Accessibility links

logo-print

ვინ აფინანსებს საქართველოში მოქმედ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ ფონდებს


კარგად ცნობილია, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კამპანიაში. ქვეყნის ხელისუფლება ხმამაღლა აცხადებს, რომ ებრძვის კორუფციას

და სხვა სახის ეკონომიკურ დანაშაულებებს, სურს ქვეყანაში გამჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურების აშენება და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად, საქართველოში უპრობლემოდ ფუნქციონირებენ სხვადასხვა ფონდები, რომელთა დაფინანსების წყაროები ბურუსითაა მოცული და რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ფინანსურად თუ მატერიალურად ეხმარებიან.

საქართველოს ხელისუფლებისთვის არაერთ ოპონენტს უსაყვედურია, რომ ქართველი ჩინოვნიკების ხელფასებს ცნობილი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი აფინანსებს. თუმცა ”რეფორმებისა და განვითარების ფონდის” 22 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტიდან 20 მილიონი არა ჯორჯ სოროსზე, არამედ კვიპროსზე, ობშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია ”ოქროს საწმისზე” მოდის. ასეთი სახელწოდების, ცნობილი თუ უცნობი, კომპანიის საქმიანობის შესახებ ინტერნეტშიც კი ვერაფერი მოვძებნე. მასზე ინფორმაციის მოძიება გაუჭირდა სახალხო ფორუმის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მელაშვილსაც, რომელიც ფონდების საქმიანობის შესწავლითაა დაკავებული:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”ძეგლი უნდა დავუდგათ კაცს - გაგვაგებინეთ, ვინ არის. არ გეტყვით, ვერ გეუბნებით და მორჩა. კრიმინალია, კარგი კაცია, ბიზნესმენია, აფერისტია - ვინ არის... უკვე როდესაც ასეთ მიდგომას აწყდები, ყოველგვარ საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე ლაპარაკი ზედმეტია.”

”ოქროს საწმისის” და სხვა დონორების წარმომავლობის კანონიერების კომენტირებისთვის ფონდის ხელმძღვანელს მარინა ფურცელაძეს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მის ოფისში მისვლის შემდეგ კი მითხრეს, თქვენთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო და ქალბატონი მარინა წავიდაო.

მე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ზურაბ სოსელიასაც დავუკავშირდი და განვითარებისა და რეფორმების ფონდის საქმიანობის კომენტირება ვთხოვე, რადგან ეს ფონდი სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებების, რეფორმების დაფინანსების გარდა, სახელმწიფო მოხელეების მაღალ ჯამაგირსაც აფინანსებს.

[ზურაბ სოსელიას ხმა] ”რადგან საბიუჯეტო შემოსავლები არ არის, ჩვენ კერძო შემოსავლების შემოწმების უფლება არ გვაქვს.”

სამაგიეროდ, კონტროლის პალატას უფლება აქვს ისეთი ორგანიზაციის შემოწმებისა, რომელიც სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებს გასცემს ანდა განათლების რეფორმას აფინანსებს.

[ზურაბ სოსელიას ხმა] ” შრომის ანაზღაურების მუხლით არც ერთ სამინისტროში არ გასულა. ეს გადიოდა როგორც გრანტი იმავე საქმიანობისთვის, რა საქმიანობასაც ეწეოდა. ჩვენი კანონმდებლობა ცნობს ამას და 2 პროცენტით იბეგრება ასეთი გრანტი.”

გრანტის დონორის შემოწმების უფლება კი კონტროლის პალატას არ გააჩნია. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, ვისი სახსრებით ფინანსდება საქართველოს მთავრობის წევრთა ყოველთვიური მაღალი ჯამაგირი და სხვადასხვა დონის სახელმწიფო პროექტები. ოპოზიციონერი ირაკლი მელაშვილი მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”კვირაში ორჯერ კაცი მიდიოდეს ბანკში და 2 მილიონიან გადარიცხვებს აკეთებდეს, ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს არ არის არანაირი ბიზნესის ფული. და ბადებს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს გათეთრებული ფული. შეიძლება ეს იყოს თანხა, რომელიც უკანონო გზით იქნა საქართველოში ამოღებული და ოფშორული ზონის გავლით უკანვე დაბრუნდა ქვეყანაში, ანუ მოხდა მისი ლეგალიზება.”(სტილი დაცულია)

ასეთი ფინანსური ოპერაციების კანონიერების კომენტირება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს ანა დოლიძეს ვთხოვე.

[ანა დოლიძის ხმა] ”ძალიან ბევრი მათგანი სერიოზული კითხვის ნიშნის დასმას საჭიროებს, რადგან ეს არის ისეთი შემოწირულობები, რომელთა უკან ვინ დგას, ძალიან რთულია მათი დადგენა. ცალსახად ასეთი ტიპის ერთეულები შეიძლება გამოყენებული იქნას ფულის გათეთრების საშუალებად.”(სტილი დაცულია)

უფრო რთულადაა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს განვითარების კერძო ფონდებში, ისევე როგორც გუბერნატორთა კერძო ფონდებში, რომელთა დაფინანსების წყაროებთან ერთად, გასაიდუმლოებულია გაწეული ხარჯებიც.
XS
SM
MD
LG