Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობის პერსპექტივა სულ უფრო ხშირად იპყრობს რუსული


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობის პერსპექტივა სულ უფრო ხშირად იპყრობს რუსული მედიის ყურადღებას. თუ სულ რაღაც ორიოდე წლის წინ რუსეთის

განსაკუთრებული როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსი ჟურნალისტებისთვის უეჭველი იყო, ახლა რუსული პრესა ხშირად წერს კრემლის გაუაზრებელ პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის შედეგებზე. მინდა ერთი ასეთი პუბლიკაცია გაგაცნოთ.

„თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა საყრდენი დაკარგეს“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს 16 იანვრის „ნეზავისიმაია გაზეტა“ პოლიტიკისა და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორისი ურთიერთობების განყოფილების უფროსის სერგეი მარკედონოვის წერილს, რომლის მიხედვითაც, 2005 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკაში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ. კერძოდ, როგორც მარკედონოვი წერს, 2005 წელს კრემლმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ის ერთადერთი მოთამაშე აღარ არის.

ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ, 2005 წელს, მოსკოვი დათანხმდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების თბილისის გეგმაზე და მოიწონა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების იუშჩენკოსეული საგზაო რუკა. 1991 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა პირველად დაადასტურა საჯაროდ, რომ აღარ არის პოსტსაბჭოთა სივრცის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში პოლიტიკური აქციების ექსკლუზიური მფლობელი, რომ ახლა მას მხოლოდ იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც აშშ-ს ან ეუთოს. რუსეთის დომინირება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 2-ში დასასრულს უახლოვდება.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 2-ში ავტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს გულისხმობს, კერძოდ, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბახს. მარკედონოვის აზრით, 15 წლის განმავლობაში კრემლმა ამ თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან საიმედო ურთიერთობების დამყარება ვერ შეძლო. მეტიც, წლების მანძილზე კრემლის პოლიტიკა წინააღმდეგობრივი და ულოგიკო იყო. მაგალითად:

2005 წელს კრემლს აფხაზეთის მიმართ კომპრომისული პოლიტიკა არ გაუტარებია. თუმცა 2004 წელს აფხაზური საზოგადოებისთვის რაულ ხაჯიმბას თავს მოხვევის უშედეგო მცდელობის შემდეგ, მოსკოვმა ვერ შეძლო სოხუმის ახალ ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ე.წ. ხაჯიმბას კომპლექსის გამო - კრემლი ვერ მალავდა თავის იმედგაცრუებასა და პოლიტიკურ შოკს - მოსკოვი მთელი წლის მანძილზე სოხუმის იგნორირებას ეწეოდა. ამ დროის მანძილზე, აფხაზეთის მოსახლეობამ, რომლის 90 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა, აიღო მოწმობა, რომ ის, ამავდროულად, აფხაზეთის მოქალაქეცაა. გარდა ამისა, მოსკოვმა ვერ შეძლო აშშ-ისა და ევროკავშირისთვის ქართულ-ოსური ან აფხაზური კონფლიქტის მისეული ხედვის თავს მოხვევა - მეტიც, უკვე თავად რუსეთშიც ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არის ქართულ-ოსური ან ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისო პოლიტიკის საკითხი, ჩეჩნეთის კი - შიდაპოლიტიკური.

სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი წერს, რომ რუსეთის გავლენის შემცირება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე - ეს კრემლის გაუაზრებელი და არაეფექტური სტრატეგიის ობიექტური და კანონზომიერი შედეგია, რასაც კრემლი უნდა შეურიგდეს.
XS
SM
MD
LG