Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ


თბილისის ცენტრში, კოსტავას 14-ში, განთავსებული ორგანიზაციები - ძირითადად, ტელეკომპანიებისა და გაზეთების რედაქციები - ეკონომიკური განვითარების

სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც გამომცემლობა „სამშობლო“ აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს. პრივატიზების დეპარტამენტის ცნობით, 20 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდება თბილისში, კოსტავას 14-ში, მდებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამშობლო“, რომლის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილი 100 პროცენტია. აუქციონის ჩატარების თარიღად დასახელებულია 2006 წლის 3 მარტი, საღამოს 6 საათი. თუმცა კოსტავას 14-ში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ საპროტესტო გამოსვლებით ხელისუფლებას განზრახვაზე ხელს ააღებინებენ. მოგითხრობთ 17 იანვარს გამართული აქციის შესახებ.

[ისმის ხმაური]

ამ უცნაურ ხმებს სასტვენებითა და სათამაშო საყვირებით შეიარაღებული აქციის მონაწილენი გამოსცემენ. ორგანიზატორებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. დავით აქუბარდიამ, ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა და წამყვანმა, აქციის მსვლელობისას 200-მდე საყვირი დაარიგა.

[დავით აქუბარდიას ხმა] „200 ცალი საყვირი დავარიგე უკვე, გამითავდა, მეტი აღარ მაქვს. ისე, დამიჯერეთ, კარგი საშუალებაა. ამერიკული სისტემაა. კონსულტაციები გავიარეთ.“

თუმცა, როგორც ჩანს, კონსულტაციები ყველას არ გაუვლია. ყოველ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა, სხვებთან შეუთანხმებლად, კოსტავას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტა. საქმეში პოლიციის თანამშრომლები ჩაერივნენ.

[პოლიციელის ხმა] „გადაბრძანდით, რომ ტრანსპორტს მოძრაობის საშუალება მიეცეს. გადაბრძანდით და არ დაარღვიოთ საზოგადოებრივი წესრიგი, ნუ ჩაკეტავთ გზის სავალ ნაწილს.“

აქციის მონაწილენი, სასტვენებისა და სათამაშო საყვირების გარდა, ტრანსპარანტებითაც იყვნენ შეიარაღებულნი.

[ლევან ბაბუხადიას ხმა] „ამ პლაკატზე წერია: „ნუ დაგვიღამებთ “დილას!”

ლევან ბაბუხადია, რომელიც 12 წელია ჟურნალ „დილაში“ მუშაობს, ამტკიცებს, რომ საბავშვო გამოცემის რედაქციას მისამართი დაარსების დღიდან არ შეუცვლია, თუმცა ახლა:

[ლევან ბაბუხადიას ხმა] „აპირებენ ამ შენობის გაყიდვას და ჩვენ, ერთ-ერთი ძირძველი რედაქცია, „დილის“ რედაქცია, ვრჩებით ქუჩაში. „დილამ“ 100 წლის იუბილე გადაიხადა შარშან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ შენობაში იმყოფებოდა.“

აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ გამომცემლობა „სამშობლო“ ჟურნალისტებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უნდა დაუთმოს. „სამშობლოს“ აუქციონზე გატანით, ათობით გაზეთი და ჟურნალი დაიხურება, - ამბობენ კოსტავას 14-ში მდებარე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელისუფლებას სიჯიუტისა და უკმეხობის გამო უსაყვედურებენ.

[აქციის მონაწილის ხმა] „არავინ გველაპარაკება. არ ვიცით პრეზიდენტი და მთავრობა გვყავს თუ არა. ჩვენთვის არავინ არ არის. ხომ უნდა დაგველაპარაკონ, ზედ გვაცვია და გვიყიდიან? არ უნდა გვითხრან, თქვენ შეისყიდეთო, თუ პრესას კეთილად უყურებენ, თუ კეთილი საქმე უნდათ? მაგრამ ასეთი ხალხი რომ არ ჩანს...“

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ სულ მალე „დილისა“ და კიდევ ასამდე სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ახალი შენობების მოძებნა მოუწევთ. დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე აუქციონის გაუქმებასა და ფასის დაკლებას არ აპირებს, უფრო - პირიქით:

[ილია გოცირიძის ხმა] „ერთი რამ მინდა ვთქვა და დავადასტურო: ფასს განსაზღვრავს ბაზარი.არ არის გამორიცხული 20 მილიონიანი ობიექტი გახდეს 30 ან 35 მილიონიანი. ყველა ფასი განისაზღვრება ბაზრის მიხედვით. ჩვენ ვიძახით, მისი საწყისი ღირებულება არის 20 მილიონი დოლარი და ეს არის ქვედა ზღვარი. ზედა ზღვარს დაასახელებს მყიდველი.“(სტილი დაცულია)

პასუხად, გამომცემლობის თანამშრომლები ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ, უფრო მასშტაბურ აქციებს მოაწყობენ და „სამშობლოს“ არავის დაუთმობენ.

[აქციის მონაწილის ხმა] „ბევრი მაქვს სათქმელი. პრესაში დიდი ხანია ვარ. “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება“.
XS
SM
MD
LG