Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ახალი კანცლერის პირველი ვიზიტი რუსეთში


გერმანიის ახალმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, მოსკოვში პირველი ვიზიტისას, როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო კრიტიკული პოზიცია გამოამჟღავნა რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე მისი წინამორბედი ავლენდა.

ცნობილია, რომ ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომ მას “ჭეშმარიტ დემოკრატად” მოიხსენიებდა. ამის გამო გერჰარდ შრიოდერი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც გერმანელ ლიდერს ადანაშაულებდნენ რუსეთში მასმედიის შევიწროვებაზე, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვაში.

რაც შეეხება ახალ კანცლერს, ანგელა მერკელს, მან მოსკოვში ვიზიტისას გამოთქვა სურვილი, გაგრძელდეს რუსეთთან გერმანიის “სტრატეგიული პარტნიორობა”, შეაქო მკვეთრი გააქტიურება ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობაში, შეაქო აგრეთვე ჩრდილოეთ ევროპის გაზსადენის პროექტი. მაგრამ კანცლერი შეეხო თემებსაც, რომლებზეც ერთსულოვნება არ სუფევს.

[ანგელა მერკელის ხმა] “ჩვენ შევეხეთ აგრეთვე საკითხებს, რომელთა შესახებაც განსხვავებული აზრი გვაქვს, როგორიცაა, მაგალითად, ვითარება ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. მე აღვნიშნე, რომ ყველანაირად შევუწყობ ხელს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ პროგრამებს იმისათვის, რომ პროცესები ამ რეგიონში დადებითად განვითარდეს. ამ საკითხზე დაწვრილებით და გულახდილად ვილაპარაკეთ”, განაცხადა ანგელა მერკელმა მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. პრეს-კონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალ კანონზეც, რომელმაც, ზოგის ვარაუდით, შესაძლოა კიდევ უფრო დაასუსტოს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება.

თუმცა, მოლაპარაკებაზე ყურადღების ცენტრში მაინც ირანის ბირთვული პროგრამა იდგა. ვლადიმირ პუტინმა მიუთითა ამ საკითხში რუსეთისა და დასავლეთის პოზიციების სიახლოვეზე, ამასთან, ყველას ფრთხილად მოქმედებისაკენ მოუწოდა.

გერმანიის კანცლერის ვიზიტს დასავლეთის პრესაში დიდწილად დადებითი შეფასება მოჰყვა. ციურიხის “ტაგეს-ანცაიგერი” წერს: "მერკელი, როგორც ყოფილი “გედეერის” მოქალაქე, იცნობს რუსეთს, მის კულტურას, მის ენას. ეს ბერლინში, შესაძლოა, რუსეთის ახლებურ, უფრო რეალისტურ შეფასებას მოასწავებდეს”.
XS
SM
MD
LG