდან მოყოლებული, კრწანისის პოლიგონზე სამშვიდობო ოპერაციების შენარჩუნების ქართულ-ამერიკული პროგრამა დაიწყო. ამერიკის მთავრობამ პროგრამა 55 მილიონი დოლარით დააფინანსა. ამჯერად მოწინავე ამერიკული მეთოდოლოგიით ქართველ რეკრუტებს თავად ქართველი ინქტრუქტორები წვრთნიან. ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები კი სწავლების შტაბს ხელმძღვანელობენ. პროგრამა უკვე გაიარა დაახლოებით 1000-მა ჯარისკაცმა და იგი წელსაც გაგრძელდება. პარალელურად, წელს ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველი რეზერვისტების მომზადების პროექტშიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლებას” ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს რეზერვისტმა-პარლამენტარმა ალექსანდრე შალამბერიძემ ამცნო:


[ალეკო შალამბერიძის ხმა] “ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჯორჯიის შტატის გვარდიის სარდალ პოეტრექსთან. დაგვპირდნენ, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები მიიღებენ მონაწილეობას რეზერვისტების გაწვრთნაში. იანვარში კიდევ ერთხელ შევხვდებით ამერიკელ სამხედროებს და, საბოლოოდ, ყველა საკითხს დავაზუსტებთ.”


ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, საქართველოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან - თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. მაგრამ მათი დახმარება წლიდან წლამდე კლებულობს და მხოლოდ ქართველი ოფიცრების სასწავლო პროგრამების დაფინანსებით შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც საქართველოს არმიის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, საქართველოს სამხედრო უწყებას უკვე თავად შესწევს უნარი დააფინანსოს ბევრი ისეთი სამხედრო პროგრამა, რომელთა განხორციელება ადრე სხვა ქვეყნების შემწეობით ხერხდებოდა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ხომ 2006 წელი ნატოში გაწევრიანების წლად გამოაცხადა. ეს ამბიციური მიზანი კი გულისხმობს ისეთი სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ვეღარ იქნება უცხოური დახმარების ობიექტი. ნისიად ნატოს კლუბში არავის ღებულობენ.
XS
SM
MD
LG